Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგს ცხინვალშიც ელიან


თომას ჰამარბერგi, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

თომას ჰამარბერგi, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. თომას ჰამარბერგი შეხვედრებს თბილისსა და გორში გამართავს და გაემგზავრება ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პატიმრობაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ოთხი ტირძნისელი მოზარდი იმყოფება.

ცხინვალში დღეს დაადასტურეს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან პირველ დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისას ოთხი დაკავებული მოზარდის საკითხიც განიხილება. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევმა სააგენტო ”რეს”-ს აცნობა, რომ თომას ჰამარბერგთან საუბრის მთავარი თემა ქართული მხარის მიერ უკანონოდ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეთა გათავისუფლება იქნება.

თბილისი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებას ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე, უპირობოდ მოითხოვს - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განუცხადა. თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კნუტ ვოლებეკთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილა.

გასულ კვირაში ქართველმა პარლამენტარებმა ევროსაბჭოს კომისარი უმოქმედობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ”რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც ის არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული ოთხი მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს?” - განაცხადა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა.

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. საქართველო მოზარდების გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს დახმარებას.

თომას ჰამარბერგი საქართველოში ვიზიტს 4 დეკემბერს დაასრულებს.
XS
SM
MD
LG