Accessibility links

logo-print

რატომ არის არაპოპულარული დევნილების პრობლემებზე საუბარი


დევნილთა პრობლემებსა და მათი დაბრუნების პერსპექტივებზე ისაუბრეს 21 ნოემბერს თბილისში, ”ახალგაზრდული ფორუმის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც არის გაგრძელება კონფერენციათა ციკლისა ”ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში”. კონფერენციათა ეს ციკლი 26 სექტემბერს დაიწყო და კვლავაც გაგრძელდება.

”დევნილების პრობლემებზე საუბარი არ არის პოპულარული სახელმწიფოში. არავის არ მიაჩნია ეს იმ პრობლემად, რომელზეც აქცენტი გაკეთდება”, - განაცხადა ”ახალგაზრდული ფორუმის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ”იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ლიანა ბერაიამ.

თუმცა კონფერენციაზე შეკრებილი ახალგაზრდების მთავარი მიზანი კონფერენციათა ციკლის ფარგლებში სწორედ კონფლიქტების და, რა თქმა უნდა, დევნილების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და მათ პრობლემებზე საუბარი იყო. როგორც „ახალგაზრდული ფორუმის“ წარმომადგენელი შალვა კიკნაველიძე ამბობს, ინფორმაციის მიღების პროცესი მხოლოდ პირველი ეტაპია აფხაზ ახალგაზრდებთან საერთო ენის გამონახვის, ურთიერთობის აღდგენის გზაზე:

” ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი, როგორ განვითარდა და რა ეტაპზეა დღეს კრიზისი, რომ ჩვენ შევძლოთ აფხაზ ახალგაზრდებთან ლაპარაკი.”

ლიანა ბერაია ამბობს, რომ, მიუხედავად გასული წლებისა, დევნილებისათვის დღემდე პრობლემად რჩება დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები:

”დევნილებს დღემდე უხდებათ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრება, მათ უხდებათ საკუთარი თავის დამკვიდრება იქ, სადაც ცხოვრობენ. ხოლო ფსიქორეაბილიტაციის პრობლემები სწორედ ის პრობლემებია, რომელთა მოსაგვარებლად მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ ადამიანებთან მუშაობა.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ლადო კვატაია ამბობს, რომ დევნილებს სამართლებრივი ხასიათის პრობლემები, ძირითადად, იმ ფართების დაკანონების პროცესში ექმნებათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ერთი შეხედვით უწყინარ პროცესს, ამბობს ლადო კვატაია, თან არაერთი პრობლემა ახლავს:

“დევნილებს გადაეცემათ ის ფართი, რაც ფაქტობრივად უკავიათ და არა ფართი - სულადობის მიხედვით. მაგალითად, თუ ათწევრიანი ოჯახი ათ კვადრატულ მეტრში ცხოვრებას დათანხმდა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მას ესპობა შესაძლებლობა სახელმწიფოსგან სხვა საცხოვრებელი ან კომპენსაცია მოითხოვოს.”

კიდევ ერთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება დევნილების სტატუსი - განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც კოტეჯებზე უარი თქვა და დაპირებული 10 000 დოლარის მოლოდინშია. სანამ ამ თანხას არ მიიღებენ, განსახლებულებად არ ითვლებიან და სტატუსიც არა აქვთ. იგივე პრობლემები აქვთ ისეთ დევნილებს, რომლებმაც ნათესავებს შეაფარეს თავი და კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში არ უცხოვრიათ.

სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ჟურნალისტთა ასოციაცია ”პოსტფაქტუმის” წარმომადგენელი კახა კვაშილავა, რომელიც თავად აფხაზეთიდან დევნილია, დევნილების დაბრუნების პერსპექტივებზე საუბრისას აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაბრუნების პერსპექტივა მეტად სათუო გახდა:

”ომამდე ნამდვილად იყო სახალხო დიპლომატიის რაღაც ელემენტები, მეტი კონტაქტი ინტერნეტით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ეს ურთიერთობა იყო აქტიური, მაგრამ 2008 წლის მოვლენებმა ეს ყველაფერი დაამსხვრია.”

კახა კვაშილავა ამბობს, რომ ომმა სურათი მთლიანად შეცვალა. ერთადერთი გზა, რაც დაბრუნების პერპექტივას გააჩენდა, ისაა, რომ როგორმე საქართველო როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. მისი აზრით, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს უამრავი წყენა ექნება გადასალახი, თუმცა დევნილები ამისათვის მზად არიან:

”ბევრჯერ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც უთქვამს, ოღონდ წავიდე და დავბრუნდე და ყველაფერს დავივიწყებო. ისიც ვიცი, რომ აქაურს დაურეკავს თავის სახლში, სადაც უკვე მისთვის უცნობი აფხაზი ცხოვრობდა და ახალი წელი მიულოცავს.”
და კიდევ ერთი: როგორც ლიანა ბერაია შენიშნავს დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრისას, ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დევნილები მაქსიმალურად ძლიერები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში:
XS
SM
MD
LG