Accessibility links

logo-print

რა შანსი აქვს ოპოზიციას არჩევნებზე, ერთიანი კანდიდატის გარეშე


არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი უკვე ემზადება პრაიმერისთვის, რომელმაც თბილისის მერის პოსტისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი უნდა გამოავლინოს. უკვე დაიწყო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დებულების პროექტის საჯარო განხილვის ეტაპი და უკვე ცნობილია პრაიმერის ჩატარების თარიღიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა პრაიმერის იდეას ყველა ის ოპოზიციური ძალა, რომელიც მაისის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. არის თუ არა აუცილებელი ოპოზიციისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენა?

პრაიმერი რეგიონებში - 31 მარტამდე, ხოლო თბილისში 31 მარტს ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება, პრაიმერის სამუშაო ჯგუფის სახელით, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა. როგორც კუკავამ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ: კონსერვატიული პარტია, "ხალხის პარტია", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: "აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საერთაშორისო ფონდი - საარჩევნო სისტემებისთვის".

ვიდრე პრაიმერი ჩატარდება, ოპოზიციურ სპექტრს არაერთი გადაწყვეტილების მიღება და არაერთი პროცედურის გავლა მოუწევს. თანმიმდევრობა, დაახლოებით, ასეთია: პოლიტიკური პარტიები გაეცნობიან პრაიმერის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დებულების პროექტს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ერთმანეთს გაუზიარებენ და, შეთანხმების შემთხვევაში, დებულების უკვე შეჯერებულ ვარიანტს დეკემბრის დასაწყისში მოაწერენ ხელს. დებულებამ უნდა განსაზღვროს ადმინისტრაციის შექმნის, კენჭისყრის პროცედურების, ხმის დათვლის, დავების განხილვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ზუსტი წესები.

კახა კუკავას წინასწარ უჭირს იმის თქმა, საბოლოოდ რომელი პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან პრაიმერის ჩატარების იდეას, თუმცა დარწმუნებულია, რომ 30%-იანი ბარიერის პირობებში, ერთიანი კანდიდატის გარეშე, ოპოზიცია მერის არჩევნებზე მწარედ დამარცხდება.

”ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მიიღებს, ყველა ვარიანტში, 30%-იანი ბარიერის გადალახვისთვის საჭირო რაოდენობას, რაც არის ადმინისტრაციული რესურსის ტოლფარდი რაოდენობა... და არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 30%-ის მიღწევის შანსი არ აქვს. ოპოზიციური კანდიდატი 30%-ზე მეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ეს იქნება რამდენიმე პოლიტიკური ძალის კანდიდატი და არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კუკავამ.

სწორედ ხელისუფლების კანდიდატის მიერ 30%-იანი ბარიერის დაძლევის შანსის არსებობის გამო ითხოვდა „ალიანსი საქართველოსთვის“ მერის ასარჩევად ჯერ 50%-იანი, ხოლო შემდეგ 45%-იანი ბარიერის დაწესებას. ეს ის საკითხია, რომელიც განხეთქილების მთავარ თემად იქცა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წიაღში და რომლის გამოც ხელისუფლებამ უარი თქვა შეხვედრების NDI-ის ოფისში გამართვის ტრადიციაზე. ამის შემდეგ პროცესმა უკვე პარლამენტში გადაინაცვლა და „ალიანსის“ მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენამ ალასანიას „ალიანსის“ წინაშე არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხიც კი წამოჭრა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ”ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერის იდეას. გაერთიანებაში შემავალი ცალკეული პოლიტიკური ლიდერების თანხმობის მიუხედავად, „ალიანსს“ ერთიანი პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია. თუმცა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, პრაიმერის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, კობა დავითაშვილი, იმედოვნებს, რომ „ალიანსი“ ამ ნაბიჯს გადადგამს.

”ჩვენ ვთავაზობთ ყველას, ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ხოლო თუ ვინმე, ასე ვთქვათ, ხელისუფლების თამაშს ითამაშებს და ოპოზიციის შიგნით განხეთქილების შეტანას შეეცდება, ძალიან მკაცრ შეფასებას მიიღებს საზოგადოებისგანაც და ჩვენგანაც”, - აღნიშნავს კობა დავითაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ვინ შეიძლება ითამაშოს ხელისუფლების თამაში?

შეთანხმების მიღწევის სურვილის გამო, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისა და ეჭვების გამოხატვისგან თავს იკავებს „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე. სამაგიეროდ, ამბობს, რომ პრაიმერის ”კარი ყველასთვის ღიაა”, მათ შორის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვისაც, თუმცა შევა თუ არა პარტია, საბოლოოდ, ამ ღია კარში, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ”პრაიმერის იდეა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული” და, თანაც, ერთიანი კანდიდატი გამარჯვების უტყუარ წინაპირობას ვერ ქმნის.

”გყავდეს ერთიანი კანდიდატი არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, გინდა თუ არა, იმ ადამიანის მიმართულებით დამწკრივდებიან... მე ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ისე მოხდეს, რომ, დავუშვათ, ლეიბორისტის მხარდამჭერი ისეთივე აქტიური იყოს მხარდაჭერაში, თუკი ქრისტიან-დემოკრატი კანდიდატი გაიმარჯვებს პრაიმერში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თარგამაძემ.

მიუხედავად ამისა, მას მაინც მიაჩნია, რომ პრაიმერის იდეასთან დაკავშირებული საკითხები ”დისკუსიას ექვემდებარება”. თუმცა, თარგამაძის თქმით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ძირითადად, კვლავაც იმის მომხრეა, რომ ”ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, საერთო კოორდინაციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებაზე იზრუნონ.” რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატს მერის პოსტზე, მისი ვინაობა, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ამჟამად თბილისის მერის პოსტზე დასახელებულია არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ოპოზიციური სპექტრის 3 კანდიდატი: ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი.
XS
SM
MD
LG