Accessibility links

logo-print
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 156 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 100 საპატიმროებს ტოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი გაუნახევრდებათ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალების მოთხოვნის უფლება აქვს პატიმარს, რომელიც დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის ნახევარი - ზოგიერთ შემთხვევაში კი, მესამედი - აქვს მოხდილი. გიორგობის შეწყალება, ძირითადად, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების ერთპიროვნული უფლება აქვს. პატიმართა შეწყალების რეკომენდაციებს იგი ორი ისეთი უწყებიდან ღებულობს, როგორიც შეწყალების საკოთხთა კომისია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. შეწყალების საკითხთა კომისიამ ამ ეტაპზე 157 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, მათ შორის - 7 არასრულწლოვანის და 17 ქალის. მან პრეზიდენტს რეკომენდაცია 30 პატიმრის შეწყალებაზე გაუწია.

“ შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ასევე მათ, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები. არ შეეხოთ შეწყალება ყაჩაღობაში მსჯავრდებულ პირებს, ისევე როგორც განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულებს და ნარკოტიკების გამსაღებლებს“, - განაცხადა შეწყალების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, 21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ კი განგვიმარტა, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეწყალების კომისიისა და საპატრიარქოს მიერ მომზადებული სარეკომენდაციო სიებიდან შეწყალებულ პატიმართა ბალანსი, დიდი განსხვავებით, საპატრიარქოს სასარგებლოდ დაირღვა. შეწყალებული 156 პატიმრიდან 142–ს საპატრიარქომ გაუწია რეკომენდაცია, 14-ს კი - შეწყალების კომისიამ.

“ ჩვენი რეკომენდაციებიდან მხოლოდ ნახევარი დაკმაყოფილდა, - ამბობს ელენე თევდორაძე. - პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ 30-დან მხოლოდ 14 შეიწყალოს. მე დღეს ნამდვილად არ ვიცი, იმ 30-დან კონკრეტულად ვინ არის 14, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენი სიით გასული 14 კაციდან, ძირითადად, ყველა გათავისუფლდა, ანუ სასჯელის განახევრება არ შეხებიათ.“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2009 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა უკვე 687 პატიმარი შეიწყალა, სასჯელი კი 123 მსჯავრდებულს გაუნახევრდა. ამ სტატისტიკაში ჯერ არ ირიცხება 23 ნოემბერს შეწყალებული 156 პატიმარი, რომელთა შორის 50–ს სასჯელი გაუნახევრდა.
XS
SM
MD
LG