Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სადესანტო ხომალდის ყიდვას გეგმავს


სოხუმი, რუსული სამხედრო გემი შავ ზღვაში
სოხუმი, რუსული სამხედრო გემი შავ ზღვაში
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სადესანტო ხომალდ ”მისტრალის” შესაძლო მიყიდვის გამო ხელისუფლებას აქტიური დიპლომატიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

დღევანდელ ბრიფინგზე დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა გაიხსენა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის, ვისოცკის განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიარაღებაში "მისტრალის" კლასის ხომალდების არსებობის შემთხვევაში საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტისას შავი ზღვის ფლოტი ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არა 26 საათის განმავლობაში.

"გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ შავი ზღვის შედარებით მცირე აკვატორიაში რუსეთმა უკვე განათავსა შვიდი დიდი სადესანტო ხომალდი და ფრანგული ვერტმფრენმზიდის შესაძენად ემზადება, ნათელია, რომ რუსული მხარე შეტევით ოპერაციას გეგმავს და საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო დესანტის გადმოსხმისთვის ემზადება” - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთისთვის ფრანგული უნივერსალური ხომალდის მიყიდვა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, რაც ქვეყნის ხელისუფლებისა და პარტნიორი სახელმწიფოებისთვის განგაშის საფუძვლად უნდა იქცეს.

თავად ქრისტიან-დემოკრატები საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ წერილს გაუგზავნიან.
XS
SM
MD
LG