Accessibility links

logo-print

დაიწყო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ


გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს, სხვადასხვა ღონისძიებებით მსოფლიოს 154 ქვეყანა უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია საქართველოშიც დაიწყო. 10 დეკემბრის ჩათვლით, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 50-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩატარდება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა. ეს კამპანია 1991 წლიდან ტარდება და დღემდე მასში მონაწილეობა 154 ქვეყანაში 2000-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე, ამბობს, რომ საქართველოში უკვე ბოლო ორი წელია, რაც გენდერული ძალადობის კვირეული უფრო ფართომასშტაბიანი გახდა და წელსაც, მის ფარგლებში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი:

ეს არის გაეროს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული დეკლარაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში ვუერთდებით ჩვენი დეკლარაციით, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაუშვებელია ქალთა მიმართ ძალადობა
”კინოჩვენებები, გამოფენები, შეხვედრები დევნილ ქალებთან. ვფიქრობთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ახალი უამრავი პარტნიორი შემოგვიერთდება, იმისათვის რომ გაფართოვდეს გენდერული ძალადობის (რა ფორმითაც არ უნდა იყოს) წინააღმდეგ ბრძოლა.“

კამპანიის დაწყების პირველ დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაციას ხელი მამაკაცმა პარლამენტარებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმაც მოაწერეს. მათ შორის პირველი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი:

”ეს არის გაეროს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული დეკლარაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში ვუერთდებით ჩვენი დეკლარაციით, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაუშვებელია ქალთა მიმართ ძალადობა და რომ ჩვენ, ხელისმომწერნი, შევეცდებით ადამიანის უფლებათა ამ კონკრეტული დარღვევის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ.”

ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ”სახლის” ხელმძღვანელს რუსუდან ფხაკაძეს ვკითხეთ, რამდენად ფართოა პრობლემათა სპექტრი ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში:

”1997 წელს, როდესაც მე ვიწყებდი ამ თემაზე მუშაობას, სრული სიჩუმე იყო. ახლა კი ამდენი ადამიანი მუშაობს და ეს ქმნის ცვლილებებს. პრობლემის მასშტაბი ვერ დაიკლებდა, მაგრამ პრობლემის აღიარების მასშტაბი გაიზარდა და ახლა სწორედ ის ეტაპია, რასაც ყინულის დაძვრა ჰქვია.”

ლალი ფაფიაშვილი
ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ამ სფეროში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ლალი ფაფიაშვილი ძალადობის მსხვერპლთა სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი მიმართვის სიხშირეს ასახელებს:

”ძალიან ხშირად ეს საკითხი არის დახურული, ოჯახურ ფარგლებს არ სცდება, რის გამოც პოტენციური მსხვერპლისათვის დახმარების აღმოჩენა ძალიან უჭირთ როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებს, ისე არასამთავრობოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.”

ლალი ფაფიაშვილი შენიშნავს, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, სულ რამდენი ადამიანი მიმართავს დახმარებისათვის საკონსულტაციო ცენტრებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამის მიზეზია ძალადობის მსხვერპლთა უფლება, დაცული იქნეს მათი ანონიმურობა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი კი ფიქრობს, რომ ძალადობასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია და ამისათვის 16 დღე ძალიან ცოტაა:

”ძალადობის ყველა ფორმას უნდა ვებრძოლოთ - სხვანაირად არ გადარჩება და განვითარდება ეს საზოგადოება. 16 დღე არ არის საკმარისი, მაგრამ მაინც საქმეა.”
XS
SM
MD
LG