Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალელთა ჯეურგობა


ქართველი და ოსი მომიტინგეები ცხინვალის მისადგომთან
ქართველი და ოსი მომიტინგეები ცხინვალის მისადგომთან
გიორგობას ცხინვალშიც ზეიმობენ და მას ჯეურგობას უწოდებენ.

გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის 23 ნოემბერი ოსი ხალხის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაწყებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა.

ცხინვალის მისადგომები,
23 ნოემბერი, 1989 წელი
ყველაფერი კი 20 წლის წინ დაიწყო - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ცხინვალში მრავალათასიანი მიტინგის ჩატარება გადაწყვიტეს. ათეულ ათასობით ადამიანი ცხინვალის მისადგომებთან შეიკრიბა და მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქში შესვლა მოითხოვა. ცხინვალის მისადგომები მძიმე ტექნიკითა და სატვირთო ავტომანქანებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარისა და ოსური სეპარატისტული მოძრაობის ”ადამონ ნიხასი” წევრებმა გადაკეტეს.

მალხაზ მინდიაშვილი იმ დროს ცხინვალში ცხოვრობდა. იგი ქართველ მომიტინგეებთან შესახვედრად ცხინვალიდან წამოვიდა, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მომიტინგეებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ქალაქში შესვლა ვერ მოახერხეს. მოგვიანებით, 90-იანი წლების ომის დროს, მინდიაშვილი დევნილად იქცა. იგი ამჟამად გორში ცხოვრობს და 20 წლის წინანდელი ამბები კარგად ახსოვს. მისი აზრით, ეროვნულ მოძრაობას მაშინ ოსური სეპარატიზმისთვის მხოლოდ ძალის დემონსტრირება უნდოდა, რადგან ცხინვალში უკვე მიმდინარეობდა ეთნიკური ქართველების შევიწროება.

ლირა ცხოვრებოვა კი დღეს ცხინვალშია და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 20 წლის წინ იგი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. როცა შეიტყო, რომ ათასობით ქართველი მომიტინგე ცხინვალში შესვლას ცდილობდა, სხვების მსგავსად ისიც იმ ოსების გვერდით დადგა, ვინც მაშინ ცხინვალის შესასვლელს კეტავდა. დედით ქართველი ცხოვრებოვა მიიჩნევს, რომ 20 წლის წინანდელი 23 ნოემბერი ქართველებისა და ოსების ურთიერთობების დასასრულის დასაწყისი იყო. მისი თქმით, მაშინ ოსები დამოუკიდებლობის მოთხოვნით კი არა, თვითგადარჩენის ინსტიქტით გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ადგილობრივი ქართველები მათ ”სტუმრებს” ეძახდნენ და როკის გვირაბს იქით გარეკვით ემუქრებოდნენ. მისთვის დღევანდელი დღე უფრო ტრაგიკულია, ვიდრე საზეიმო.

იმ დროს, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ცხინვალში სეპარატისტული მოძრაობა ”ადამონ ნიხასი” ძლიერდებოდა. მოძრაობის ლიდერები სამხრეთ ოსეთის ოლქისთვის რესპუბლიკის სტატუსს ითხოვდნენ და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრე იყვნენ. დღეს საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმმა 20 წლის წინანდელი ფოტოქრონიკა გამოაქვეყნა. გზის გადასაკეტად გამოსულ ცხინვალელებს საბჭოთა დროშები, ლენინის პორტრეტები და ტრანსფარანტები უჭირავთ, სადაც აწერია, რომ სამხრეთ ოსეთი ყოველთვის საბჭოური იქნება. ოსურ სეპარატიზმს საბჭოთა ხელისუფლება ახალისებდა - ცხინვალში იარაღი შედიოდა. ცოტა ხანში კი შეიარაღებული ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ არაერთხელ განახლდა.
XS
SM
MD
LG