Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა პოლიციას ნებისმიერი მძღოლის გაჩერებისა და ჩხრეკის უფლება


ადამიანის უფლებათა დამცველები შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ, პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცველებს ნებისმიერი ავტომანქანის გაჩერებისა და ჩხრეკის უფლება მიეცემათ. პოლიციელთა უფლებების საგრძნობ გაძლიერებასთან დაკავშირებულ ამ ინფორმაციას ადასტურებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელიც, თუმცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამგვარ პერსპექტივას უარყოფს და აჟიოტაჟს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და ის, პროექტის სახით, პარლამენტში 19 ნოემბერს შევიდა, 26 ნოემბერს კი მოსალოდნელი ცვლილებები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იხილებოდა. ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ცვლილებების განხილვა თანდართულ განმარტებით ბარათთან შეუსაბამო, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიციას, ადამიანის უფლებების შევიწროების ხარჯზე, დამატებითი ბერკეტები მიანიჭოს.

”კანონში მკვიდრდება ის, რაც მასში არასოდეს ყოფილა. ეს კანონი 1993 წელს იყო მიღებული, როცა საქართველოში ბანდფორმირებები დათარეშობდნენ. თუმცა კანონმდებელი მაშინაც ვერ ბედავდა და ვერც კანონში წერდა პირდაპირ და ხელაღებით, რომ რეიდის დროს, ყოველგვარი მოწმეების დასწრების გარეშე, შეუძლია პოლიციელს გააჩეროს ფიზიკური პირი ან სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოს ის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ცაგარეიშვილმა.

კანონპროექტში ნახსენებმა სიტყვა ”შემოწმებამ” აზრთა სხვადასხვაობა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე განხილვაზეც გამოიწვია. მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს არაერთხელ მოუხდა იმის განმარტება, რომ ”შემოწმება” ”ჩხრეკას” მხოლოდ დამნაშავეთა დაკავების შემთხვევაში ნიშნავს და რომ კანონმორჩილი მოქალაქეების ჩხრეკას არავინ აპირებს. საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უკვირს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარეს შოთა უტიაშვილსაც, რომელიც უარყოფს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის განზრახვას:

”ძველი რედაქციით, ეწერა, რომ პოლიციას რეიდების დროს აქვს გაჩერების უფლება და ახლა, ახალი რედაქციით, დაემატება, რომ აქვს მანქანის გაჩერების და საბუთების შემოწმების უფლება. მანქანის გაჩერების დროს საბუთები რომ მოწმდებოდა, ეს ისედაც იგულისხმებოდა, მაგრამ, უბრალოდ, გვინდა, რომ კანონში განვმარტოთ. არანაირი ჩხრეკის უფლება ამ მუხლით პოლიციას არ ეძლევა”, - აღნიშნავს შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას და იქვე განმარტავს ჩხრეკის უფლების სპეციფიკასაც: ” ჩხრეკა ტარდება და ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ არის საბუთი, თუ არის მოსამართლის ნებართვა ან უკიდურესი აუცილებლობა... ამ მხრივ ყველაფერი ზუსტად ისე დარჩება, როგორც ადრე იყო. ”

ამგვარი განმარტებების მიუხედავად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ კანონპროექტის შემდგომ განხილვამდე სადავო და ორაზროვანი ტერმინები უფრო ნათლად ჩამოყალიბდება, რაც კანონის სხვადასხვანაირად წაკითხვისა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვის საშუალებას მოსპობს. ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ 26 ნოემბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მათ ამგვარი დაპირება მიიღეს.

კანონში შესატანი ცვლილებების ნათლად განმარტების აუცილებლობას ხედავს ადვოკატი ლია მუხაშავრიაც, რადგან ის ფიქრობს, რომ პოლიციის კანონში შესატანი ცვლილებები სწორედაც რომ პოლიციური წნეხის ბერკეტების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თანაც კონკრეტულ ჭრილში:

”ვფიქრობ, რომ ამით ხდება 2007 წლის 7 ნოემბრის პოლიტიკის გაგრძელება, რომ რეპრესიული აპარატი ხელისუფლებას ჰქონდეს და თან ჰქონდეს მოახლოებული არჩევნების წინ. ეს იქნება დამატებითი ძალისმიერი რესურსი, რომელსაც ის გამოიყენებს აუცილებლად.”

სხვა შემთხვევაში, ლია მუხაშავრიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა სწორედ ახლა საჭირო ცვლილებების შეტანა პოლიციის შესახებ კანონში, როდესაც კრიმინალური სიტუაცია გაუმჯობესებულია და ხელისუფლება აცხადებს, რომ მან ქურდული სამყარო დაამარცხა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG