Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 ნოემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი გაზეთების ნაწილი ვარდების რევოლუციის 6 წლისთავს აჯამებს. ”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით ”რევოლუციური მიღწევები და მარცხები”. გაზეთი რამდენიმე პოლიტიკოსს გაესაუბრა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი ამბობს: ოპონენტების ყველაზე დიდი სისულელე იმის მტკიცებაა, რომ აგვისტოს ომი შეცდომა და მარცხი იყოო. ”ეს არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ვისაც ეჭვი ეპარება, მისი საქმეა, მაგრამ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა „რეზონანსს“. რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი კი ვარდების რევოლუციის შემდეგ 6 წლის განმავლობაში მომხდარს ასე აჯამებს: ”ცალკეული მიღწევები არის არასტაბილური. ეს არის ახალი, მაგრამ დამახინჯებული წარმოდგენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე.” უსუფაშვილი ამბობს, მაგალითად, პოლიციის სფეროში, ფორმიანი პოლიციელების მიმართულებით, პროგრესია, მაგრამ რეპრესიული მანქანა შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენებაო. კონსერვატორმა კახა კუკავამ კი გაზეთს უთხრა: ”წარმატება იყო აჭარის ინტეგრაცია, ასევე ენერგეტიკაში განხორციელებული ცვლილებები, მაგრამ წარუმატებლობებიც ბევრია, რომელთაგან ყველაზე მთავარი ტერიტორიების დაკარგვა გახლავთო.”

”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. რესპონდენტს ჟურნალისტი ასე წარადგენს: ”ეს არის კაცი, კეისში ჩაწყობილი ემოციებით, მოზომილი ღიმილით, დაპროგრამებული მეტყველებით და რეაქციებით; დახურული გულითა და ურთიერთგამომრიცხავი წარსულით; ბოჩოლასავით გულუბრყვილო თვალებით და მიამიტური გარეგნობით. მას ელიზბარ ჯაველიძემ ცხვრის ტყავში გახვეული მგელი უწოდა.”

”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ ვრცელ სტატიას, სახელწოდებით „ვინ რას ”გვაჭმევს?” სტატიის ქვესათაურია: ”საგადასახადო ბიზნესმენებს, ბიზნესმენები კი მოსახლეობას ატყავებენ“. გაზეთი წერს: ჩვენ საქართველოში დაფასოებული პროდუქცია შევიძინეთ, სუპერმარკეტშივე ავწონეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ქართული პროდუქციის 99 პროცენტზე მეტის წონა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეტიკეტზეა მითითებულიო. ავტორი რამდენიმე სახის ქართულ ფქვილს, შაქარს, ბურღულეულს, სარეცხ საშუალებას ასახელებს, რომლებიც ეტიკეტზე მითითებულზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. უცხოური პროდუქციის წონითაც დავინტერესდითო, - წერს გაზეთი და განაგრძობს: „უცხოური პროდუქცია ეტიკეტზე მითითებულ წონას 25-30 გრამით აღემატებოდა.“

ბოლოს - ”ახალი თაობა”, რომელიც თბილისის მერობის ახალ პრეტენდენზე წერს. გაზეთი იუწყება, მერის პოსტზე კანდიდატურა ზურაბ ნოღაიდელის პარტიას ეყოლება და სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ ის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე იქნებაო. ”კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ვაჟა ლორთქიფანიძეს რუსეთში კარგი კონტაქტები აქვს და სწორედ ამ კონტაქტების გამოყენებას ცდილობდა ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვოიაჟის დროს”, - წერს „ახალი თაობა“.
XS
SM
MD
LG