Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მსოფლიოს პრესა ამ კვირაში მთავარ თემებად აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში სტუმრობას და ევროპის კავშირის ორი ახალი მოხელის - პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის - არჩევას მიიჩნევდა. გამოქვეყნდა სტატიები ასევე მსოფლიოში შიმშილის დაძლევის საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრის გარშემო.

კვირის დასაწყისში „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა: „გამოითქვა კრიტიკა, რომ ბარაკ ობამა ჩინეთში ადამიანის უფლებების მიმართ ზედმეტად დუმს. ობამამ დალაი ლამასთან თავისი შეხვედრა ჩინეთში სამიტის შემდგომი დროისთვის გადადო. მაგრამ, გაზეთის აზრით, მცირე კონფრონტაციაზე ორიენტირება გარკვეული დროით ჭკვიანური იქნება. ჩინეთის წარმატება, როგორც ზესახელმწიფოსი, არაა გარანტირებული. უმუშევრობა და შრომის პირობები იქ ისევე დიდი პრობლემებია, როგორც სეპარატისტული მოძრაობა ტიბეტსა და სინიანში. ობამამ უნდა გამოძებნოს გზები, როგორ მიანიშნოს თავის მასპინძლებს ამ ხიფათებზე და, ამას გარდა, კარგი რჩევა იქნებოდა, მეტი გახსნილობა ეჩვენებინა და ნაკლები რეპრესიებისთვის მიემართა, ფიქრობს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

უკვე ვიზიტის შემდეგ, საფრანგეთის გაზეთი „ლე მონდი“ წერდა: როგორ არის ჩინურად უმადურობა? ამით უნდა დაინტერესებულიყო ობამა პეკინიდან გამგზავრებისას, იმიტომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ერთი შეხედვით, ჩინეთის მიმართ თავისი ახლებური ტონის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ასეა ირანის საკითხშიც. ჩინეთის მთავრობას ახალი სანქციების გაგონებაც არ სურს. ასევეა ჩრდილოეთ კორეის საკითხში. როგორც ფხენიანის უმთავრესი საყრდენი, პეკინი თვალს ხუჭავს ჩრდილოეთ კორეის ველურ მუქარებზე. ობამას სტუმრობამ ვერ დაგვანახვა, რომ გაჩნდა ამერიკა-ჩინეთის ორი პოლუსი, რომელიც მსოფლიოს მიმართულებას გვიჩვენებდა. პირიქით, დაასკვნის „ლე მონდი“, გამოაშკარავდა, რამდენად დიდია ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობა.

შვეციაში გამომავალი გაზეთი „სიდვენსკას დაგბლატი“ ამავე ვიზიტს უძღვნის სტატიას და წერს, რომ ობამამ ჩინეთში ირიბად გააკრიტიკა ცენზურაც. ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შედეგი შეზღუდული გამოდგა: ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ შანხაიში სტუდენტებთან ობამას შეხვედრის ჩანაწერი ცენზურაში გაატარა. ობამას კრიტიკა არ წარმოადგენს მის ხაზს - როგორ უდგება ის მასპინძელ ქვეყანას. ობამა დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას კონფრონტაციასთან შედარებით. ამიტომ შეცვალა მან თავისი გეგმა და ჩინეთში გამგზავრების წინ არ შეხვდა დალაი ლამას, რომელიც თვითონ იყო ჩასული აშშ-ში. ობამა არ შეხებია ასევე ტიბეტის საკითხს. ობამას მზად ყოფნა, აღიაროს ჩინეთის ძალაუფლება, გაზეთის თანახმად, საუკეთესო შემთხვევაში, ჩინეთის მთავრობის მხრიდან უფრო საპასუხისმგებლო პოლიტიკას მოიტანს.

რომში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შიმშილობის პრობლემას ეძღვნებოდა, არაერთი სტატია გამოქვეყნდა. ესპანეთის „პაისი“ წერდა: უკიდურესი სიღარიბე კვლავ მწარე რეალობაა მილიარდზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც დღეში ერთ დოლარზე ნაკლებით ცხოვრობენ. შიმშილი და საკვების სიმცირე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ისინი ამით თავიანთ ფიზიკურ და სულიერ განვითარებას ჩამორჩებიან. გაზეთის ინფორმაციით, განვითარებადი ქვეყნების ბავშვების მეოთხედს საკვები აკლია. არადა, „პაისის“ აზრით, შიმშილის და სიღარიბის დაძლევა ის მიზანია, რომლის მიღწევაც შეიძლება. აზიის მაგალითი მოჰყავს გაზეთს, რომლის ინფორმაციითაც, იქ, ამ მხრივ, წარმატებას მიაღწიეს. ეს აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშიც იქნებოდა შესაძლებელი, განაგრძობს „პაისი“, მაგრამ გაეროს მიზანი, 2015 წლამდე მოშიმშილეთა რიცხვი განახევრდეს, ძალიან შორს არის. მიზეზი ამისა კი ისიცაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აკლია საჭირო სოლიდარობის გრძნობა და ძალიან ბევრი ხუჭავს თვალს სხვების გასაჭირზე, წერს „პაისი“.

საფრანგეთის „რეპუბლიკ დე პირენე“ მკითხველს ეკითხება: იცოდით, რომ ევროპელი ძროხა უფრო მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე აფრიკელი გლეხი? იცოდით, რომ ამერიკის და ევროპის საექსპორტო სუბსიდიების გამო კონკურენციის წესის დამახინჯების შედეგად, აფრიკას უწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა? მხოლოდ ამ სუბსიდიების გაუქმება შეაძლებინებს აფრიკის კონტინენტს, გაიტანოს მეტი პროდუქტი, ვიდრე შეაქვს, როგორც ეს ხდებოდა, სანამ ევროპის კავშირი ამ პოლიტიკას დაადგებოდა სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მაგრამ ნაციონალური ეგოიზმის გამო ამ სუბსიდიების გაუქმებას ძალიან ვართ დაშორებული, წერს „რეპუბლიკ დე პირენე“.

ევროკავშირის პრეზიდენტის, ბელგიის პრემიერის ჰერმან ვან რომპოის და საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, კეტრინ ეშტონის არჩევა იყო თემა არაერთი გაზეთისა. საფრანგეთის „ლიბერასიონი“ წერს, რომ თანამდებობებზე ამ პირების არჩევა უნდა ყოფილიყო ნაბიჯი, რომელიც ევროპის უფრო ძლიერ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ თავიანთ ადრინდელ უპირატესობას, ამ რეფორმას არსის გარეშე ტოვებენ. იმის შიშით, რომ ეს თანამდებობები ზედმეტ წონას შეიძენენ, მათ სურთ იქ სუსტი ფიგურები დასვან, წერს „ლიბერასიონი“.

ბრიტანეთის „ინდიპენდენტის“ აზრით, უმნიშვნელო ბელგიელი პოლიტიკოსის არჩევა ევროპრეზიდენტის თანამდებობაზე, წინასწარ შეთანხმებული თამაში იყო საფრანგეთსა და გერმანიას შორის. „ინდიპენდენტი“ წერს, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შვედი ან პოლონელი და კლუბის დანარჩენი ნაწილის წარმომადგენელი თავის კანდიდატს ამ პოსტზე ვერასოდეს იხილავს. თეთრი კვამლი, როგორც ეს კარდინალების მიერ პაპის არჩევის დროს ხდება ხოლმე, არ ამოსულა, მაგრამ 27 ამაყი დემოკრატის მიერ გადაწყვეტილების მიღების გასაიდუმლოება კაცს აფიქრებინებს, რომ ვატიკანი უფრო გამჭვირვალედ მოქმედებს.

შვეიცარიის გერმანულენოვანი „ბაზლერ ცაიტუნგი“ თვლის, რომ ფან რომპოი შეუფერებელი პოლიტიკოსი არაა ამ თანამდებობაზე. თავშეკავებულმა პოლიტიკოსმა ბელგიაში გვაჩვენა, რომ კონფლიქტების მოგვარება შეუძლია. ამდენად, ის შესაფერია ამ პოსტისთვის, წერს გაზეთი და ფიქრობს, რომ, ბოლოს და ბოლოს, იქ საჭიროა დაპირისპირებული ინტერესების გაწონასწორება. მაგრამ, „ბაზლერ ცაიტუნგის“ თანახმად, სახიფათო ისაა, რომ ეს უბრალო პოლიტიკოსი, რომელიც ტკივილს არავის აყენებს,შეიძლება ევროკავშირის მთავრობათა მეთაურების მარიონეტი გახდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG