Accessibility links

logo-print
“ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა”, - წერდა ორშაბათს „კვირის პალიტრა“. და მიმდინარე კვირის განმავლობაში კვლავ მოზარდების ბედი იყო ქართული პრესის ერთ-ერთი უმთავრესი თემა.

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთ „რეზონანსს“ უთხრა:“ოსები ამბობენ, რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და ამიტომაც ჭიანურდება მათი გაშვება. თუმცა იმასაც იძახიან, რომ საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანენ, ისე გაათავისუფლებენ. ეს ინფორმაცია ოსებისგან მაქვს, რამდენად სწორია, არ ვიცი. ამ ბავშვებზე ბევრჯერ ველაპარაკე ოსებს და მითხრეს, რომ ძალიან ალოგიკურები უნდა ვიყოთ - 16 დაჭერილი კაცი გამოვუშვით და ახლა ბავშვებს ვიყენებდეთ საპროვოკაციოდო. ამით თავი რატომ უნდა შეგვერცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშეო. ისინი დაჟინებით გაიძახიან, რომ არის შეკითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს - საიდან მოდიოდნენ, როგორ მოდიოდნენ, რა ჰქონდათ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. შემდეგ კორესპონდენტი ერთ-ერთი ვერსიის თაობაზე სვამს კითხვას: ბავშვები სკოლიდან სათევზაოდ მიდიოდნენ, თევზის დაჭერა ასაფეთქებელი დინამიტებით ჰქონდათ განზრახული და სწორედ ეს თევზსაჭერი “დინამიტები” აქვს ოსურ მხარეს გაბუქებულიო.

“ეს ვერსია არ გამიგია და თქვენგან პირველად მესმის, - პასუხობს პაატა ზაქარეიშვილი. - თუკი მართლა ჰქონდათ ეს ასაფეთქებელი დინამიტები, ეს თავისთავად უკანონო ქცევაა. რომ ამბობენ, კითხვები გვაქვს დარჩენილიო, შესაძლოა ამ ასაფეთქებლებს გულისხმობდნენ. როგორც ჩანს, გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით მიდის: მართლა სათევზაოდ მიდიოდნენ ბავშვები და ამისთვის სჭირდებოდათ ასაფეთქებლები თუ არა. ანუ ეს უნდა დაადასტუროს გამოძიებამ. ამას დაადასტურებს და აუცილებლად გამოუშვებენ...”

“საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად რომ წარიმართოს, ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების - პირველ რიგში, აშშ-ის - დახმარების იმედი აქვს. სწორედ ეს საკითხი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ ოპოზიციასა და აშშ-ის დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე”, - წერდა შუა კვირაში “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ”ამერიკის იმედზე მყოფი ოპოზიცია”.

„ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ “ახალ თაობას” უთხრა: არ ვიცი, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთლიანად საქართველოში, თუ არა არჩევნების გზით, ასევე, არჩევნების გაყალბების საფუძველზე - ქუჩის საპროტესტო აქციებით. ტანკების, ზარბაზნების გზა აღარ უნდა განმეორდეს. დღეს მთელი საქართველოს მოაზროვნე საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ეს შეცდომა იყო და აღარ უნდა განმეორდეს. არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ ინტერვიუში, სათაურით ”ალასანიას ალიანსი პრაიმერზე თანახმაა”.

გაზეთი „ახალი ალიანსი“ კი კვირის ბოლოს წერს, რომ კონსერვატიული პარტიის გენერალური მდივნის კახა კუკავას განცხადებით, მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში თებერვლის ბოლოს ჩატარდება.

ამ კვირაში კვლავ გრძელდებოდა საუბარი ლარსის სასაზღვრო გამშავები პუნქტის გახსნის თაობაზე. ორშაბათს „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა: “რაც შეეხება ლარსის საგუშაგოს, რამდენადაც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან კაპიტულაციაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ამდენად, საომარი მდგომარეობა - შესაბამისად, ურთიერთმტრობა - ორ ქვეყანას შორის კვლავ ძალაშია. ასეთ დროს რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი? თუ ამ საგუშაგოზე ორივე მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი არ დაწესდა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან ბრალდებათა კორიანტელი წამოვა, რაშიც ორივე მხარე კარგად გაწაფული გახლავთ...”

შაბათს კი „რეზონანსი“ პირველ გვერდზე წერს, რომ სტეფანწმინდის მკვიდრნი ლარსის გახსნის წინააღმდეგ გამოდიან და მოხევეებს რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების შიში აქვთ. ” ჩვენი შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან ლარსის გახსნა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს” - ამის ახსნას შეეცდებიან დღეს სტეფანწმინდელები ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ მიტინგზეო, - ვკითხულობთ „რეზონანსში“.

„რეზონანსის“ შაბათის ნომერშივე წაიკითხავთ, რომ “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახი და მეგობრები ნგრევის ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

ნიკა გელაშვილის დედამ, ნუცა თოფჩიშვილმა, გაზეთს უთხრა, რომ კომპანია “არტ-იქსის” თანამშრომელ დავით გვასალიას, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და რომელსაც ბრალი მიუძღვის ორი ადამიანის სიკვდილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი საპროცესო გარიგება დაუდო და საქმე ამით დახურა, რაც, მისი თქმით, უსამართლობა და მკვლელების მფარველობაა.

“სასამართლომ მასხრად აგვიგდო, - განაცხადა ნუცა თოფჩიშვილმა. - მე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა შეიძლება იპოვო სამართალი და არ მეგონა, რომ ასეთ დონეზე აგვიგდებდნენ მასხრად. 7 თვე ველოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდოდა, კანონით დასჯილიყო ის, ვინც მართლა დამნაშავე იყო. ამიტომ მინდოდა სასამართლო და არა ქუჩა, ქუჩაში საერთოდ არ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. ...ეცადნენ, რაც შეიძლებოდა სწრაფად მომხდარიყო ამ საქმის მიჩუმათება. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც კომპანია “არტ-იქსის” უკან დგანან. ალბათ, მათ აფარებენ ხელს, მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას. კიდევ ერთხელ ვცდი პრეზიდენტს მივაწვდინო ხმა და იქნებ გაიგოს, რომ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვ და მეტს არაფერს. მე მყავდა ღირსეული შვილი და მინდა ეს საქმე ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე”, - ვკითხულობთ „რეზონანსის“ შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG