Accessibility links

ტირძნისელი მოსწავლეები მეგობრების გათავისუფლებას ითხოვენ


ტირძნისელი მოსწავლეების საპროტესტო აქცია

ტირძნისელი მოსწავლეების საპროტესტო აქცია

დღეს ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში თანაკლასელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ცხინვალში დაკავებული ოთხი ტირძნისელი მოზარდის დაკავებიდან 22 დღე გავიდა. გიორგი რომელაშვილი, ვიქტორ ბუჩუკური, ალეკო ცაბაძე და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ცხინვალელმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. მათმა თანაკლასელებმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მოსთხოვეს.

„ჩვენი მეგობრები გვენატრება, გვინდა რომ დაგვიბრუნონ, ძალიან კარგი და კეთილი ბავშვები არიან. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ კლასელების დაბრუნებაში დაგვეხმარონ. ასევე, მივმართავთ ოსებს რომ დაკავებულები გაათავისუფლონ“, – განაცხადეს აქციაზე მოსწავლეებმა.


ტირძნისის სკოლაში დაკავებულების შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ცხინვალში გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოს გადაეცა. სკოლის დირექტორის კახა კახიაშვილის განცხადებით, მიუხედავად დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების დაპირებისა, რომ მშობლებს დაკავებულებთან შეახვედრებდნენ, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

„დაკავებულ არასრულწლოვანთა უფლებები ირღვეოდა და ირღვევა ახლაც. 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს. მივმართავ ყველას, რომ არ დაიშურონ ძალ-ღონე ამ ბავშვების გასათავისუფლებლად, რათა ეს ბავშვები მალე დაუბრუნდნენ საკუთარ სოფელს, ოჯახს და სკოლას“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მოსწავლეების აქციას პედაგოგებიც შეუერთდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს მათაც აქტიურობისკენ მოუწოდეს. ტირძნისის სკოლის მასწავლებლის დალი ნასყიდაშვილის განცხადებით, დაკავებული აღსაზრდელები მასაც ძალიან მოენატრა.


კვირას გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ჩამოსვლას ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ ჰამარბერგი ცხინვალშიც გაემგზავრება. ტირძნისელები იმედს ახლა ევროკომისრის ვიზიტზე ამყარებენ და ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჰამარბერგი დაკავებულებს ცხინვალიდან თავად გამოიყვანს. დღესვე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კოჩიევის განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს დაკავებულების გაცვლას პრინციპით - ყველა ყველაზე - სათავაზობს.
XS
SM
MD
LG