Accessibility links

logo-print

გერმანიაში მაღალი რანგის სამხედრო პირი გადადგა ავღანეთში სექტემბრის ინციდენტის გამო


გერმანიის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელი ვოლფგანგ შნაიდერჰანი პოსტიდან გადადგა ინციდენტის გამო, რომელმაც 4 სექტემბერს ავღანეთში ათობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგმა დღეს პარლამენტში გამოაცხადა შნაიდერჰანის გადადგომის შესახებ და დასძინა, რომ შნაიდერჰანს, რომელიც გენერალური ინსპექტორი იყო, არ მიუწოდებია სათანადო ინფორმაცია სექტემბრის ინციდენტის შესახებ. როგორც იუწყებიან, 4 სექტემბერს გერმანელმა ოფიცერმა ნატოს მიმართა თხოვნით, კუნდუზის პროვინციაში საჰაერო იერიში განეხორციელებინა ორ ავტოცისტერნაზე, რომლებიც ხელში ჩაიგდეს თალიბებმა და იყო საფრთხე, რომ მათ ნატოს და მისი მოკავშირეების ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ ნატოს საჰაერო იერიშს, ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი. კუნდუზის იერიშმა აღშფოთება გამოიწვია გერმანიაში, სადაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობა ეწინააღმდეგება ავღანეთის მრავალეროვან ოპერაციაში გერმანიის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG