Accessibility links

რუსთავში პირბადით არავინ დადის და, როგორც აფთიაქებში ამბობენ, გრიპის პანდემიის შიშით ანტიგრიპოზულ წამლებს არავინ იმარაგებს. გრიპით დაავადებულ პაციენტთა სიმრავლე არც საავადმყოფოებში შეინიშნება.

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს მისაღებს იმ დროს მივაკითხე, როცა მორიგე ექიმი ასე 3-წლამდე ყმაწვილს ფონენდოსკოპით სინჯავდა.

პატარა გიორგის ახველებდა და, როგორც შემდეგ მისმა ახალგაზრდა მშობელმა, ქალბატონმა მარინამ, მითხრა, ბავშვი საავადმყოფოში მაღალი სიცხის გამო მიიყვანა გასასინჯად.

მშობლის თქმით, ბავშვი ჭირვეულია და ხშირად ცივდება. ამის მიუხედავად, გრიპზე აცრა არ გაუკეთებია, რადგან მის ეფექტურობაში დარწმუნებული არ არის.

ჯულიეტა ლობჟანიძე, მორიგე ექიმი, რომელიც პატარა გიორგის სინჯავდა, ამბობს, რომ, საავადმყოფოს პაციენტთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვებში გრიპის გავრცელების მხრივ, საგანგაშო არაფერია.

„ხან ტალღასავით მოაწყდებიან და მეორე ან მესამე დღეს ეწერებიან. ახლა საავადმყოფოში სულ 7-8 ავადმყოფი გვყავს“, აცხადებს ექიმი ლობჟანიძე.

მისივე დაკვირვებით, განგაშის საფუძველს არც გრიპის ფორმები იძლევა.

რუსთავში, ძირითადად, ავერსის, პე-ეს-პეს და ჯი-პი-სის აფთიაქებია. როგორც ავერსის აფთიაქებში ამბობენ, მოსახლეობა პირბადეების ან ამა თუ იმ წამლის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებს.

როგორც ბავშვთა საავადმყოფოში ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროდან განსაკუთრებული რეკომენდაციები საავადმყოფოს არ მიუღია. მხოლოდ ბროშურები დარიგდა, სადაც აღწერილია „ღორის გრიპის“ სიმპტომები.

გარდა ამისა, წინა კვირაში რუსთავის მერიის შენობაში ადგილობრივი მედიცინის მუშაკებისთვის სემინარი ჩატარდა „ღორის გრიპის“ გავრცელებასთან ბრძოლის შესახებ.
XS
SM
MD
LG