Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელმა მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს


დღეს ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში თანაკლასელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ცხინვალში დაკავებული ოთხი ტირძნისელი მოზარდის დაკავებიდან 22 დღე გავიდა. გიორგი რომელაშვილი, ვიქტორ ბუჩუკური, ალეკო ცაბაძე და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ცხინვალელმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. მათმა თანაკლასელებმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მოსთხოვეს. ტირძნისის სკოლაში დაკავებულების შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ცხინვალში გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოს გადაეცა. სკოლის დირექტორის კახა კახიაშვილის განცხადებით, მიუხედავად დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების დაპირებისა, რომ მშობლებს დაკავებულებთან შეახვედრებდნენ, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მოსწავლეების აქციას პედაგოგებიც შეუერთდნენ. კვირას გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ჩამოსვლას ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ ჰამარბერგი ცხინვალშიც გაემგზავრება. ტირძნისელები იმედს ახლა ევროკომისრის ვიზიტზე ამყარებენ და ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჰამარბერგი დაკავებულებს ცხინვალიდან თავად გამოიყვანს. დღესვე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კოჩიევის განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს დაკავებულების გაცვლას პრინციპით - ყველა ყველაზე - სათავაზობს.
XS
SM
MD
LG