Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სოფლის მეურნეობის სფერო პრიორიტეტული ხდება


საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ანგარიში მოისმინა. კვეზერელმა კანონმდებლებს სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული მიზნობრივი პროექტები გააცნო - სულ 15 პროექტი, რომელთა შორისაა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, მექანიზაციის პარკის განახლება და სხვ.

ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობის განვითარებაა. შესაბამისად, გაიზარდა ინტერესი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, იმის გასარკვევად, თუ რა კეთდება ამ სფეროში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მიიწვია. კვეზერელმა პარლამენტარებს ის 15 პროექტი გააცნო, რომელთაც მისი სამინისტრო წელს ახორციელებს. მიმდინარე პროექტების გარდა, პრიორიტეტულია სოფლის მეორნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ბაკურ კვეზერელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი
”ჩვენი მთავარი მიზანია უფრო მეტი ინვესტორი შემოვიდეს ამ სექტორში და უფრო თანამედროვე მეთოდები შესთავაზოს მწარმოებლებს. ორი მნიშვნელოვანი კომპანია უკვე წარმოდგენილია ჩვენს სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, მათ კვალდაკვალ კიდევ ბევრი საინტერესო ინვესტიცია შემოვა სასოფლო-სამეურნეო სექტორში.”

ბოლო დრომდე ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში მთავრობის მთავარ პრიორიტეტად არ ითვლებოდა.

საკითხისადმი დამოკიდებულება რომ შეიცვალა, ამაზე მომავალი წლის ბიუჯეტში სოფლის განვითარების პროგრამისთვის უფრო მეტი თანხების გამოყოფაც მეტყველებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი უცხოელი ეკონომისტების რეკომენდაციებიცაა. სოფლის მეურნეობის პერსპექტივებზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო ივიელამაც ისაუბრა.

ნგოზი ოკონჯო ივეალა, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი
”ჩვენ ვხედავთ პერსპექტივებს სოფლის მეურნეობაში, სხვა სფეროებშიც, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი და ძალიან ბევრი დარგია ისეთი, რომელმაც შეიძლება სტიმული მისცეს ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.”

ნგოზი ოკონჯო ივიელას რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობაც დაეთანხმა.

აქამდე ბევრი კრიტიკა ისმოდა იმის გამო, რომ მთავრობა სათანადო ყურადღებას არ უთმობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბიზნესის ამ სფეროს მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტში წლითიწლობით მცირდებოდა და ბოლოს 10 პროცენტამდე დაეცა.

არადა, მასში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანა მუშახელის დიდი მოცულობის გამოთავისუფლების საშიშროებას ქმნის და სწორედ ამიტომ ადგილობრივ სასოფლო ბიზნესში ბევრი არაფერი იცვლებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის სიტყვებიდან ჩანს, რომ საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადების ეგრეთ წოდებული გვერდითი შედეგების შიში დაძლია.

”ეს, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ფაქტორი, თუმცა ინვესტიციები სამუშაო ადგილების შემცირების პირდაპირ პროპორციული არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროში ინვესტირებით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით.”

ბოლო დროს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციის განხორციელების მსურველთა აქტიური ძიება დაიწყო.

ეს იყო ყატარში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც. სოფლის მეურნეობის პერსპექტიულობას კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG