Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება დაიწყო


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
აშშ-ის სამთავრობო დელეგაციას, რომელიც დემოკრატიულ პროცესებზე მსჯელობის მიზნით ამ კვირაში საქართველოში იმყოფებოდა, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ოპოზიცია პოლიტპატიმრების პრობლემაზეც ესაუბრა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მსგავსი პრობლემა არ არსებობს. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების ერთი ნაწილის საქმეთა გამო ბოლო ხანს საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მოსამართლეებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს არაერთი წევრი იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც თბილისში 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ. დღეს უკვე ყოფილი პატიმრები, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ აქციების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკავა. გორში დაპატიმრებულ დავით გუდაძეს, რომელიც ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრია, საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა აგვისტოში მიუსაჯა. როგორც მისი ადვოკატი, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი რევაზ რევაზიშვილი ამბობს, ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება პოლიციელთა ჩვენებები იყო. რაც შეეხება თავად ამ მტკიცებულებას, ადვოკატის ცნობით, პოლიციელთა მიერ აღწერილი გარემოებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ეწინააღმდეგებოდა მათსავე ჩვენებებს, რომელიც როგორც წინასწარ გამოძიებას, ასევე სასამართლოს მისცეს. ”ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მოესმინათ, სასამართლო მაშინვე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა”, - ამბობს რევაზ რევაზიშვილი. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ ყურადღება არც იმას მიაქცია, რომ ხელყუმბარაზე, რომლის შეძენა-შენახვის ბრალდებით დავით გუდაძე დააპატიმრეს, მისი თითის ანაბეჭდები ექსპერტიზას არ აღმოუჩენია. საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, პატიმრობის გარდა, ალტერნატიული სანქციით - ჯარიმით ისჯება. დავით გუდაძე ამ კვირაში სწორედ 2 ათასი ლარით დააჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც გორის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო ინსტანციის მოსამართლე გორელ კოლეგას მხოლოდ სასჯელის ფორმის გამო არ დაეთანხმა, გუდაძის დამნაშავედ ცნობის განაჩენი კი უცვლელად დატოვა. ანალოგიური სცენარით, ანუ პატიმრობის ჯარიმით შეცვლის გადაწყვეტილებით, დასრულდა კონსერვატიული პარტიის, „ეროვნული ფორუმის“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ და პარტია „თავისუფლების“ დაპატიმრებულ წევრთა სასამართლო პროცესებიც. ადვოკატ რევაზ რევაზიშვილის დაკვირვებით, მსგავსი პრაქტიკა ქართულ სასამართლოში სიახლეა. ის ფიქრობს, რომ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გასათავისუფლებლად სასამართლო გარკვეულ შუალედურ გადაწყვეტილებებს იღებს. ”ზოგადად, არანაირ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება ის, რაც ხდება. გადაწყვეტილებები აბსოლუტურად იდენტურია, ერთი ხელწერაა. თითქოს, სადღაც ერთი გადაწყვეტილებაა მიღებული და ახლა მისი სამართლებრივად გაფორმება ხდება. პროცესის დაწყებამდე გვქონდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ზუსტად ასე მოიქცეოდა, გამოიყენებდა 2 ათასიან ჯარიმას და დარბაზიდან გაათავისუფლებდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა. სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა წევრების გათავისუფლების ბოლოდროინდელ ტენდენციას კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, უკავშირებს ე.წ. ადამიანის უფლებათა დიალოგს, რომელიც, მისივე განცხადებით, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს. ”ეს არის საქმეთა ზოგადი მიმოხილვა და რაიმე პირდაპირი სანქციის მაგვარსაც კი არაფერს ითვალისწინებს. მაგრამ მთავარი, რაც ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემური იყო, ის არის, რომ თვითონ ამგვარი დიალოგის სტატუსია დამამცირებელი და იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ისეთივე პრობლემებია, როგორიც ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ.”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კუკავამ. მისივე შეფასებით, გაზაფხულზე დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ძირითადად, იარაღის და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული ადამიანები ევროკავშირთან დიალოგისას ხელისუფლებისთვის იქცა ერთგვარ ზედმეტ ტვირთად, რომლისგანაც ამჟამად თავისუფლდება, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც, კახა კუკავას თქმით, პოლიტიკური ნიშნით გაცილებით ადრე დააპატიმრეს. ბოლო დრომდე ოპოზიციური პარტიები საქართველოში 65 პოლიტპატიმრის არსებობაზე საუბრობდნენ. ეს თემა რამდენიმე თვის წინ ხელისუფლების და არასაპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ, ”ალიანსი საქართველოსთვის” დიალოგის საგნადაც კი იქცა და მაშინ შედეგად პატიმრობიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება გამოიღო. თუმცა, ოპოზიციის და ზოგიერთი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციისგან განსხვავებით, ხელისუფლება პოლიტპატიმართა პრობლემის არსებობას უარყოფს. ”ეს საკითხი საქართველოში არ შეიძლება სერიოზულად განიხილებოდეს, რადგან რეალურად მსგავსი პრობლემა არ არსებობს” - ასეთი პასუხი გასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ამერიკულ პრესას ბრიფინგზე, რომელიც, აშშ-ის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთად, ამ კვირაში გამართა თბილისში. საქართველოში ამ დელეგაციის, მანამდე კი ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩების ვიზიტს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მხრივ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს კახა კუკავა. თუმცა კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით: ”მაინც ითვლება, რომ საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, ამიტომ ევროკავშირი ერთგვარ ლოიალობას იჩენს. მაგრამ ფაქტები იმდენად აშკარაა, რომ იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ. რაც საქართველოში ხდება, ის რომ რუსეთში ხდებოდეს, ევროპაში გნიასი ატყდებოდა. ეს პოლიტიკური მომენტია. ამიტომ ჩვენ უფრო დიდი დრო დაგვჭირდა, ვიდრე რუსეთს, ბელორუსიას ან აზერბაიჯანს. მაგრამ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ევროკავშირი გადავიდა პოლიტიკურ ზეწოლაზე.” კახა კუკავა ვარაუდობს, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში საქართველოში პოლიტპატიმართა რაოდენობა მინიმუმ განახევრდება. ამასთან, კონსერვატორები აცხადებენ, რომ ახლახან აღმოაჩინეს პოლიტიკური ნიშნით 2007 წლის ნოემბრის მანიფესტაციებისას დაპატიმრებული ადამიანები, რომელთა საქმეებზე საჯაროდ საუბარს მომავალ კვირაში აპირებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG