Accessibility links

logo-print

კოკოითი: ცხინვალი - გმირი ქალაქი


ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სპეციალური ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს, ცხინვალს, გმირი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. კოკოითიმ ეს ბრძანება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღის მე-20 წლისთავზე, 23 ნოემბერს, საზეიმო სხდომის დროს წაიკითხა. მისი თქმით, ეს ჯილდო თითოეულ ცხინვალელს და სამშობლოს დამცველს ეკუთვნის.

აგვისტოს ომის დროს კოკოითიმ საკუთარ გარემოცვასთან ერთად ცხინვალი დატოვა და ჯერ ჯავაში, შემდეგ კი ვლადიკავკაზში გადავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ცხინვალში რუსულ 58-ე არმიასთან ერთად დაბრუნდა. ცხინვალში გამომავალი გაზეთის „21-ე საუკუნე“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი კოკოითის მიერ ცხინვალის დაცვის ეპიზოდს ვერ იხსენებს. ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ერთ-ერთი რუსული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ცხოვრებოვმა თქვა, რომ კოკოითის უნდოდა გმირად საკუთარი თავი წარმოეჩინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

ცხინვალი, დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლის მე-20 წლისთავი
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კოკოითის მიერ ცხინვალისთვის გმირი ქალაქის სტატუსის მინიჭებას არასერიოზულად აფასებს. მისი აზრით, ეს უფრო პიარზე გათვლილი ნაბიჯია და არ არის რაიმე მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა.

აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ვიზიტის დროს, ეს ქალაქი გმირად მოიხსენია, თუმცა ამისთვის სპეციალური ბრძანება არ გამოუცია. არადა, საქართველოს კანონმდებლობით გორს ჯერ ქალაქის სტატუსიც კი არ გააჩნია - იგი რაიონული ცენტრია. ცხინვალი და გორი იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ ომის დღეებში ორივე ქალაქი მათთვის ყველაზე მძიმე წუთებში, ადგილობრივი მთავრობების მიერ ბედის ანაბარად იყო მიტოვებული.

საბჭოთა კავშირის გარდა, სპეციალისტები ვერ იხსენებენ პრეცედენტს, რომ მსოფლიოს რომელიმე ქალაქისთვის გმირის წოდება მიენიჭებინათ. საბჭოთა კავშირში ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქისთვის გმირის სტატუსის მინიჭებით ბევრი არაფერი შეცვლილა.
XS
SM
MD
LG