Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღურწკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს წაუყენებენ


მილიციელ ანვარ იბრაგიმოვს, რომელიც ეჭვმიტანილია აფხაზეთიდან დევნილ ედუარდ ღურწკაიას მკვლელობაში, ბრალს დღეს წაუყენებენ.

რუსეთის შსს-მ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვში 19 წლის ედუარდ ღურწკაიას ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით დეტალურ სამსახურეობრივ შემოწმებას ჩაატარებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხაილ სუხოდოლსკიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შემოწმდება, თუ როგორ გახდნენ ეჭვმიტანილები მოსკოვის მილიციის თანამშრომლები და ვინ ხელმძღვანელობდა მათ პროფესიულ მომზადებას.

მოსკოვში ახალგაზრდის მკვლელობისა და სხვა დანაშაულთა გამო, დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის დუმის დეპუტატმა პარტია ”ედინაია როსიიდან” ანდრეი მაკაროვმა მილიცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, შსს საკუთარ ხალხს ებრძვის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ უწყების რეფორმირება შეუძლებელია, ამიტომ მისი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.

მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის მკვლელობას ეთნიკური ნიშნით ადამიანის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ”გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც რუსეთის პირველი პირების ხელდასმით და ბრძანებით ხდებოდა ქართველების დეპორტირება, სკოლიდან რიცხავდნენ ქართველ ბავშვებს. არ შეიძლება ყველაფერმა ამან გავლენა არ იქონიოს თუნდაც რიგითი რუსი მილიციონერის მენტალიტეტზე”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ღურწკაიას სიკვდილი ნასვამი რუსი მილიციელების გარდა, ყველა იმ რუსი პოლიტიკოსის სინდისზეა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველებისგან მტრის ხატს ქმნიან.

აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის ედუარდ ღურწკაია 23 ნოემბერს მოსკოვში ცემით მოკლეს მილიციელებმა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით მილიციის სამი თანამშრომელი დააკავეს, თუმცა ორი მათგანი გაათავისუფლეს.

ედუარდ ღურწკაიას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაიღებს.
XS
SM
MD
LG