Accessibility links

logo-print

ქართველი ახალგაზრდები ევროპელ ახალგაზრდებს მიმართავენ


ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გათავისუფლების საკითხში ჩართულობისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს დღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ევროპის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მათ ეროვნული ფორუმის ოფისში ხელი მოაწერეს მიმართვას, რომელსაც ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს, ევროსაბჭოს ახალგაზრდულ ორგანიზაციას და ევროპის ახალგაზრდულ ფორუმს გაუგზავნიან. ტირძნისიდან გატაცებული ქართველი ბავშვები სახლებს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან, აცხადებს თომას ჰამარბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, რომელმაც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო.

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთა ამ საღამოს ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს, ევროსაბჭოს ახალგაზრდულ ორგანიზაციას და ევროპის ახალგაზრდულ ფორუმს ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართვას გაუგზავნის. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს ეროვნული ფორუმის ოფისში წარუდგინეს:

”მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო მოწოდებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მოზარდის დაკავება და მისი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გადაქცევა არის ყოვლად შემაშფოთებელი და დასაგმობი საქციელი. ასეთ ვითარებაში მივიჩნევთ, რომ საჭიროა საერთო ახალგაზრდული ერთიანობა და სოლიდარობა. ამიტომაც ჩვენ, საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები, მოგიწოდებთ, ერთად დავდგეთ, დავგმოთ აღნიშნული ფაქტები, კატეგორიულად მოვთხოვოთ ცხინვალის სეპარატისულ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული ახალგაზრდები”, - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს ევროპის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ინდივიდუალურად მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს, რათა უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან მოზარდების გასათავისუფლებლად.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში მოზარდების გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ახალგაზრდული ფრთა კოალიციად ჩამოყალიბებას გეგმავს. თუ რა გზებს მიმართავენ ისინი ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გასათავისუფლებლად, ჯერ ამაზე არ შეთანხმებულან, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოპოზიციური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ბენო გეგეჭკორი:

27 ნოემბერს, ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოზარდების ოჯახის წევრები მოინახულეს. ფორუმის ხელმძღვანელის შალვა კიკნაველიძის თქმით, მოზარდების მშობლები არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან მათი შვილები და როგორია მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა: ”დღეს არის დრო საერთო ახალგაზრდული სოლიდარობის. ჩვენ დაველოდებით რა შედეგები მოჰყვება ამ მიმართვას და შემდეგ უკვე გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ, რადგან ეს პროცესი უკვე საკმაოდ გაიწელა დროში, დრო კი ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს.”

ტირძნისიდან გატაცებული ქართველი ბავშვები სახლებს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან, განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თომას ჰამარბერგმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, რომელმაც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო.

ჰამარბერგმა ქართველი დეპუტატების კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ დეპუტატები მისი მუშაობის შესახებ არასწორად არიან ინფორმირებულნი.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს ობიექტურობაში, ვურჩევ გაეცნოს ჩემს მოხსენებებს ჩრდილოკავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თომას ჰამარბერგმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქართველმა პარლამენტარებმა ევროსაბჭოს კომისარი უმოქმედობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ჰამარბერგი უმოქმედობაში დაადანაშაულა და ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხზე მუშაობისას მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

თომას ჰამარბერგმა უკვე დაიწყო შეხვედრები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დღეს გამართული ყველა შეხვედრა პრესისათვის დახურული იქნება. პირველ დეკემბერს ის ცხინვალში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
XS
SM
MD
LG