Accessibility links

logo-print

ცოტნე გამსახურდიამ მედპერსონალის მომსახურებაზე უარი თქვა


ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიამ მედპერსონალის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა 29-დღიანი შიმშილობის შემდეგ უმძიმესია. ქეთი ბექაურის განმარტებით, დღეს თბილისის პროკურორის მამუკა გვარამიას სახელზე საჩივარი შეაქვს, რომლითაც აპროტესტებს ძველი თბილისის რაიონის გამომძიებლების ზურაბ სხირტლაძისა და ზურაბ კუპატაძის მოქმედებებს. ბექაური განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს კანონი და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს - არ შეასრულეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, არ დაკითხეს დაზარალებული დავით ბაჯელიძე და უარი თქვეს ექსპერტის დაკითხვაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების მტკიცებულების – ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობას. ცოტნე გამსახურდიას ბრალად ედება განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. იგი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 29-ე დღეა შიმშილობს. ცოტნე გამსახურდია 27 ოქტომბერს დააკავეს.
XS
SM
MD
LG