Accessibility links

logo-print
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ - ამ სახელით ადვოკატთა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაცია ადვოკატთა ასოციაციის ალტერნატივად არ განიხილება, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელ სტრუქტურებში პრაიმერის გზით გამოვლენილი საკუთარი წევრების გაყვანაა. ადვოკატთა ახალი გაერთიანების სამოქმედო პრინციპები აპოლიტიკურობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობა იქნება.

ადვოკატთა ახალ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამ ეტაპზე, დაახლოებით, 100 ადვოკატია გაერთიანებული. სწორედ ამდენი წევრი ესწრებოდა დამფუძნებელ შეხვედრას, რომელზეც მოქმედმა ადვოკატებმა ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და პრიორიტეტების ერთგულება სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელი მანანა კობახიძე, რომელიც ადვოკატთა ახალი გაერთიანების შექმნის აუცილებლობას შემდეგი გარემოებებით ხსნის:

“მთავარი მიზეზი ადვოკატთა ამ ახალი გაერთიანების შექმნის გახლავთ ის, რომ მოქმედი კანონით შექმნილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სამწუხაროდ, არ არის მოქნილი ორგანიზაცია, არ არის ეფექტური და ჩვენ გვინდა, რომ ამ ახალი გაერთიანებით ხელი შევუწყოთ ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას და თვითონ ადვოკატის, როგორც პროფესიის, განვითარებას, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და, ასე ვთქვათ, ახალი საქმიანობების მხარდაჭერას და ხელშეწყობას, რომელიც, თავის მხრივ, ადვოკატის პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.“

უახლოესი მიზანი, რომლისთვისაც ადვოკატთა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებულ მობილიზაციას აცხადებს, 20 დეკემბერს დანიშნული ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაა. ასოციაციის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა, დაახლოებით, ერთი წლის წინ ამოეწურა, ახალი ხელმძღვანელი სტრუქტურების არჩევა კი გაჭიანურდა. საქმე ისაა, რომ მაღალი კვორუმის გამო, გასული ერთი წლის განმავლობაში ადვოკატთა საერთო კრებებზე სამჯერ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 1700 ადვოკატის შეკრება. ახალი კანონის პირობებში, რომელმაც კვორუმი 500 წევრით განსაზღვრა, კრებას, სავარაუდოდ, კვორუმის შეკრება აღარ გაუჭირდება. ამ შემთხვევაში ადვოკატთა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ასოციაციის მმართველობითი ორგანოების პროფესიონალი ადვოკატებით დაკომპლექტებაა. კანდიდატების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია პრაიმერის გამართვასაც გეგმავს. „ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია და 4 000 წევრს აერთიანებს. კრიტიკის მიუხედავად, მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ლანჩავა.

“ ხუთი წელია ჩვენ მოვიტანეთ კბილებით ეს დამოუკიდებლობა. კანონში, რაც ჩვენ გვინდოდა, ის ცვლილება არ გავიდა და, აქედან გამომდინარე, 4 000 კაცში დღეს დგება საშიშროება, რომ 20 დეკემბრის შემდეგ ადვოკატთა ხელისუფლებაში, სტრუქტურებში მოვიდნენ არაადვოკატები, ანუ გუშინ რომ გახდნენ ადვოკატები და ვიღაცის მიერ კონტროლირებადნი არიან. ანუ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ადვოკატები კი არ იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ.“

ადვოკატთა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელ პროფესიონალ ადვოკატთა გაერთიანებით, საერთო ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემით ადვოკატთა ასოციაციაში ერთ გუნდად მისვლას, ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეძლებენ. ადვოკატის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებასა და ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, თავის მხრივ, მიესალმება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გოჩა სვანიძე, რომელიც, იმავდრულად, დროებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს. გოჩა სვანიძეს ადვოკატთა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის გამო კომენტარისთვის დავუკავშირდით.

„მივესალმები ყველა მცდელობას იმისას, რომ ადვოკატთა ასოციაცია ძლიერი იყოს, ადვოკატთა კორპუსი იყოს ძლიერი, ნამდვილი, ღირსეული,ზნეობრივი და პროფესიონალური თვისებებით აღჭურვილი ხალხი იყოს. თუ რაიმე მოქმედება, მიუხედავად იმის, მე მესმის თუ არ მესმის, მიგვიყვანს აქამდე, მე ყველაფერს მივესალმები.“

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრების შემოკრებას რეგიონებშიც გეგმავს. წინასწარი გათვლებით, უახლოეს მომავალში, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევამდე, რომელიც 20 დეკემბერსაა დანიშნული, ორგანიზაციის წევრთა საშუალო რაოდენობა 1000 კაცს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG