Accessibility links

logo-print
უგულავა პრეზიდენტობას უმიზნებს, წერს 24 ნოემბრის ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან. მისი აზრით, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შანსი სახელისუფლებო კანდიდატისაკენ იხრება. ის ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტობისაკენ მიმავალი ჰორიზონტი ეხსნება. ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის მემკვიდრე სწორედ გიგი უგულავა იყოს. მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამის წინაპირობები არსებობს.

საქართველო პატარა საბჭოთა კავშირად გადაიქცა, - გაზეთ ”ახალი თაობის” მეშვეობით აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი: საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ლაპარაკი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, პროგრესზე, მსოფლიოში საუკეთესო წარმატებებზე, თუმცა ეს იმპერია მაინც დაიშალა. ხელისუფლების ქცევები რომ შევაფასოთ, უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბრწყინვალედ გადააქცია დიდი რუსული საბჭოთა კავშირი პატარა ქართულ საბჭოთა კავშირად. ანუ დარჩა იგივე მოდელი მმართველობის სისტემისა, ერთპარტიული მმართველობითი სისტემა, სადაც ვითომ არსებობს ფსევდოოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში და ვითომ მათთან თანამშრომლობენ. ასე ხდებოდა კომუნისტური რეჟიმის დროსაც.

კონსტანტინე გამსახურდია ვიცე-სპიკერი გახდება? კითხვის ნიშნით მთავრდება ”ახალი თაობის” ეს სათაური. როგორც სტატიის ავტორი წერს, კონსტანტინე გამსახურდიამ შესაძლოა პარლამენტში ახალი თანამდებობა დაიკავოს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტის დროებით კომისიას ვადა ამოეწურება. კულუარული ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია ვიცე-სპიკერის ან ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

რა მოხდა პარლამენტის წინ და რეალურად რატომ დააკავეს ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია? ამის შესახებ წერს გაზეთი ”ალია”. მოძრაობა ”7 ნოემბრის” ლიდერების დაკავების შესახებ წერს გაზეთი ”რეზონანსიც”: ”სხვას ვერაფერს უწოდებ გუშინ პარლამენტის წინ სამი აქტიური ადამიანის დაკავების ფაქტს, თუ არა გამოხატვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვას”, - წერს სტატიის ავტორი. საქმე ის გახლავთ, რომ მათ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ისეთი მასობრივი აქცია გაუმართავთ, რომ პარლამენტარებისათვის მყუდროება დაერღვიათ.

ალასანიამ შესაძლოა შუალედურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, წერს 24 ნოემბრის ”რეზონანსი”. ”ალიანსი” მზადაა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგი გააგრძელოს. როგორც „ალიანსის“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ამაზე იქნება დამოკიდებული მათი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და ეს ეხება ყველა დონის არჩევნებს.

„მოხევეები ლარსის გახსნის წინააღმდეგ“ - რა პროვოკაციაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან და რა სახის მცოცავი ანექსია მიმდინარეობს თრუსოს ხეობაში, ამის შესახებ წერს გაზეთი ”რეზონანსი”. ”რეზონანსი” აქვეყნებს პარლამენტარ გია ცაგარეიშვილთან ინტერვიუს, სადაც ის აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში ჩამოყალიბებულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოდან წასული ოსების მიერ ფინანსდება. ისინი ატარებენ 200-300 კაციან მიტინგებს ვლადიკავკაზში და ეწევიან დიდი ოსეთის პროპაგანდას, რომლის ფარგლებშიც არის შეყვანილი მთელი დუშეთისა და ყაზბეგის რაიონი. ყაზბეგელებს აქვთ მუდმივი კავშირი ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველ ნათესავებთან. სწორედ მათგან აქვთ სიგნალი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას დარიალის კარი. ამით მოსალოდნელია ძალიან დიდი პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
XS
SM
MD
LG