Accessibility links

logo-print
რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც ის არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს? - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხზე საუბრისას. როგორც რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის თბილისის ოფისიდან აცნობეს, მომავალ კვირას იგეგმება საქართველოში თომას ჰამარბერგის ვიზიტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ თავად დაუსვან მას კითხვები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

”რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს?” -კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამარბერგის ობიექტურობა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა 20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც ის ტირძნისიდან 4 ნოემბერს გატაცებული 4 მოზარდის გათავისუფლების საკითხზე საუბრობდა.

მინაშვილის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ამგვარი განცხადებები, - თქვა მან, - საკმაოდ საფრთხილოა და ეს მოსაზრება საზოგადოებამ არ უნდა აღიქვას ისე, თითქოს ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს უპირისპირდებიან, თუმცა ცხადია, რომ ამგვარი ფაქტები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გარკვეულ ტესტს წარმოადგენს, - დასძინა მან და ყველა ამ ორგანიზაციას აქტიურობისაკენ მოუწოდა.

კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა ევროკავშირის წარმომადგენლებსა და კონკრეტულად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს თომას ჰამარბერგს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. როგორც ის აცხადებს, დადგა დრო ევროსაბჭომ უკვე ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მოზარდების გათავისუფლების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.

მე ვიცი, რომ თომას ჰამარბერგი ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს, მაგრამ ამ პრობლემას, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაერქვას კონკრეტული სახელი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. ის არასაკმარისად მიიჩნევს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამარბერგის მუშაობას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც რადიო თავისუფლებას სტრასბურგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის ოფისში განუცხადეს, ის ფაქტი, რომ თომას ჰამარბერგი განცხადებებს არ აკეთებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედოდაა. თბილისში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მრჩეველი საბრინა ბუშლერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს: ”ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ. უბრალოდ, შეგვიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია ბატონ ჰამარბერგის ვიზიტი საქართველოში, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ პირადად მისგან მოისმინონ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით.”

ზუსტად ერთი კვირის წინ რადიო თავისუფლება სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს ტირძნისელი მოზარდების საკითხზე ესაუბრა. როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, თომას ჰამარბერგი აქტიურად არის ჩართული აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

მეტი დიპლომატიურობისაკენ მოუწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, დიპლომატიას არ შეეფერება ყოველი ნაბიჯის სახალხოდ განცხადება. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების პრობლემის მოგვარებაში საქართველოს ისევ და ისევ ევროსტრუქტურები დაეხმარებიან.

თომას ჰამარბერგი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თანამდებობაზე 2005 წელს აირჩიეს. აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ის ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, წამყვან პოზიციებზე როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

თომას ჰამარბერგმა 2008 წელს აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობაზე სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა.

როგორც მან ზუსტად ერთი წლის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ის ყოველთვის ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი: ”ვფიქრობ, ასეა. თუ არ ვცდები, მე ვარ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფიდან, ვისაც აქვს შესაძლებლობა ორივე მხარეს დაეხმაროს, მაგალითად, ტყვეების გაცვლის საკითხში. საერთაშორისო საზოგადოებრიობის პასუხისმგებლობის სფეროების განაწილებას, ვფიქრობ, აქვს უპირატესობა. ერთნი დიპლომატიური საქმიანობით არიან დაკავებული, რომ საკითხის პოლიტიკურ გადაჭრას მიაღწიონ, სხვები წმინდად ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან. მე მეორე ჯგუფში ვარ.”
XS
SM
MD
LG