Accessibility links

სამცხე-ჯავახეთში ეიჩ 1 ენ 1-ის არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. კონტროლი არც ვალისა და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა გამკაცრებული. სამცხე-ჯავახეთში, როგორც ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონში, დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, თუმცა მედიკოსები ირწმუნებიან, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

,,გავაჩერებთ ცოტა ხანს, აქ გაჩნდება ხაზები. შესაბამისად, ერთი ხაზი ნიშნავს, რომ ტესტი მუშაობს ნორმალურად, მეორე ხაზი ნიშნავს ა ჯგუფის გრიპს..”

ამ პროცედურით ეიჩ 1 ენ 1-ის _ იმავე “ღორის გრიპის” _ ვირუსის დადგენა უკვე ახალციხეშიც ხდება. მოქალაქეებს, რომელთაც სურდო, ყელის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გამოკვლევებს უფასოდ უტარებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთში ეიჩ 1 ენ 1-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

,,ამ პერიოდისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ქვეტიპის ვირუსის მხრივ ეპიდმდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანუ ჩვენთან არ დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა. ამ გრიპის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებები ინფორმირებულნი არიან, მათ შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩატარებული აქვთ.”

ვალისა და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი ჯერ არ გამკაცრებულა. საზღვარგადმოკვეთილ ავტოტრანსპორტსა და მოქალაქეებს დეზინფექცია და შემოწმება იმ შემთხვევაში ჩაუტარდებათ, თუ ამას ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, – აცხადებს ვალის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი გიორგი კაპანაძე.
,,ვალის გამშვებ პუნქტზე ჯერჯერობით სიმშვიდეა. დასახელებული ვირუსის ნიშნები ნამდვილად არ შეინიშნება. არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ ჩვენი საბაჟო გადმოეკვეთა პიროვნებას, რომელიც იქნებოდა დაავადებული. ჩვენ ველოდებით, რომ თუ რაიმე ინსტრუქციას მივიღებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს ამის შესახებ პოლიტიკას და თუ რაიმე ღონისძიება იქნება საჭირო, ჩვენ თვითონ გავამკაცრებთ.”

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის სამმართველოს უფროსი ლია ბექაური ამბობს, რომ “ღორის გრიპით” ცხოველები არ ინფიცირდებიან. თავდაპირველად ეიჩ 1 ენ 1 ვირუსის დაავადება ძალიან ჰგავდა ცხოველის ვირუსის სიმპტომებს, ამიტომ მას “ღორის გრიპი” ეწოდა.

,,’ღორის გრიპი’ ეს არ არის ცხოველის დაავადება, ეს არის ადამიანის დაავადება, რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული ცხოველებში “ღორის გრიპი” და, შესაბამისად, ჩვენი სამსახური არავითარ ღონისძიებას არ ატარებს ღორის გრიპის საწინააღმდეგოდ.”

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან და როგორ ვიმკურნალოთ დაინფიცირების შემთხვევაში? მედიკოსები ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას “ღორის გრიპის” შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები უკვე დაურიგდა.

,,რა სიმპტომებით გამოვლინდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, პირველ რიგში, ის ვიცი, რომ თავი უნდა დავიცვა სისუფთავით, ჰიგიენით. ტრანსპორტში მოძრაობის დროს ვერიდოთ ბინძურს ყველაფერს და დავიცვათ სისუფთავე ყველგან – საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა.”

,,გამოვლინდება გრიპი ჩვეულებრივი სახით, აქვს ჩვეულებრივი სიმპტომები. Mმე გონი, არანაირი განსხვავებული სიმპტომები არ გააჩნია.”

საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეიჩ 1 ენ 1 უმეტესად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს აღმოაჩნდათ. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთში, როგორც ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონში, დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, თუმცა მედიკოსები ირწმუნებიან, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG