Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელი მოზარდების საქმე სასამართლოშია


დაკავებული ტირძნისელი მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
დაკავებული ტირძნისელი მოზარდები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი
4 ნოემბერს დაკავებული ტირძნისელი მოზარდების შესახებ ცხინვალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და მალე საქმე სასამართლოს გადაეცემა განსახილველად. სასამართლოს გამართვის თარიღი არ კონკრეტდება. არც ის არის ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოზარდებთან დაკავშირებით ოსური მართლმსაჯულება. არასრულწლოვანების გათავისუფლება გადაწყვეტილია - ეს ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიაწოდა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა ჟურნალისტმა თემურ ცხურბაითიმ.

კოკოითის ხელისუფლებას მოზარდების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ცხინვალის არასამთავრობო სექტორიც. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლირა ცხოვრებოვა მიიჩნევს, რომ ტირძნისელი მოზარდები ქართულმა მხარემ პროვოკაციისთვის გამოიყენა. ცხოვრებოვას აზრით, ოსურ მხარეს ბავშვების დაკავების შემდეგ ჯერ საერთაშორისო ხმაური უნდა აეტეხა და შემდეგ მოზარდები დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა.

ქართული მხარე მოზარდების გათავისუფლების თარიღის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. გორში მხოლოდ ის იციან, რომ გამოძიება დასრულდა და სასამართლო პროცესი მალე დაინიშნება. შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი იმედს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე ამყარებს. ჰამარბერგი გორში ჩასვლას ამ კვირის ბოლოს გეგმავს. ვარძელაშვილის თქმით, ჰამარბერგი ცხინვალშიც აპირებს ჩასვლას.

ტირძნისელი მოზარდების გარდა ცხინვალის ციხეში კიდევ ათამდე საქართველოს მოქალაქე რჩება. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება აქვთ წაყენებული. ოსური მხარე როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებულების გაცვლას ითხოვს პრინციპით - ყველა ყველაზე, თუმცა ამ საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ტირძნისელი ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად. მოზარდები 22-ე დღეა პატიმრობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG