Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სტუმრებისა და დემოკრატიაზე მითითების კვირა


კვირის მოვლენების მიმოხილვა ამერიკელი სტუმრების ვიზიტით დავიწყოთ. უწყებათაშორის დელეგაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაიკლ პოსნერი ხელმძღვანელობდა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც 17 ნოემბერს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. ასევე გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მე-3 სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებშიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თინა ქეიდენაუც მონაწილეობდა. 17 ნოემბერს შეხვედრებით დატვირთული დღის შედეგები მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე შეჯამდა, სადაც მაიკლ პოსნერმა კმაყოფილება გამოხატა მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგის გამო: ”ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესზე, გაზაფხულზე დანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, კანონის უზენაესობის საკითხებსა და ასევე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ, მაგალითად, მედიამრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების საკითხებში.”

მაიკლ პოსნერმა არაერთხელ აღნიშნა იმის აუცილებლობა, რომ გაზაფხულზე დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე თანაბარი პირობებით ისარგებლოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო თავისუფალმა მედიამ სრულად გააშუქოს განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ამ კუთხით პოსნერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ”მედიამფლობელების მრავალფეროვნებას”.
ძირითადად მედიის თავისუფლებაზე საუბარს დაეთმო ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრაც, რომელზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა მედიისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს. მათ შორის იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე, რომელსაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი სტუმრების კითხვები ”არ იყო ზოგადი კითხვები და ფაქტი იყო, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ფაქტი იყო, რომ ისინი პრობლემების საკმაოდ დიდ ნაწილს ეთანხმებოდნენ.” თამარ ქაროსანიძემ შენიშნა ამერიკის მხარის სურვილი - შეხვედრის მონაწილეებისგან მიეღოთ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც ისინი ყურადღებით ინიშნავდნენ. სხვათა შორის, 17 ნოემბერს გამართული ამ შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილეები განსაკუთრებული მონდომებით სვამდნენ შეკითხვებს და განსაკუთრებული ყურადღებით იწერდნენ ყველაფერს.

თუმცა მსგავსი შეხვედრების დროს კითხვების დასმისა და პასუხების ყურადღებით ჩანიშვნის რეჟიმი არაფრით აკვირვებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს. მას ვაშინგტონის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი ინტერესის საგანგებო გაძლიერება არ შეუნიშნავს. აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ყურადღება და ინტერესი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც ”პრიორიტეტული პარტნიორისადმი” ყოველთვის არსებობდა და ამას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაც ადასტურებს. ”აქ არა მხოლოდ დემოკრატიაზეა საუბარი, აქ არის ლაპარაკი უსაფრთხოებაზეც, კულტურაზეც... ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი დემოკრატიული რეფორმების, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. ეს ჩვეულებრივი პროცესია და რაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება ყველა სფეროში, უფრო უკეთესი იქნება”, - აღნიშნავს აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, საგრძნობი წინსვლის მიუხედავად, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამაზე არავინ დავობს.

ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ამაზე მეტყველებს სატელეფონო საუბარი, რომელიც 18 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შედგა.

თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა იმისთვის, რომ ესაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ გამოეხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეების მიერ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებათა დაცვას და მხარეებს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმისადმი ვალდებულების მხარდაჭერის მნიშვნელობას იმისთვის, რომ შესრულდეს ვარდების რევოლუციისგან მიღებული დაპირება.”

საკითხის განსხვავებული ფორმულირება გვხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე სააკაშვილი-ბაიდენის სატელეფონო საუბრის შინაარსს გვაცნობს და სადაც საერთოდ არ გვხვდება სიტყვა - დემოკრატია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი აქ იგულისხმება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაა ნახსენები. როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია თანამშრომლობას დემოკრატიის სფეროშიც გულისხმობს.

სატელეფონო საუბრის სხვა მნიშვნელოვან თემებს შორის საგარეო უწყება ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებულ ვითარებასა და ცხინვალში დაპატიმრებული ტირძნისელი მოსწავლეების საკითხს ასახელებს. საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა აშშ-ის ადმინისტრაციას - ”გამოიყენოს მთელი თავისი ავტორიტეტი და მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად.”

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ორგანიზაციებისა თუ ცალკეული სახელმწიფოების დონეზე გამოხატული დიდი შეშფოთების მიუხედავად, ქართველი მოზარდები ჯერ ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მიმდინარე კვირას გაირკვა, რომ მათ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამგვარი ინფორმაცია პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ოსურ საინფორმაციო საშუალებებს მიაწოდა. ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და საბრძოლო მასალის გადატანაში ედებათ ბრალი.

როგორც უკვე ვთქვით, ქართველი მოზარდების ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავების ფაქტი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო და მათ შორის იყო ევროპის საბჭოც. 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ცხინვალის რეჟიმს ბავშვების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებენ. თუმცა კვირის მიწურულს ქართველი დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე უმოქმედობის ბრალდებით აკრიტიკებდნენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს. ყველაზე მწვავედ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი გამოვიდა. რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც ის არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს? - დაახლოებით ასეთი იყო მინაშვილის გამოსვლის შინაარსი.

მის მწვავე კრიტიკას 20 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ამგვარი განცხადებები საკმაოდ საფრთხილოა და საზოგადოებამ ეს არ უნდა აღიქვას ისე, თითქოს ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს უპირისპირდებიან, თუმცა ცხადია, რომ ამგვარი ფაქტები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გარკვეულ ტესტს წარმოადგენს. ბაქრაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების საკითხზე, მოცდა სულ რამდენიმე დღე მოგვიწევს. როგორც თბილისში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მრჩეველმა საბრინა ბუშლერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ჰამარბერგი საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა და განცხადებებსაც სწორედ მაშინ გააკეთებს. მანამდე კი, როგორც რადიო თავისუფლებას სტრასბურგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის ოფისში განუცხადეს, ის ფაქტი, რომ თომას ჰამარბერგი განცხადებებს არ აკეთებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედოა. და კიდევ ერთი ფაქტი: ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების პროცესში ჰამარბერგის აქტიური ჩართულობა რადიო თავისუფლებას დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუდასტურა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც.

სწორედ ტირძნისელი მოზარდების საკითხის დაყენებას აპირებდა ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროს. შეხვედრა 19 ნოემბერს ერგნეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ ოსური მხარის უარის გამო ჩაიშალა. მიზეზს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ახმოვანებს და ამბობს, რომ ვიდრე ქართული მხარისგან არ მიიღებენ ინფორმაციას გატაცებული ოსი მოქალაქეების ადგილსამყოფლის შესახებ, ოსური მხარის ბოიკოტი არ დასრულდება.
თბილისი, რომელიც ჩოჩიევის მიერ დასახელებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, იმედოვნებს, რომ ოსური მხარე ბოიკოტის გადაწყვეტილებას გადახედავს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლება. ბოლო ასეთი შეხვედრა 17 ნოემბერს გალში შედგა და ის 6 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ დააყენა რუსული ვერტმფრენების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 6 და 12 ნოემბერს გამოვლინდა, და რამდენიმე კრიმინალური ფაქტი - მათ შორის არის ნაბაკევის სკოლის გაქურდვა. როგორც გალის შეხვედრის მონაწილემ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, აფხაზური მხარე მათ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა. ასევე რაქვიაშვილის განცხადებით, ”თანდათან იხვეწება” აფხაზური მხარის პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა დროს მოითხოვს.
მიმდინარე კვირაში ბელორუსი დეპუტატების სამი სხვადასხვა ჯგუფი ერთდროულად სტუმრობდა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს. მათ მიზანს წარმოადგენს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება იმასთან დაკავშირებით, უნდა აღიაროს თუ არა მინსკმა დამოუკიდებელ ქვეყნებად საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი. ”ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავარწმუნოთ ისინი [ბელორუსი დეპუტატები] ქართული მხარის სიმართლეში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 18 ნოემბერს, ბელორუსიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ იანვარში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ბელორუსია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ წავა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ გამოხატა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში. ალიანსის მხრიდან განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველომ ავღანეთში მიმდინარე კვირაში გაგზავნა დაახლოებით 170-კაციანი სამშვიდობო ასეული და რამდენიმე თვეში კიდევ დაახლოებით 800 სამხედროს გაგზავნის ყველაზე სახიფათო სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში.

18 ნოემბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელზეც საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ფასდებოდა, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი. საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო ამჯერად ელჩების დონეზე შეფასდა. ქართული მხარე იტყობინება, რომ შეფასება, ძირითადად, დადებითი იყო და ეს 18 ნოემბერს დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც დაადასტურა: ”შეფასების არსი იყო ის, რომ საქართველომ პროგრესს ბევრ სფეროში მიაღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურის მრავალმხრივი გადახედვის წარმატებული დასაწყისი; ასევე დიალოგი საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ელჩებს, ძირითადად, დადებითი შეფასება ჰქონდათ, თუმცა აღინიშნა შემდგომი პროგრესის საჭიროება, რასაც ნატო შეუწყობს ხელს.”

ჯეიმს აპატურაის მიერ წარმატებულად მოხსენიებული ერთ-ერთი მიმართულება - დიალოგი საარჩევნო სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით -მიმდინარე კვირაში ჩიხში შევიდა, რადგანაც ვერ მოხერხდა შეთანხმება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესებისა და თბილისის მერის არჩევისთვის დასაწესებელი ბარიერის გარშემო. 18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში გამართული შეხვედრის დროს ”ალიანსი საქართველოსთვის” 45%-იან ბარიერს ითხოვდა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ და სამუშაო ჯგუფში შემავალმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც ვიცით, კონსენსუსს მიაღწიეს 30%-იანი ბარიერთან დაკავშირებით. შედეგად, „ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს გამოეთიშა და გადაწყვიტა, ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციები ცალკეულ პარტიებთან ინდივიდუალურად გააგრძელოს. მმართველმა პარტიამ „ალიანსი საქართველოსთვის“ დესტრუქციულობაში დაადანაშაულა. „ალიანსი“ კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია და რომ მმართველი პარტია ჯგუფში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

დაბოლოს, კვირის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ასევე ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება: 19 ნოემბერს თბილისის მერის პოსტზე კონსერვატიული პარტიის კანდიდატად ზვიად ძიძიგური დასახელდა. ზვიად ძიძიგური არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თბილისის მერობის რიგით მესამე პრეტენდენტია, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის კობა დავითაშვილისა და „ალიანსი საქართველოსთვის“ კანდიდატის ირაკლი ალასანიას შემდეგ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG