Accessibility links

logo-print

რუსეთში მოკლულ მღვდელს წერილობით ემუქრებოდნენ ისლამის კრიტიკისთვის


მღვდელ დანილ სისოევის პანაშვიდი იასენევოს წმიდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში

მღვდელ დანილ სისოევის პანაშვიდი იასენევოს წმიდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში

მოსკოვში დაკრძალეს მღვდელი დანილ სისოევი, რომელიც გასულ კვირაში ნიღბიანმა პირმა ეკლესიაში მოკლა. სისოევი ისლამის კრიტიკით და მუსულმანების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევით იყო ცნობილი. სიკვდილამდე მას მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდნენ. ბევრი ფიქრობს, რომ მისი სიკვდილით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ მყიფეა ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა სარწმუნოებებს შორის რუსეთში - ქვეყანაში, რომელშიც, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს.

მოსკოვის გარეუბანში მდებარე ეკლესიაში ათასობით პირი დაესწრო გასულ კვირაში - 19 ნოემბერს - ნიღბიანი პირის მიერ მოკლული მღვდლის გასვენების ცერემონიას.

გამომძიებლების ინფორმაციით, მღვდელს - დანილ სისოევს - წერილობით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ის ისლამს აკრიტიკებდა და მუსულმანები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა.

ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილეც მივიდა - მისი თქმით, სისოევმა ძალიან ბევრი გააკეთა „ღმერთის სიტყვის“ დასაცავად:

„ადამიანს ღვთის ჭეშმარიტების გამო თუ კლავენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტება გულზე ხვდებათ იმ ადამიანებს, ვინც მას არ აღიარებს, რომ ამ ჭეშმარიტებას უდიდესი ძალა აქვს“, - თქვა პარტიარქმა.

სისოევი მოსკოვის სამხრეთში მდებარე პატარა ხის ეკლესიაში მსახურობდა. გამომძიებლების თანახმად, 19 ნოემბერს იქ შეიარაღებული პირი შევიდა, მას სახელი ჰკითხა და შემდეგ თავსა და კისერში ესროლა. მღვდელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თავდასხმის დროს დაიჭრა მისი თანაშემწე.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, სისოევი, სავარაუდოდ, „რელიგიური სიძულვილის“ საფუძველზე მოკლეს:

„წინასწარი გამოძიებით, შეგროვებულია მტკიცებულებები, რომ მამა დანიელს რელიგიურ სფეროში მოღვაწეობის გამო ემუქრებოდნენ. ამჟამად გამომძიებლები მღვდლის კომპიუტერის ჰარდ-დისკზე არსებულ ინფორმაციას აანალიზებენ“, - განაცხადა მარკინმა.

მუსულმანების გარდა, სისოევს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა იეჰოვას მოწმეები და სხვა მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენლებიც - ჯგუფების, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია „ტოტალიტარულ სექტებს“ უწოდებს. საიტ „იუთუბზე“ გამოქვეყნებულ ლექციაში 35 წლის სისოევი ქადაგებს, რომ ისლამი არ წარმოადგენს რელიგიას - როგორც ის ამბობს, „ჩვენი ტრადიციული გაგების“ თანახმად:

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს, იმიტომ რომ, როცა მუსულმანებს ველაპარაკებით, ეს ხშირად ორი ყრუს საუბარს ემსგავსება ხოლმე. ისინი ერთს გვეუბნებიან, ჩვენ კი მეორეს ვპასუხობთ. ერთმანეთის არ გვესმის, იმიტომ რომ ერთსა და იგივე სიტყვებს სხვადასხვა მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - ამბობს სისოევი.

რუსეთის მუსულმანთა სულიერი ლიდერების საბჭომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოუწოდა, არ დაუშვან ამ ტრაგედიით ორ სარწმუნოებას შორის კავშირის დაზიანება.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში - საბჭოთა შევიწროების დასრულების შემდეგ - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვან აღმავლობას განიცდის. პატრიარქი კირილე საჯარო ასპარეზზე ხშირად ჩნდება რუსეთის ლიდერების გვერდით. ბევრის აზრით, კირილეს როლი თავად მოიცავს მზარდ პოლიტიკურ დატვირთვას.

უფლებადამცველები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად აკრიტიკებენ სხვა რელიგიების გარიყვისა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ოფიციალური დისტანციის დარღვევის გამო. ეკლესია უცხოელი მისიონერების წინააღმდეგ გამოდის და კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგებასაც ეწინააღმდეგება.

ამის გამო კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა ეკლესიასა და ქვეყნის მუსულმან მოსახლეობას შორის, რომელიც, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთში, კავკასიის რეგიონში, და ციმბირში ცხოვრობს.

პარტიარქად გახდომამდე კირილემ „ადამიანის უფლებების“ იდეა გააკრიტიკა - მას „სიცრუისა და რელიგიური და ეთნიკური ფასეულობების მიმართ სიძულვილის საფარველი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG