Accessibility links

logo-print

გალის რაიონს არჩევნებისთვის ამზადებენ


გალი-ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი

გალი-ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებული გალის რაიონში ხუთ საარჩევნო შტაბი განთავსდება. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, თითო-თითო საარჩევნო უბანი გალის რაიონის სამ სოფელში - ჭუბურხინჯში, ოტობაიასა და განახლებაში განთავსდება, ხოლო ორი - ქალაქ გალში. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა აცხადებს, რომ „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის 3200 მაცხოვრებელი მიიღებს მონაწილებას. სწორედ ამ რაოდენობის ადამიანს აქვს აღებული ე.წ. აფხაზური პასპორტი,“ – ამბობს კილანავა.

გალის რაიონში საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაგრამ არა ისე აქტიურად, როგორც ეს სოხუმში ან სხვა ქალაქში ხდება. გალში ჯერჯერობით არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჩასულა. საარჩევნო კამპანიას იქ სოფლის რწმუნებულები ატარებენ, – უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე კილანავამ.

ოკუპრებული ოტობაიას მკვიდრი, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით, იტყობინება, რომ მიუხედავად დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დიდი სურვილისა, გალის სოფლების მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება საბჭოთა პასპორტითა და ფორმა # 9-ით, რომლითაც გასულ არჩევნებში მონაწილეობდნენ, აფხაზური ოპოზიციის მოთხოვნით აკრძალულია. რესპოდენტის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას ვერც ის მასწავლებლები და ექიმები მიიღებენ, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტის აღებას აიძულებდნენ.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატები არიან: მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, დე ფაქტო მთავრობის ოპოზიციონერი ბესლან ბუთბა, ფილოსოფიისა და მეცნიერების დოქტორი ვიტალი ბგანბა და ბიზნესმენი, სახელმწიფო კომპანია "აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლის" ხელმძღვანელი ზაურ არძინბა.
XS
SM
MD
LG