Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალები და ნარკოტიკები ქართულ ფეხბურთში


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომელიც 27 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის სხდომაზე უნდა დადებულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, თუმცა, როგორც მან განმარტა, დღესდღეობით არსებული ციფრები არ შეიცვლება. ციფრები კი ასე გამოიყურება: 2005-2009 წლებში ფეხბურთის ფედერაციამ 56 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ვალმა 10 მილიონ ლარს მიაღწია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვალს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა გაისტუმრებს, აცხადებს ზვიად სიჭინავა. ერთ-ერთი მსხვილი ვალი ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ბანკს უნდა გადაუხადოს. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის თქმით, შენობა, გირაოს სახით, 2 მილიონ ლარად ბანკში ფეხბურთის განვითარებისათვის ჩაიდო. ასევე ბანკშია ჩადებული ეროვნული სტადიონის 5 პროცენტიანი წილი. გარდა ამისა, დასაფარია სახელფასო დავალიანებები და გადასახდელია „ტაოპროვატბანკისა“ და ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკის ვალი.

დაბალი მენეჯმენტი და თანხის არასწორი ხარჯვა - ამ ფაქტორებს მიიჩნევს ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი აღნიშნული რაოდენობის დავალიანების ერთ-ერთ მიზეზად.

როგორც აღმასრულებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა და თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, სანამ არ დაიდება აუდიტორული დასკვნის საბოლოო ვარიანტი, რთული იქნება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბარი.

სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ნამგალაურის განცხადებით, ამ ეტაპზე აუდიტორულ დასკვნაში რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტები არ იკვეთება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ არსებულ ვალებზე.

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც დღეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის სხდომის შემდეგ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა და აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გეგეჭკორმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მოქმედი ფეხბურთელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და შენახვაში არიან მხილებულნი: ”ამ ფაქტის შესახებ მე ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში, თუმცა ამას რაიმე განსაკუთრებული რეაგირება არ მოჰყოლია. მე იმედი მაქვს, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად სათანადო ზომებს მიიღებს”, - აცხადებს გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა განცხადება გადადგომის შესახებ 2009 წლის 17 სექტემბერს მოულოდნელად გააკეთა, რის მიზეზადაც მან საქართველოს ნაკრების წარუმატებელი მატჩების სერია დაასახელა.
XS
SM
MD
LG