Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და სააკაშვილმა


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, თბილისი 23 ივლისი 2009
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, თბილისი 23 ივლისი 2009
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შინაარსის ფართო ფორმულირებას გვთავაზობს, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები ”დემოკრატია”, მაშინ როცა ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის მთავარ თემად თეთრი სახლი დემოკრატიულ რეფორმას ასახელებს. გაძლიერდა თუ არა შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი?
თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა იმისთვის, რომ ესაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ გამოეხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეების მიერ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებათა დაცვას და მხარეებს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობას იმისთვის, რომ შესრულდეს ვარდების რევოლუციისგან მიღებული დაპირება.”

საკითხის განსხვავებული ფორმულირება გვხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე სააკაშვილი-ბაიდენის სატელეფონო საუბრის შინაარსს გვაცნობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი აქ იგულისხმება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაა ნახსენები. როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია თანამშრომლობას დემოკრატიის სფეროშიც გულისხმობს.

ასეა თუ ისე, ბაიდენის მხრიდან საქართველოსთვის ”ვარდების რევოლუციის დაპირებების” შესრულების შეხსენებას ექსპერტთა ერთი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო დროს გაძლიერებული ინტერესის კიდევ ერთ გამოვლინებად თვლის. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ვაშინგტონის უკმაყოფილების კონტექსტში ინკოგნიტო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იხსენებს:

გოგი ხუციშვილი
”პირდაპირ ასე ითქვაო, რომ არაფერი არ იცვლებაო, ქმედითი ზომები არ არის მიღებულიო და ის, რაზეც ადრე შევთანხმდით, დავიწყებულიაო; გვეყოფა ამასთან შეგუებაო, - აი, ასე იყო ნათქვამი ობამას ადმინისტრაციის მიერ. ყოველ შემთხვევაში, ერთმა წყარომ ამერიკიდან ასეთი ინფორმაცია მომაწოდა... ამის შემდეგ ამერიკის მხრიდან მეტი ყურადღება იქნებაო, რომ ეს საკითხები ფორმალურ რეჟიმში არ იყოს გადადებული და მართლა იყოს ამ საკითხებზე პასუხი გაცემულიო.”

მსგავს ინფორმაციაზე არაფერს ამბობს, მაგრამ შეერთებული შტატების მხრიდან ინტერესის გაძლიერება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემაც შენიშნა შეხვედრაზე, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა მაიკლ პოსნერმა და თინა ქეიდენაუმ თბილისში სტუმრობის დროს მე-3 სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართეს. ქაროსანიძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი სტუმრების კითხვები ”არ იყო ზოგადი კითხვები და ფაქტი იყო, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ფაქტი იყო, რომ ისინი პრობლემების საკმაოდ დიდ ნაწილს ეთანხმებოდნენ.” თამარ ქაროსანიძემ შენიშნა ამერიკის მხარის სურვილი - შეხვედრის მონაწილეებისგან მიეღოთ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც ისინი ყურადღებით ინიშნავდნენ. სხვათა შორის, 17 ნოემბერს გამართული ამ შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილეები განსაკუთრებული მონდომებით სვამდნენ შეკითხვებს და განსაკუთრებული ყურადღებით იწერდნენ ყველაფერს.

მსგავსი შეხვედრების დროს კითხვების დასმისა და პასუხების ყურადღებით ჩანიშვნის რეჟიმი არაფრით აკვირვებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს. მას არ შეუნიშნავს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი ინტერესის საგანგებო გაძლიერება.
აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ყურადღება და ინტერესი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც ”პრიორიტეტული პარტნიორისადმი”, ყოველთვის არსებობდა და ამას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაც ადასტურებს. ”აქ არა მხოლოდ დემოკრატიაზეა საუბარი, აქ არის ლაპარაკი უსაფრთხოებაზეც, კულტურაზეც... ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი დემოკრატიული რეფორმების, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. ეს ჩვეულებრივი პროცესია და რაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება ყველა სფეროში, უფრო უკეთესი იქნება”, - აღნიშნავს აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, საგრძნობი წინსვლის მიუხედავად, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამაზე არავინ დავობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG