Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 ნოემბერი 2009


”ყველა სიახლის” პირველ გვერდზე არის სათაური-შეკითხვა: ”ვინ დაგეგმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება?” - აქ ზურაბ ჟვანიას ძმასთან, გოგა ჟვანიასთან, ინტერვიუს წაიკითხავთ. ის ამბობს, რომ ინფორმაცია აუდიოჩანაწერის არსებობის შესახებ, რომელზეც ბოლო დროს თემურ შაშიაშვილი საუბრობდა, მას ადრეც ჰქონდა. გოგა ჟვანია ამბობს: ”ვიცი იმ პირთა წრე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ინსცენირება იგეგმებოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ. ამჯერად მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ. დადგება დრო და ყველაფერი გამჟღავნდება.” - გოგა ჟვანიას ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ. ჟვანიას ჩემი დასაცავი არაფერი სჭირს. სხვა საქმეა ის, რომ გუნდი, რომელთანაც ის მოღვაწეობდა, გამყიდველების გუნდი აღმოჩნდა” - ეს არის ნაწყვეტი გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუდან, რომელსაც ”ახალ თაობაში” ნახავთ. რესპონდენტის თქმით, ის ”რაღაც მომენტიდან” ეუბნებოდა ჟვანიას, რომ პირველს მას მოიცილებდნენ. ამავე ინტერვიუში ხაინდრავა სხვა თემებზეც საუბრობს და ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტებს ეხება: ”მე სახელმწიფო მინისტრის რანგში 15 წამის განმავლობაში ველაპარაკე რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ტელეფონით. ეს დაუდეს საფუძვლად ჩემს წინააღმდეგ ბრალდებას ჯაშუშობაზე. ნოღაიდელი მეორედ მიდის მოსკოვში ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრაზე. წინა შეხვედრაზე ნოღაიდელი კარასინს შეხვდა. ეს ის კარასინია, ცეცხლს რომ უკიდებენ ჩვენთან ნაციონალები - წიკლაურები და დარჩიაშვილები. ნოღაიდელი ვისი დავალებით მიდის? რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალებით მიდის”, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

”ჯორჯიან ტაიმსი”, როგორც თავად ავტორი წერს, ”საქართველოდან გადახვეწილ ყოფილ დეპუტატ” ვალერი გელბახიანს ესაუბრა. ის ამბობს: ”აქტივობა დავკარგე და, ეტყობა, იმიტომ მაცდიან, რომ შედარებით მშვიდად ვიცხოვროო.”

”რეზონანსს” 23 ნოემბრის შეწყალების დეტალებს უზიარებს რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე. მისი თქმით, შეწყალებულთაგან ”კომისიის შუამდგომლობით 12 გათავისუფლდა, 2-ს სასჯელი გაუნახევრდა. საერთო ჯამში, 131 ადამიანი გათავისუფლდა მთლიანად პატიმრობიდან.19-ს დარჩენილი ვადა გაუნახევრეს, 6 ადამიანს ერთი წელი მოუხსნეს დარჩენილი ვადიდან”, - ამბობს თევდორაძე.

”რეზონანსიც” და ”ალიაც” წერენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თვე-ნახევრის წინანდელ გამოსვლაზე ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში, ”ჩეთემ ჰაუსში”, და ამ გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც, გაზეთების თანახმად, რომლებიც, თავის მხრივ, ”საქართველოს მედია-ცენტრის” ინფორმაციას ეყრდნობიან, საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადებია, რომ ”საქართველოში არ არის არც ერთი სატელევიზიო არხი, რომელიც სახელმწიფოსგან რაიმე ფორმით დახმარების გარეშე მუშაობას შეძლებდა”. ”ალიამ” ამ საკითხზე კომენტარი ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელს ნინო ჯანგირაშვილს სთხოვა: ”ვაშაძემ რა იგულისხმა, არ ვიცი. თუ ის მართლა გულწრფელობის ხასიათზე დადგა და აღიარა ის მანკიერი გარემო, რაც დღეს არსებობს, ამას მივესალმები, თუმცა, ვფიქრობ, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენი მინისტრი ასეთ აღიარებებს აკეთებს, მინიმუმ, შოკში აგდებს დასავლეთის აუდიტორიას. ისე, ეს ყველაფერი ვაშაძის გარეშეც ვიცით”. - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი. მას ”ალია” დაუკავშირდა.

”24 საათი” დღეს საქართველოში აშშ ელჩთან - ჯონ ბასთან - ინტერვიუს აქვეყნებს. ბასი ამბობს: ”ვფიქრობ, ნათელია, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს პროგრესი მართლაც აღსანიშნავია. თქვენი ქვეყანა თავისი დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკური პროგრესით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისგან ნამდვილად გამოირჩევა.” - შეერთებული შტატების ელჩი იქვე დასძენს: ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, გასაკეთებელი მეტია. ეს თავად საქართველოს ინტერესებში შედის, რადგან ეს გზა ქვეყანას თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მაშინ, როდესაც საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ არც ჩვენი დემოკრატიაა იდეალური და, შესაძლოა, არ არსებობს იდეალური ფორმის დემოკრატია.”

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილს, ნინა ხრუშჩოვას, ესაუბრა. ის პროფესიით ლიტერატორია, დაკავებული იყო პოლიტიკური ანალიზით და აქვს ცნობილ ამერიკელ დიპლომატებთან მუშაობის გამოცდილება. რუსეთსა და აშშ-ს შორის საქართველოს საკითხზე არსებულ შეუთანხმებლობაზე ხრუშჩოვა ამბობს: ”არ ვიცი საქართველოს თაობაზე როგორ მოილაპარაკებენ. რუსეთი ამ რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს, ამერიკა კი საქართველოსთვის ომში არ ჩაებმება. ცნობილია ისიც, რომ ორივე მხარე ქართული საკითხის გვერდის ავლას შეეცდება. მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და შეეცდებიან ჯერჯერობით ამ თემას არ მიუბრუნდნენ. ომის თემა მომგებიანი არაა. ამჟამად ძალიან საინტერესო და, იმავდროულად, სახიფათო პერიოდი დგას.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG