Accessibility links

საარჩევნო კოდექსის ჯგუფი მუშაობას „ალიანსის“ გარეშე განაგრძობს


საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ ხელმოწერით დაადასტურა სურვილი, რომ ძალაში დარჩეს 9-თვიანი მუშაობის შედეგად მიღწეული შეთანხმებები. ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი დღეს, 25 ნოემბერს, მოაწერა. მმართველი პარტია თვლის, რომ შეთანხმებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს კანონპროექტში, რომელზეც ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები იმუშავებენ. პროცესს არ უერთდება ”ალიანსი საქართველოსთვის”, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მუშაობის ძველ ფორმატში, NDI-ის ოფისში გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის აუცილებლობას საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის სხვა პოლიტიკური ძალებიც ხედავენ, თუმცა მმართველი გუნდი ძველებური შეხვედრების რესურსს ამოწურულად მიიჩნევს.

9-თვიანი მუშაობის პროცესში შეთანხმებული პუნქტების ძალაში დატოვების დოკუმენტს 25 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, პავლე კუბლაშვილმა მოაწერა ხელი და იქვე განმარტა შემდგომი ნაბიჯიც: ”პროცესი წავა უკვე საკანონმდებლო ჭრილში. ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც შეთანხმების მონაწილენი არიან და, შესაბამისად, საკანონმდებლო პროცესი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ალბათ, დასრულდება.”

დოკუმენტზე ხელმოწერა საერთაშორისო ორგანიზაციის - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) - ოფისში შედგა, სწორედ იქ, სადაც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები იმართებოდა. თუმცა 18 ნოემბერს მმართველმა გუნდმა პროცესის ძველ ფორმატში გაგრძელების რესურსი ამოწურულად ცნო და ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკურ ძალებს ინდივიდუალური კონსულტაციებისკენ მოუწოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის” მხარი არ დაუჭირა თბილისის მერის არჩევისთვის 30%-იანი ბარიერის დაწესების წინადადებას. „ალიანსი“, ასე ვთქვათ, მხოლოდ 5%-იან კომპრომისზე წავიდა და 18 ნოემბრის შეხვედრაზე 45%-იან ბარიერს ითხოვდა. ამასთან, გაერთიანება ეწინააღმდეგებოდა საოლქო და საუბნო კომისიათა თავმჯდომარეების მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების წიაღიდან არჩევას. იმ დღეს მმართველმა პარტიამ „ალიანსი საქართველოსთვის“ დესტრუქციულობაში დაადანაშაულა.

თუმცა „ალიანსი“ ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლებამ ”გაიჯახუნა კარი” და აღარ მოინდომა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება. „ალიანსი საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ შეხვედრები ისევ NDI-ის ოფისში უნდა გაგრძელდეს. და თუ მაინც მმართველი პარტია სხვა გზას აირჩევს და კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტში შეუდგება, „ალიანსი“ პროცესს არ შეუერთდება. როგორც გაერთიანების წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, სამომავლო გეგმები და, მათ შორის, მაისის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი, იმ მუშაობის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომლის წარმართვაც ხელისუფლებამ „ალიანსის“ გარეშე გადაწყვიტა.

”ჯერ მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტმა, რა საკანონმდებლო ბაზას შესთავაზებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, და შემდეგ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან ნათელ პოზიციას დავაფიქსირებთ, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული საარჩევნო კანონმდებლობისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით”, - უთხრა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა აბაშიძე იმედოვნებს, რომ საქმე ბოიკოტამდე არ მივა, ხელისუფლება გადაწყვეტილებას გადახედავს და საარჩევნო ჯგუფის მუშაობას დაუბრუნდება. პროცესის გაგრძელების საკუთარი ხედვა „ალიანსმა“ 25 ნოემბერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც გააცნო.

სხვათა შორის, მუშაობის ძველებურად NDI-ის ოფისში გაგრძელების აუცილებლობას სხვა პოლიტიკური ძალებიც ხედავენ - მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ეკუთვნოდა ინიციატივა უკვე მიღწეული შეთანხმებები ხელმოწერით დადასტურებულიყო. პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ძველი ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ”ჩვენი თხოვნა იყო NDI-ის ხელმძღვანელისადმი, რომ მან ხელი შეუწყოს, რათა ამ სამუშაო ჯგუფმა განაახლოს მუშაობა და ყველა ის სამუშაო, რომელიც საბოლოოდ კოდექსის გაჯანსაღებისთვის არის საჭირო, ამ ფორმატში აუცილებლად განახლდეს და ჩატარდეს”, - აღნიშნა ქარდავამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

საარჩევნო კოდექსი მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებს არ გულისხმობს და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო არ უნდა შეწყდეს საერთო პროცესი, რომელმაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკაც უნდა განსაზღვროს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ინტერპარტიული ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. ის თვლის, რომ შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და მუშაობა უნდა წარიმართოს თუ არა NDI-ის ოფისში, რომელიმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მაინც, ყოველ შემთხვევაში - არა პარლამენტში და არა რომელიმე პარტიის ოფისში.
XS
SM
MD
LG