Accessibility links

logo-print
გარედან ისე ჩანს, რომ საქართველოში ომი დასრულდა, თუმცა ვინც სამხრეთ კავკასიის ამ ყველაზე მღელვარე ქვეყანაში ჩავა, მალე დარწმუნდება, რომ საქართველოს ეროვნული ენერგია, ძირითადად, მოსალოდნელი აგრესიის მოსაგერიებლად იხარჯება.

გზებზე გაწოლილი სამხედრო კოლონები, ახალ-ახალი საკადრო გადაადგილებები არმიის სამეთაურო შემადგენლობაში, სამხედრო პატრული თბილისის ქუჩებში და თავდაცვითი ხაზი დედაქალაქის გარშემო - ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების ახალი თავდაცვითი სტრატეგია, რომელსაც მესამე თვეა ახორციელებს ბაჩო ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

სამუშაოთა უმრავლესობა სახელმწიფო საიდუმლოების მკაცრი დაცვის პირობებში უნდა ხდებოდეს, მაგრამ პატარა ქვეყანაში, სადაც, ყველაფერთან ერთად, ძალიან უყვართ პიარი და აღლუმები, საიდუმლოების სრულფასოვნად დაცვა ვერ ხერხდება ორი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, იმიტომ რომ საიდუმლოს მაშინ აქვს ფასი, როცა მას ყველა იცავს - როგორც რიგითი ჯარისკაცი, ისე მინისტრი თუ მთავარსარდალი.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა უკვე არაერთი საჯარო გამოსვლისას განაცხადეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ახლა უფრო უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე. ეს კი, ძალიან მარტივად, ნიშნავს იმას, რომ დასრულდა შარშანდელი ომის შედეგად განადგურებული საშტატო ტექნიკისა და შეიარაღების აღდგენა და სამხედრო ქვედანაყოფების დაკომპლექტება.

კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც საიდუმლო რეჟიმის სრულად განხორციელება ვერ ხერხდება, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებია. მხედველობაში მაქვს 29 იანვრის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას შორის გაფორმდა.

გასულ კვირაში, 19 ნოემბერს, სწორედ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საშუალებით შეიტყო მთელმა ქვეყანამ იმ დიდი გადაჯგუფების შესახებ, რომელიც ერთი კვირის მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე. „საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება განხორციელდება საქართველოს მასშტაბით, მაგრამ, ძირითადად, კონცენტრირებული იქნება თბილისის, გორისა და ბაზალეთის გარშემო. მისია გადაადგილებას მეთვალყურეობას გაუწევს ჩვეული პროცედურების შესაბამისად“, - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც მისიამ 19 ნოემბერს გაავრცელა.

რა უცნაური ქვეყანაა საქართველო!


ერთი მხრივ, ქართველი კანონმდებლები აპირებენ მიიღონ „პატრიოტული აქტის“ მსგავსი კანონი, რომელიც, უსაფრთხოების დაცვის სხვა ზომების გაძლიერების გარდა, უკიდურესად გაართულებს საჯარო ინფორმაციის მიღებას შეიარაღებული ძალების საბრძოლო, სამობილიზაციო და სხვა სახის გეგმებზე. მეორე მხრივ კი, აღებული საერთაშორისო ვალდებულება ისეთ შეზღუდვებს გიწესებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიო ერთი კვირით ადრე გებულობს, თუ რა რაოდენობით ცოცხალ ძალას და ტექნიკას გზავნი მოწინააღმდეგის უშუალო შეხების ზონაში.

როცა ეს პირველადი ინფორმაცია იცი, მერე უკვე დიდი სამხედრო სტრატეგობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს ქვეყანას „მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალის გადაადგილება ბაზალეთის ტბის მიმართულებით“.
თუკი პრევენციული ზომებია მისაღები, მაშინ სწორედ ბაზალეთის ტბის მიდამოებში უნდა განლაგდეს სამხედრო ძალა, რომელმაც უნდა დაიცვას მოსახლეობა ისეთი საფრთხეებისაგან, როგორიც დაატყდა ერთი თვის წინ 16 გატაცებულ გრემისხეველს და, შესაბამისად, დუშეთის რაიონს. სოფელი გრემისხევი უშუალოდ ესაზღვრება ახალგორის რაიონის სოფელ ოძისს, სადაც ოსური და რუსული შეიარაღებული ფორმირებებია განლაგებული. და როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დაცვის მიზნით გადაწყვიტა, განალაგოს იქ ბატალიონამდე მასშტაბის ქვედანაყოფი, რადგან უფრო დიდი აქტივობის უფლებას ზემოხსენებული მემორანდუმი საქართველოს არ აძლევს.

აქვე, მოდი, ისიც ვთქვათ, თუ რა შეზღუდვებს უწესებს ევროკავშირთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემომარანდუმი საქართველოს.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა კლაივ ტროტმა 29 იანვარს დეტალურად განმარტა ის, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელმოწერილი მემორანდუმით.

”ამ შეთანხმებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განესაზღვრა რიგი შეზღუდვებისა სადავო ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, რომლებიც მგრძნობიარეა. შეზღუდვები ასეთი სახის გახლავთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა თანხმობა არ განალაგოს ერთ ბატალიონზე მეტი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრიან ზონაში; სამინისტრო ასევე თანახმაა არ განალაგოს ერთ ბატალიონზე მეტი რაოდენობის სამხედრო ძალა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ამ რუკაზეა მონიშნული.“

კაცმა რომ თქვას, ბატალიონი სულაც არ არის მცირე ზომის ქვედანაყოფი ისეთი „ოპერატიულ ტევადობის“ მიმართულებაზე, როგორიც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთია. თუკი ბატალიონი დაკომპლექტებულია, გაწვრთნილია, იცნობს გარემოს და ჰყავს კარგი მეთაურები, მაშინ მას შეუძლია ძირითადი ძალების მოსვლამდე შეაკავოს მოწინააღმდეგე თავდაცვაში, დაახლოებით, 3-5 კილომეტრის ფრონტის ხაზზე.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ზემოაღნიშნულმა მემორანდუმმა საქართველოს არმიას შეიარაღების შეზღუდვაც დაუწესა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ქართველ ჯარისკაცებს მხოლოდ საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ. მაგრამ თუ კარგად წავიკითხავთ მემორანდუმს, თვითშეზღუდვა საქართველოსათვის საკმაოდ მკაცრია, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი შეიარაღებისა და ტექნიკის შესამცირებლად როგორც ქართულ-ოსური, ისე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებში.

მოვიხმობ კვლავ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლის კლაივ ტროტის განცხადებას, გაკეთებულს ამა წლის 29 იანვარს:

„თავდაცვის სამინისტრო თანახმაა ამ ზონებში არ განალაგოს 120 მილიმეტრის ან უფრო მსხვილი კალიბრის იარაღის სისტემები; საქართველოს ხელისუფლება თანახმაა არ განალაგოს 5 ერთეულზე მეტი იარაღის სისტემა ან ისეთი იარაღით აღჭურვილი ჯავშან-ტექნიკა, რომელიც 60-დან 119 მილიმეტრი კალიბრის არის. ყველა სახის სამხედრო წვრთნის შესახებ, რომელიც ბატალიონზე მეტი რაოდენობის სამხედროთა მონაწილეობას ითვალისწინებს, ევროკავშირს წინასწარ ეცნობება.“
და კიდევ ერთი პარადოქსი. ევროკავშირის მისიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია, დოკუმენტის თანახმად, დაცულია. მისია იღებდა ვალდებულებას, რომ იგი არ იქნებოდა „ხელმისაწვდომი“ და გაცვლიდა ინფორმაციას „დაცული ხაზებით.“

არ ვიცი, რას ნიშნავს „დაცული ხაზები“ ევროპელთა გაგებით, მაგრამ ევროკავშირის მისიამ 19 ნოემბერს, ჩემი აზრით, საკმაოდ მგრძნობიარე ინფორმაცია გახადა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მისიამ ნათელი სიგნალი გაგზავნა, რომ დაწყებულია „შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება“ თბილისის, გორის და ბაზალეთის გარშემო. კარგი მასალაა რუსეთის გენშტაბის დაუცხრომელი უფროსის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვისათვის, რომელიც ევროკავშირის მისიის პრესრელიზს სულ მალე საკუთარ შორსმიმავალ ვერსიებს მოაყოლებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს კონფლიქტის ზონის სიახლოვეს ჭარბი ძალების კონცენტრაციაში.

ნეტავ, მართლა ასე იყოს საქმე.


საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, საბრძოლო ნაწილებს კონფლიქტის ზონებიდან ხსნის და თბილისს აძლიერებს. 2009 წლის დასაწყიში გორიდან ჯერ სატანკო ბრიგადა გამოიყვანეს. ამ ახალი დიდი გადაჯგუფებით კი, როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, გორიდან კიდევ ერთი საბრძოლო ბრიგადის გამოყვანა და მის ნაცვლად იქ სამხედრო აკადემიის გადატანა იგეგმება.

თუ რა ჩანაფიქრი აქვს ხელისუფლებას, ეს, ალბათ, ცნობილი გახდება 25 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც წინასწარ გამოცხადებული „შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება“ დასრულდება და ყველა სამხედრო ნაწილი თავის ახალ დისლოკაციის ადგილზე განლაგდება.
XS
SM
MD
LG