Accessibility links

logo-print

ბიზნესმენები შრომის კოდექსის ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან


საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის კონფერენცია

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის კონფერენცია

ახლახან შექმნილმა „საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც უნდობლობას უცხადებს შრომის კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს. ასოციაციის აზრით, პროცესი გამჭვირვალე არ არის და საკანონმდებლო პროექტის მომზადებისას მხოლოდ პროფკავშირების ინტერესების ლობირება ხდება. რატომ გადაწყდა შრომის კანონმდებლობის შეცვლა და რა იწვევს ბიზნესმენების შეშფოთებას?

მაშინ როდესაც ჩვენ კრიზისის პერიოდში კბილებით ვიცავთ ყოველ სამუშაო ადგილს, ცვლილებების მცდელობა საფრთხეს უქმნის ამ სამუშაო ადგილებს, აგრეთვე მათ ლეგალიზაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
„ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის პროექტის მომზადების ”პროცესი მთლიანად მიმართულია მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების კერძო ორგანიზაციული ინტერესების ლობირებაზე”. ასოციაციის დასაქმების და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ახალაძის აზრით, დაუშვებელია შრომით კოდექსში იმ ცვლილებების შეტანა, რომელთაც საქართველოს პროფკავშირები მოითხოვენ.

”მაშინ როდესაც ჩვენ კრიზისის პერიოდში კბილებით ვიცავთ ყოველ სამუშაო ადგილს, ცვლილებების მცდელობა საფრთხეს უქმნის ამ სამუშაო ადგილებს, აგრეთვე მათ ლეგალიზაციასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. წარმოდგენილი ცვლილებები გამოიწვევს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვან გაუარესებას და ერთადერთი მოსარგებლე ამ ცვლილების იქნება პროფკავშირული ნომენკლატურა”, - განაცხადა მან.

ახალაძის აზრით, დღევანდელ კრიზისულ პერიოდში საქართველომ უნდა გამოიყენოს ავსტრალიის, დანიისა და სხვა ქვეყნების მაგალითი, იმ ქვეყნებისა, სადაც შრომის კანონმდებლობა საქართველოზე ბევრად უფრო ლიბერალურია და უმუშევრობაც - ბევრად დაბალი.

საქართველოს შრომითი კოდექსის ძირითად პრინციპს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის გარიგება წარმოადგენს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა დისკრიმინაციულია:

ირაკლი პეტრიაშვილი
”მე ბიზნესმენებს ნაკლებად ვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც დისკრიმინაციულ კოდექსს ტაშს უკრავენ ან მონათმფლობელური განწყობები აქვთ. მე, პირიქით, ხელს ვუწყობ, რომ ბიზნესი ყვაოდეს საქართველოში, მაგრამ ბიზნესი ვერ აყვავდება, თუ იქნა დესტაბილიზაციის წყარო. ერთ-ერთი ასეთ წყაროა შრომის კოდექსის შუასაუკუნებრივი სტანდარტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის.”

ამ პოზიციიდან გამომდინარე, პროფკავშირებმა შრომის კოდექსის ახალი პროექტი მოამზადა, რომელშიც დასაქმებულთათვის სხვადასხვა სახის გარანტიები ჩაიდო. მათ შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე საუბრობს. მისი აზრით, პროექტის ზოგიერთი მოთხოვნა მეწარმეებს დააზარალებს:

”ჩვენ დავუწესოთ მეწარმეს, ორი თვის ხელფასი მისცეს სამსახურიდან დათხოვნისას. არ ვიცი, ეს როგორ იმოქმედებს. ეს უნდა ვკითხოთ მეწარმეებს. კაცმა, რომელმაც იცის, რომ ორთვიან ხელფასს აიღებს, ორ თვეს იმუშავებს და შემდეგ საკუთარი ინიციატივით გაწყვეტს ხელშეკრულებას, თან ეს უფლება ჩადებულია პროექტში.”

კაცმა, რომელმაც იცის, რომ ორთვიან ხელფასს აიღებს, ორ თვეს იმუშავებს და შემდეგ საკუთარი ინიციატივით გაწყვეტს ხელშეკრულებას
„ბიზნესმენთა ასოციაცია“ სწორედ კოდექსის მომზადების პროცესში ჩართვას ითხოვს - იმას, რასაც ოთარ თოიძე ამბობდა. მაგრამ კონსულტაციები მხოლოდ 3 მხარეს შორის მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა, პროფკავშირების გაერთიანება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის ახალი კოდექსის პროექტს უკვე ერთი წელია ამზადებენ.

მთავრობა ამ პროცესში ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ჩაერთო. შარშან, ვაჭრობის შეღავათიანი სისტემის - ”ჯი-ეს-პი პლუსის” - გაგრძელებისთვის საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის იმპლემენტაცია უნდა მოეხდინა - იმ კონვენციებისა, რომლებიც შრომით ურთიერთობებს ეხება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ევროპელები, დაახლოებით, ერთ წელიწადში გადახედავენ:

კახა გოგოლაშვილი
”თუ გამოჩნდება, რომ საქართველო რეალურად პროგრესს არ აჩვენებს, მაშინ, შესაძლოა, შეაჩერონ „ჯი-ეს-პი პლუსის“ მოქმედება. ამიტომ ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი კოდექსის ყველა მუხლი საერთაშორისო კონვენციებთან.”

შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში მოუწევს არჩევანი გააკეთოს ”ჯი-ეს-პი პლუსის” შენარჩუნებასა და ლიბერალური ბიზნესგარემოს არსებობას შორის.

როგორც ცნობილია, საქართველომ სხვა რეფორმებთან ერთად, შრომითი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შედეგად, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბიზნესის წარმოებისა და ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგებში. ლიბერალიზაციამ კი წინა წლებში ეკონომიკის სწრაფი ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG