Accessibility links

logo-print

ურბანული განვითარების ხედვა და თბილისის ახალი გენგეგმა


ქართულ მედიაში თითქმის არ ჩანს ინტერესი ურბანული პრობლემატიკის მიმართ. ამას თავად ურბანისტები ამბობენ - ჩივიან, რომ ქვეყანაში არაა პოპულარული არქიტექტურის თეორია, კრიტიკა, ურბანისტიკა. ეს მაშინ, როცა ქალაქები იზრდება, ქალაქები შენდება...შენებას თან ახლავს ნგრევა - როგორც წესი, ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ფასეული ძეგლების ნგრევა. თავად შენება კი, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოა. ქალაქები იზრდება, მაგრამ საზოგადოებას იშვიათად აინტერესებს, როგორ ვითარდება ქალაქი... თუნდაც თბილისი, რომლის განვითარების გენერალურ გეგმაზე ახლახან ისევ დაიწყო მსჯელობა.

სხვათა შორის, თბილისის განვითარების გეგმა, თანაც არაერთი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა - ეს გეგმები არა მარტო აირეკლავდნენ ქალაქის გეგმარებით სტრუქტურას, არამედ თბილისის შემდგომი განვითარების გზებსაც ასახავდნენ (პირველად ასეთი გეგმა ჯერ კიდევ 1802 წელს შემუშავდა)... ჯერ კიდევ იმ დროს გახდა ცხადი, რომ ურბანული განვითარების ხედვა ცხოვრების ხარისხის გამომხატველი უნდა იყოს; ქალაქი უნდა ვითარდებოდეს, ქალაქელისთვის კი გარემო კომფორტს უნდა ქმნიდეს - ცხოვრების, გადაადგილების კომფორტს... მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის თბილისელებისთვის ტრანსპორტის პრობლემა არ იყო ისეთი მწვავე, როგორიც დღესაა, როცა ქალაქში გადაადგილება სულ უფრო და უფრო რთულდება... როგორც ჩანს, სწორედ გადაადგილების კომფორტისთვის, ქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის დამტკიცდა ახალი ტრასის პროექტი გმირთა მოედნიდან თამარაშვილის გამზირამდე. ამ მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც საქგზამეცნიერების ინსტიტუტმა გაიმარჯვა. ამას წინათ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ამ ორგანიზაციის დირექტორმა, თამაზ შალიკაძემ, აგვიხსნა, რომ ამ გზამ არა მარტო ქალაქი უნდა განტვირთოს (პირველ რიგში კი, ტრანსპორტით გადატვირთული ვაკის რაიონი), არამედ დედაქალაქის ორი დიდი უბანი - ვაკე და საბურთალო - ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს... ამისთვის გახდა საჭირო სწორედ განივი გზების დაპროექტება და ახალი გზის გაყვანა მდინარე ვერეს ხეობაში.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ ასეთი პროექტები, მართლაც, ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას თანამედროვე თბილისში. თუმცა მთავარი არა იმდენად პროექტია, რამდენადაც ის, თუ როგორ განხორციელდება ეს პროექტი. მისი თქმით:

”მენეჯმენტი, ყოველდღიური მოვლა ქალაქისა, ესაა აბსოლუტურად ჩავარდნილი სფერო... მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ქალაქთმშენებლობა შეიძლება მივამსგავსოთ ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ოპერაციის შემდგომი პერიოდი არანაკლებ მნიშვნელოვანია ხოლმე ავადმყოფის გადარჩენის თვალსაზრისით.”

ლადო ვარდოსანიძე პირდაპირ სვამს კითხვას: თბილისში ცხოვრების ხარისხი მატულობს თუ კლებულობს? და აქვე ამბობს, რომ ქართულ მედიაში თითქმის არ მსჯელობენ ამ თემაზე:

”ხელისუფლების მხრიდან მივიღებთ პასუხს, რომ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რომ ცხოვრების დონე მატულობს, მოსახლეობა კი საწინააღმდეგო აზრისაა. ჩვენი ურბანული განვითარების პრობლემა ისაა, რომ არ გაგვაჩნია საზომი ამ კეთილდღეობისა...არ გაგვაჩნია ურბანული ინდიკატორების სისტემა”, - გვითხრა ლადო ვარდოსანიძემ და აქვე გაგვახსენა, რომ ამ სისტემას სპეციალური ორგანიზაცია აწესებს მსოფლიოში. შემუშავებულია სოციალ-ეკონომიკური ბლოკი, ეკოლოგიური, ქალაქგეგმარებითი, მიწათსარგებლობითი და სხვა ნორმები. თბილისის ხელისუფლება ამ ინდიკატორების შემოღებას და მონაცემთა შეგროვებას არ ჩქარობს...არადა, ამ მონაცემებით დადგინდებოდა, როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქის განვითარება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს თბილისში ცხოვრების ხარისხი ისე, რომ ქალაქის საერთო სახე არ დაზიანდეს... ისე, რომ არ დაინგრეს ფასეული და არ აშენდეს მახინჯი.

2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ მიიღო თბილისის ახალი გეგმის დამტკიცების გადაწყვეტილება, რასაც ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე თავისთავად

დიდ წარმატებად მიიჩნევს, რადგან აქამდე ედუარდ შევარდნაძემ ორჯერ გააგრძელა ძველი გეგმის ვადა - იმ გეგმისა, რომელიც 1970 წელს შემუშავდა და რომლის მოქმედების ვადა 2000 წელს უნდა დასრულებულიყო... არადა, ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ მოხდა - ქალაქი გაიზარდა, დაინგრა კომუნისტური ქალაქი. გაგახსენებთ, რომ აქამდე მოქმედ გენერალურ გეგმაში, ქალაქის განაშენების სართულიანობის ზრდასთან ერთად, დასახულია ახალი ტერიტორიების ათვისება თბილისის სტრუქტურის განივი მიმართულებითაც, თბილისის ზღვის გარშემო...გაგრძელდა ქალაქის ზრდის ტენდენცია მტკვრის კალაპოტის სწვრივად.. მაგრამ ლადო ვარდოსანიძის თქმით, გენგეგმა, რომელიც წელს შემუშავდა, პრინციპულად ახალია.

მაგრამ ეს მხოლოდ ინსტრუმენტიაო, ამბობს ლადო ვარდოსანიძე. სხვა საკითხია, როგორ გამოვიყენებთ და როგორ განვახორციელებთ გეგმას. კარგი ისაა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ამ გეგმაში გათვალისწინებულია... თუმცა არის საშიშროება, - და ეს იმ ავტომაგისტრალსაც ეხება გმირთა მოედნიდან თამარაშვილის გამზირამდე, - რომ ახალი მშენებლობა ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინების გარეშე დაიწყოს... სხვათა შორის, იმ დისკუსიაზე, რომელიც ბიოლის ფონდში გაიმართა, თამაზ შალიკაძეს ჰკითხეს, ახალი პროექტი იქნებ მხოლოდ ვაკელების ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებსო? ვაკის მოსახლეობას მანქანების ხმაური აღარ შეაწუხებს, მაგრამ ხომ არ დაზარალდება ამ პროექტით იგივე საბავშვო ქალაქი ”მზიური”, ანდა მდინარე ვერეს ხეობა? თამაზ შალიკაძის თქმით, ეს მართლაც გრანდიოზული პროექტი ეკოლოგიურ საკითხებს, ცხადია, ითვალისწინებს და არაფერია იმაში ცუდი, თუკი რომელიმე პროექტი ქალაქის რომელიმე უბნის, თუნდაც ვაკის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავდეს მიზნად.

ასეა თუ ისე, ქალაქის განვითარების ახალ გეგმაში ისიც გათვალისწინებულია, რომ დაიწყო გარეუბნების ინტეგრაციის პროცესი ქალაქთან. ლადო ვარდოსანიძის თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა მიხვდება, რომ პრესტიჟულია არა მტვრიან ქალაქის ცენტრში ცხოვრება - იქ, სადაც მოძრაობა გადატვირთულია, არამედ ცხოვრება ქალაქგარეთ, ცენტრისგან მოშორებით.
XS
SM
MD
LG