Accessibility links

logo-print
"ბიტლზების" თაყვანისმცემლებისთვის ნოემბრის ბოლო დღეები სევდიან თარიღს უკავშირდება. 2001 წლის 29 ნოემბერს, ჯონ ლენონის დაღუპვიდან 29-ე წლისთავამდე 9 დღით ადრე, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა "ბიტლზის" ყველაზე უმცროსი წევრი ჯორჯ ჰარისონი. ბოლო წუთამდე მის გვერდით მეუღლე ოლივია და ვაჟიშვილი დხანი იმყოფებოდნენ. ტვინის სიმსივნით დასნეულებული ჯორჯის უკანასკნელი სიტყვები იყო: "გიყვარდეთ ერთმანეთი!"

ჰარისონის სიკვდილმა მთელ მსოფლიოში მუსიკის მოყვარულთა სევდა გამოიწვია... "მისმა წასვლამ თავზარი დამცა... ჩემთვის ჯორჯი უმცროსი ძმასავით იყო", თქვა იმ დღეებში პოლ მაკკარტნიმ. გამოჩენილი ადამიანების ინტიმური ცხოვრების ცნობილი სპეციალისტი კრის ჰაჩინსი ირწმუნებოდა, რომ მსოფლიო, სანამდვილეში, არ იცნობდა ჰარისონს: "ბიტლომანია მას მძიმე ტვირთად აწვა მხრებზე. სიმდიდრე არ იზიდავდა ჯორჯს, ის ყველაზე ღარიბი "ბიტლი" იყო. მისი ფინანსური სიძნელეების შესახებ არავინ იცოდა", ამტკიცებდა ჰაჩინსი. დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერმა ტონი ბლერმა კი განაცხადა: "ჰარისონი არა მარტო შესანიშნავი მუსიკოსი და მსახიობი იყო, არამედ არაჩვეულებრივად ხელგაშლილი ადამიანი, მეცენატი და ჰუმანისტიც."

ჯორჯს ყოველთვის "წყნარ ბიტლს" უწოდებდნენ: "Don't bother me" ("ნუ მაწუხებთ") - ასე ერქვა მის სიმღერას ალბომიდან With the Beatles. ყველა, ვისაც სახელგანთქმულ ოთხეულთან ჰქონდა საქმე, ჰარისონის დახვეწილ იუმორს და მომხიბლავ ძალას აღნიშნავდა. როცა პროდიუსერ ჯორჯ მარტინის სტუდიაში "ბიტლზის" პირველი ჩაწერის დროს მარტინმა სთხოვა მუსიკოსებს საკუთარი შენიშვნები გამოეთქვათ, ჰარისონმა მას დაუყოვნებლივ უპასუხა, უპირველეს ყოვლისა, თქვენი ჰალსტუხი არ მომწონსო. ჰარისონის ხუმრობა იმწამსვე პრესის ფურცლებზე მოხვდა და საზოგადოების აღტაცება გამოიწვია. ჯორჯი "ბიტლზიდან" ყველაზე ახალგაზრდა იყო. "ვარსკვლავური" კომპლექსი მას სრულებით არ აწუხებდა - ჰარისონი ყველგან და ყოველთვის მუსიკოსად რჩებოდა. მისი აზრით, ჯგუფი, საბოლოო ჯამში, დაღუპეს ბიტლომანიამ, მყვირალა თაყვანისმცემელმა ქალებმა, ფოტოგრაფებმა, ლიმუზინებმა...

თავის მემუარებში მუსიკოსი წერდა: ჩვენი ოთხეული ზოოპარკში მოთავსებულ, სივრცეს და მოსვენებას მოკლებულ ცხოველებს დაემსგავსაო. სიმშვიდეს ჯორჯი ყველგან და ყოველთვის ეძებდა და, როგორც იქნა, სამოციანი წლების ბოლოს ინდოეთში მოიპოვა. ჰარისონი იქ თავის პირველ ცოლთან ერთად სახელგანთქმული მუსიკოსის, რავი შანკარის, გაცნობის მიზნით ჩავიდა. სწორედ რავი შანკარმა ასწავლა ჯორჯს სითარზე დაკვრა. სულ მალე ამ ინდურმა ინსტრუმენტმა მსოფლიო როკ-მუსიკის არსენალში დაიმკვიდრა ადგილი. რავი შანკარი ასე იხსენებდა ჰარისონთან შეხვედრებს: "როცა ჯორჯ ჰარისონი მოვიდა ჩემთან, არც კი ვიცოდი რა მეფიქრა. მერე კი მივხვდი, რომ ჩემთან სწავლა უნდოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პოპ-ჟანრში ინდური მუსიკა აფეთქებას გამოიწვევდა. ეს ერთდროულად უცნაური, საინტერესო და მომხიბლავიც იყო". ინგლისში ჰარისონი ხშირი წვერით და ახალი შინაგანი რწმენით დაბრუნდა და "ბიტლზის" დანარჩენი წევრები დაარწმუნა, უარი ეთქვათ ჰალუცინოგენების მოხმარებაზე. არადა, იმხანად ნარკოტიკების მოხმარება მისი მეგობრებისთვის პრობლემად იქცა.

ავტობუსის მძღოლს ჰაროლდ ჰარისონს და მის მეუღლე ლუიზას მეოთხე, ნაბოლარა შვილი 1943 წლის თებერვალში შეეძინათ. ოჯახი ლივერპულის გარეუბანში ცხოვრობდა. "ბედნიერი ბავშვობა მქონდა", იხსენებდა სიცოცხლის ბოლოს ჯორჯი. "ჩვენს ოჯახს ყოველთვის ბევრი ხალხი სტუმრობდა. მხიარულ გუნებაზე, ისინი ჩემი მშობლების გრამფირფიტებს უსმენდნენ~. 1957 წელს ლივერპულის ვაჟთა ინსტიტუტში ჯორჯმა გაიცნო უფროსი კლასის მოსწავლე პოლ მაკკარტნი. ჰარისონის მიერ გიტარის ფლობამ პოლი გააოცა. იმხანად მაკარტნი ჯგუფ The Quarrymen-ში მეორე მუსიკოსად ითვლებოდა. სწორედ მაკკარტნის რეკომენდაციით აიყვანა ჰარისონი ჯგუფში მოწაფედ The Quarrymen-ის ხელმძღვანელმა ჯონ ლენონმა. 1960 წელს ანსამბლმა სახელი შეიცვალა - ჯერ "სილვერ ბიტლზად", შემდეგ კი, უბრალოდ, "ბიტლზად" მოინათლა.

2002 წლის 30 ნოემბერს, ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ლონდონის უდიდეს დარბაზ "ალბერტ-ჰოლში" გამართულ როკ-ვარსკვლავების კონცერტზე, რომელიც ჰარისონის ხსოვნას მიეძღვნა, მისმა თაყვანისმცემლებმა გამოფინეს პლაკატი, რომელზეც სულ სამი სიტყვა ეწერა: "Thank you, George!"
XS
SM
MD
LG