Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობა გორის რაიონის სოფლებს შეშით ამარაგებს


გერმანიის მთავრობამ გორის რაიონის სოფლების შეშით მომარაგებისთვის 50 ათასი ევრო გამოყო. სამი სოფლის 334 ოჯახი 3 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. გერმანიის ელჩის პატრიცია ფლორის განცხადებით, პროექტი ახალ წლამდე დასრულდება. გერმანიის ელჩი დღეს თავად ესტუმრა სოფელ კვარხეთს და იქაურებს ქართულად მიმართა. მან სოფელში გერმანიის მთავრობის დახმარება - შეშა ჩაიტანა. სოფელი კვარხეთი ოკუპირებული ოსური სოფლების სიახლოვესაა. კვარხეთელები მიმდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად ვეღარ შედიან, რადგან ოსმა და რუსმა შეიარაღებულმა პირებმა არაერთი ქართველი დააკავეს და გადაიყვანეს ცხინვალში. სოფლის მაცხოვრებლებმა გასათბობად ხეხილის მოჭრაც კი დაიწყეს. გერმანიის მთავრობის დახმარება გორის რაიონს სრულად ვერ მოიცავს, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დარჩენილი სოფლების მოსახლეობისთვის შეშის მოსაჭრელად სპეციალური ადგილები გამოყო. მხარის რწმუნებულის, ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადებით, სოციალურად შეჭირვებულებს შეშას სახლში მიუტანენ. წლის ბოლომდე, მოსახლეობის გარდა, შეშით კულტურის სახლებს და სასოფლო კლუბებსაც მოამარაგებენ.
XS
SM
MD
LG