Accessibility links

logo-print
რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში პერიოდულად ჩნდება ცნობა იმის თაობაზე, რომ სულ მალე მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება. ჯერ კიდევ შარშან, აგვისტოს ომის დასრულებისთანავე, აფხაზეთის ავიაციის მესვეურები ასახელებდნენ საჰაერო კავშირის აღდგენის სავარაუდო დროს – დაახლოებით ორ-სამ თვეს. გავიდა ერთ წელიწადზე მეტი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

სულ ახლახან საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართვასა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადება ორი თვის წინაც გავრცელდა. რა აფერხებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმისვლის დაწყებას? იქნებ ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლება ანდა იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა? ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ რუსეთში გამომავალი ჟურნალის “ავიატრანსპორტის მიმოხილვის” მთავარ რედაქტორს, ალექსეი სინიცკის, მიმართა.

ალექსეი სინიცკი: “რადგანაც საერთაშორისო მიმოსვლის საფუძველი ორმხრივი მთავრობათაშორისი ხელშეკრულებებია, რუსეთს არაფერი უშლის ხელს მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებულ აფხაზეთთან მოლაპარაკებები გამართოს და საჰაერო მომოსვლა დაიწყოს. იკაო – ესაა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს ორგანო. ასევე არსებობს ჩიკაგოს კონვენცია, რომელშიც ჩადებულია ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპები. არ არსებობს ზესამთავრობო დონეები და შეზღუდვები. ამასთან, ცნობილია საერთაშორისო დონეზე რამდენიმე ანალოგიური მაგალითი. ავიღოთ ტაივანი, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ მასთან ინტენსიური საჰაერო კავშირი მაინც არსებობს. აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ავიაკომპანიებიც, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფრინავენ, ისევე როგორც ამას აკეთებენ უცხოური ავიაკომპანიები.”

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - იკაოს - დახმარებით რუსეთის ავიაკომპანიების ბლოკირებით იმუქრება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს:

“რკინიგზაზეც მოიძებნა საერთაშორისო ორაგანიზაციები, სადაც გადაიგზავნა მიმართვები. გარდა ამისა, საუბარი იყო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში ამ საკითხების გადატანაზე, ანალოგიურად იყო საზღვაო აკვატორიასა და სატელეკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით - და აბსოლუტურად ყველა სფეროშია საერთაშორისო ორგანიზაციები და საარბიტრაჟო სტრუქტურები, რომელთა გამოყენება შეიძლება. ასევეა საფრენ საშუალებებთან მიმართებითაც. მხედველობაში მაქვს იკაო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც შეიძლება ანალოგიური საკითხების დაყენება. ამიტომ ამ საკითხსაც კომპლექსურად ვუყურებ და ყველა მიმართულებით მიდის აბსოლუტურად კოორდინირებული მუშაობა.”

თუმცა სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მოეპოვებათ რუსეთზე ზემოქმედების ეფექტური მექანიზმი. იგივე იკაო არაა მარეგულირებელი ორგანო. მან შეიძლება გამოხატოს მხოლოდ უკმაყოფილება, ისე როგორც ამას აკეთებს თურქეთის შემთხვევაში, თუმცა თურქული ავიაკომპანიები მაინც განაგრძობენ მხოლოდ თურქეთის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკაში ფრენას. ალექსეი სინიცკის თქმით, რუსეთსა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას სინამდვილეში სულ სხვა მიზეზი – უსაფრთხოება - აფერხებს.

“მაქვს ექსკლუზიური, თუმცა შეუმოწმებელი ინფორმაცია. მიამბეს, რომ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ადგილობრივ მებრძოლებში დარიგდა მობილური სარაკეტო კომპლექსის, “იგლას”, რამდენიმე ათეული კომპლექტი, რომელთა გადატანა სირთულეს არ წარმოადგენს. როცა საომარი მოქმედებები შეწყდა და ვითარება დამშვიდდა, სცადეს სარაკეტო კომპლექსების უკან დაბუნება. აღმოჩნდა, რომ მათი დაახლოებით ნახევარი სადღაც გაქრა. შესაძლოა, ამჟამად ყველა ნაპოვნია და მოლაპარაკების დაწყებაც ამის გამო გახდა შესაძლებელი, მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ ავიაკომპანიებს აქვთ სიფრთხილის საფუძველი – ამ მოწყობილობებით სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან იოლია.”

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ნიშნავს თუ არა საჰაერო მიმოსვლის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების განახლება იმას, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრილია. იქნებ, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ნერვების მოშლის მორიგი ხერხი და ვლადიმირ პუტინის მითითების შესრულების იმიტაციაა? სწორედ პუტინმა დაავალა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის დროულად გამართვა.
XS
SM
MD
LG