Accessibility links

ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველო გატაცებული ბავშვებით ხვდება


20 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღეს და გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციის დღეს აღნიშნავს. ამ კონვენციას მსოფლიოს 193 ქვეყანა უერთდება, მათ შორის - საქართველო და რუსეთი. 1959 წლის 20 ნოემბერს გაერომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღო, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას კი 1989 წელს მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტებით მსოფლიო თანხმდება, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, მსოფლიოში ყოველწლიურად, სხვადასხვა მიზეზით, მილიონობით ბავშვი იღუპება. საქართველო წელს ამ თარიღს განსაკუთრებული პრობლემით ხვდება: ოთხი ქართველი მოზარდი, გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან, დღემდე ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული და მათი გათავისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ცხინვალში დაპატიმებული ქართველი მოზარდები
სოფელ ტირძნისში მცხოვრები ოთხი ქართველი მოზარდი ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში მინიმუმ ერთი თვისა და 20 დღის განმავლობაში დარჩება - ეს ბოლო ინფორმაციაა, რომელიც მედიაში 19 ნოემბერს, ბავშვების დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ, გავრცელდა. კონფლიქტის ზონიდან ათიოდე კილომეტრში მცხოვრებმა ბავშვებმა ომით გამოწვეული სტრესი ერთი წლის წინ, აგვისტოში, უკვე გადაიტანეს, გიორგი რომელაშვილის, ალეკო ცაბაძის, ვიქტორ ბუჩუკურისა და ლევან ხმიადაშვილის გათავისუფლების ზუსტი თარიღი კი დღეს ცნობილი არ არის. იმ დროს, როდესაც მსოფლიო 20 ნოემბერს ბავშვთა დღეს აღნიშნავს და კონვენციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს, გიორგი რომელაშვილის დედა, ლელა მდინარაძე, შვილისგან წერილს ელის, რამდენიმე ფრაზას, რომ გაიგოს როგორ არის მისი შვილი: ” იცით, ეს რა საშინელებაა.. იცი, რომ არის სხვაგან, არის ტყვე და თან ენა არ იცის...”

ომგამოვლილი ბავშვები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ისედაც გამუდმებულ შიშში ცხოვრობდნენ: ” 2008 წლის ომმა მთელი სოფელი შეძრა, თავზე გადაგვდიოდა ტყვიები, სულ იყო შიშის ფაქტორი და ბავშვები განსაკუთრებით შეშფოთებულები იყვნენ, ვერ გაეგოთ რა ხდება.”

გარდა იმისა, რომ ბავშვი შეესწრო დაბომბვას, გვამები ნახა და ეს ზემოქმედებს, ის უყურებს დედის რეაქციას და მშობლის უმწეობა კიდევ უფრო დამანგრევლად მოქმედებს ბავშვზე
სანამ ტირძნისელი ბავშვები ცხინვალის ციხეში რჩებიან, მანამ ბავშვთა უფლებებზე საუბარი საქართველოში, ალბათ, ამ თემით დაიწყება. ფსიქოლოგების პროგნოზი არც ისე საიმედოა: ასე მოკლე პერიოდში ორი ამ სიმძიმის სტრესის გადატანა მოზარდებს გაუჭირდებათ. ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ერთ-ერთია იმ ფსიქოლოგთა შორის, რომელთაც ომის შემდეგ კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებთან მოუწიათ მუშაობა. ცხინვალის ციხეში მყოფი ტირძნისელი გიორგი რომელაშვილი ერთ- ერთი მათგანია. ქეთი თავართქილაძე ამბობს, რომ ეს მათთვის ომის შემდეგ დამატებითი და უძლიერესი სტრესი იქნება:

”ეს სტრესი იწვევს სტრესულ აშლილობას, რომლის მკურნალობა არ არის ერთი და ორი დღის საქმე. არა აქვს მნიშვნელობა იქ სცემდნენ თუ არა. ფიზიკური ძალადობა არ არის მხოლოდ ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლები წნეხია.”

გლობალური მოვლენებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესზე საუბრობს კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილიც. ასეთ დროს, მისი თქმით, ბავშვის რეაქცია სამნაირი შეიძლება იყოს: ბავშვი გახდეს პასიური, ანუ გაიჭედოს მსხვერპლის მდგომარეობაში და ყველაფერი დათმოს; შესაძლოა ბავშვმა, უბრალოდ, იზოლაციაში მოაქციოს თავისი თავი, მოტივით - თუ ყველა თავს დამანებებს, ვერაფერს მავნებენ, და მესამე შესაძლო რეაქცია უკვე აგრესიულობა, ძალადობრივი სტილის შემუშავებაა: ”შარშან, ომის მოვლენების დროს, კარგად გამოჩნდა, რომ თვითონ მშობლებს, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შესწევდათ ძალა, რომ ყურადღება მიექციათ ბავშვებისთვის - ეს იმ დროს, როდესაც ბავშვი ძალიან არის დამოკიდებული მშობლის, დედის რეაქციაზე, ანუ, გარდა იმისა, რომ ბავშვი შეესწრო დაბომბვას, გვამები ნახა და ეს ზემოქმედებს, ის უყურებს დედის რეაქციას და მშობლის უმწეობა კიდევ უფრო დამანგრევლად მოქმედებს ბავშვზე.”

ნატო ზაზაშვილი ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ტრავმის შედეგების დაძლევის საკუთარი რესურსი. თუმცა ტირძნისელი ბავშვების შემთხვევა განსაკუთრებულია: ”გააჩნია, რა პირობებში არიან იქ. თუ ნორმალურად ეპყრობიან და აქვთ დაცულობის შეგრძნება და იმედი, რომ მათზე აქედან ზრუნავენ, მოკლედ, მხარდაჭერაა შორიდან, ეს იქნება ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს ბიჭები უფრო სწრაფად მოერიონ და დაძლიონ სიტუაცია.”

ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დასახლება
ფსიქოლოგიური სტრესი დევნილმა და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრებმა არაერთმა ბავშვმა გადაიტანა. ომის შემდეგ დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის რეაბილიტაციაზე საუბრობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც. მონაცემები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ამ კუთხით დაიდო, საკმაოდ საგანგაშო იყო: ”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა უმრავლესობას ჰქონდა ფსიქოლოგიური ტრავმა და განსაკუთრებით მძიმედ იტანენ ამას ბავშვები, როდესაც მათ უხდებათ საკუთარი სახლ-კარის მიტოვება და ხედავენ როგორ კვდება ადამიანი მათ თვალწინ. გადაიდგა აქტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით, კერძოდ, რომ ფსიქოლოგებს განსაკუთრებული დატვირთვით ემუშავათ შიდა ქართლში, რომ მომხდარიყო როგორმე მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რადგან პოსტტრავმატული სინდრომი ბევრს ახასიათებდა. უცხოელი დონორებიც იყვნენ ჩართული ამ მიმართულებით, რომ ეს პრობლემა როგორმე ნაწილობრივ მაინც გადაჭრილიყო.”

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვეუბნება, საქართველოში დავმარხეთ ბავშვის უფლებათა კონვენცია, კონსტიტუცია, ადამიანური ღირებულებები და დაგმარხეთ მთლიანად საქართველოო
მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი და ბავშვის უფლებათა კონვენციის ექსპერტი ზვიად მიმინოშვილი ამბობს, რომ, ბავშვთა დაცვის კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ინტერესები და, პირველ რიგში, ეს ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს: ”სახელმწიფოს ვალდებულება - მიიღოს ყველა შესაძლო ზომა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისათვის, ამავე კონვენციის მეოთხე მუხლით, აქვს ნაკისრი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციას. ხოლო მეთერთმეტე მუხლის მიხედვით, ასევე სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები იმ ძალების მიმართ, ვინც ბავშვის მოტაცებას, ქვეყნიდან არალეგალურად გაყვანას იყენებს თავისი სამეზობლო თუ საერთაშორისო ურთიერთობების დროს.”

ბავშვი და მის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა არის სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, ეს სახელმწიფო დემოკრატიული ღირებულებების რეალიზებისაკენ არის მიმართული თუ არა. ხოლო კურსი, ზვიად მიმინოშვილის შეფასებით, პოლიტიკა, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი ატარებს, ფაშიზმისა და ტოტალიტარული რეჟიმების გაჩენის ეპოქებს ახსენებს: ”ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვეუბნება, საქართველოში დავმარხეთ ბავშვის უფლებათა კონვენცია, კონსტიტუცია, ადამიანური ღირებულებები და დაგმარხეთ მთლიანად საქართველოო, რაც არის ძალიან გულდასაწყვეტი და საგანგაშო, რადგან რეალობას ვერ აღიქვამს ადეკვატურად ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.”

იქნებ საქართველოს სკოლებისა და უნივერსიტეტების მასშტაბით დაიწყოს აქციები, პირველ რიგში, ტირძნისელი ბავშვების მიმართ ბავშვთა კონვენციის ძირითადი მუხლების დაცვის მოთხოვნით, - ფიქრობს ზვიად მიმინოშვილი. ეს, ამავე დროს, იქნება გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ სანამ ეს კონფლიქტი არსებობს, საქართველო და მისი ბავშვები მსგავსი ინციდენტებისგან მომავალშიც არ იქნებიან დაცულნი.
XS
SM
MD
LG