Accessibility links

logo-print

"მოძრაობა 7 ნოემბერი" გამოხატვისა და შეკრების უფლების დარღვევას აპროტესტებს


დღეს პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოხატვისა და შეკრების უფლების დარღვევა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების აზრით 23 ნოემბერს "მოძრაობა 7 ნოემბრის" სამი აქტივისტის დაკავებით მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა. აქციის დაწყებამდე მონაწილეებმა გაზომეს მანძილი პარლამენტის შენობის კიბიდან იმ ადგილამდე, სადაც "მოძრაობა 7 ნოემბრის" აქტივისტები დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია და ჯაბა ჯიშკარიანი იდგნენ. აქციის მონაწილეების აზრით, 23 ნოემბერს "მანიფესტაციის შესახებ" კანონი არ დარღვეულა და სამი აქტივისტი პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში არ იდგა და ამიტომ, სამართალდამცველებს არ ჰქონდათ მათი დაკავების უფლება. აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და "უფლებათა დამცველი სამხრეთ კავკასიის ქსელი". აქციაზე იყვნენ ამ ქსელის წარმომადგენლები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და ნორვეგიელი უფლებათა დამცველი ანა ბონდე. აქციაში მონაწილეობდნენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე, ადამიანის უფლებათა დამცველები ნანა კაკაბაძე და ზაქარია ქუცნაშვილი. აქვე იყვნენ 23 ნოემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. ისინი სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა.
XS
SM
MD
LG