Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იონესკო - 100


ეჟენ იონესკო
ეჟენ იონესკო
26 ნოემბერს დიდ ფრანგ მწერალს, აბსურდის დრამის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს ეჟენ იონესკოს 100 წელი შეუსრულდებოდა. საბჭოთა იდეოლოგია ”აბსურდის დრამას” დევნიდა, მაგრამ დღეს რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლის პიესები საქართველოშიც იდგმება.

ეჟენ იონესკოს საფრანგეთში ფრანგ, რუმინეთში რუმინელ მწერლად მიიჩნევენ... სხვათა შორის, რუმინეთში იონესკოს გვარს აუცილებლად გაგისწორებენ - აქ აბსურდის დრამის ერთ-ერთი ლიდერი ”იონესკუა” და არა იონესკო.. რუმინელებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პროვოკატორი, ”მარტორქის”, ”სკამების”, ”ორთა ბოდვის” ავტორი არა მარტო ეთნიკურად რუმინელი იყო, ბუქარესტში დაიბადა და ახალგაზრდობა რუმინეთში გაატარა, არამედ წერდა კიდეც რუმინულ ენაზე... ფრანგულ კულტურას იგი მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს, შეუერთდა, როცა 1940 წელს ჯერ კომპარტიის, შემდეგ ნაცისტური პარტიის წევრმა, სასწრაფოდ დატოვა სამშობლო და საფრანგეთში გადაიხვეწა. თუმცა ნამდვილ წარმატებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მიაღწია, როცა მსოფლიოში აბსურდზე მოდა დამკვიდრდა, როცა გაირკვა, რომ საზოგადოებამ ვერა და ვერ გაიაზრა ომის გაკვეთილები. სწორედ 50-იან წლებში ქმნის იონესკო - როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე მას, ”შეშინებულ ორმოცდაათიანელთა ლიდერი” - თავის საუკეთესო ნაწარმოებებს, რომლებშიც ხვალინდელი დღის შიში ეგრეთ წოდებული ”შავი იუმორით” არის შენიღბული.

”ეს სამყაროა ჩემთვის ძალიან გროტესკული, აბსურდული, აუტანელი...”

ამბობს იონესკო 1961 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია იონესკოს ყველაზე სახელგანთქმული პიესა ”მარტორქა”, რომელშიც მწერალმა უარყო ”ანტიპიესის” ჟანრი, მის მიერვე დამკვიდრებული 50-იან წლებში - ე.ი. სიტყვისა და ფრაზის კრიზისის გამომხატველი დრამატურგია, როცა სცენაზე ადამიანები არა იმდენად სიტყვებით, რამდენადაც საგნებით ამყარებდნენ ურთიერთობას, და დაუბრუნდა ”შავ კომედიას”, კლასიკური პიესის სქემების გამოყენებით. თუმცა ”მარტორქამაც”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა, უამრავი კითხვა დაბადა...ამ კითხვებით მიმართავდნენ იმხანად ციურიხში გადასახლებულ მწერალს, რომელიც ისევე ორაზროვნად პასუხობდა ჟურნალისტებს, როგორც მისი პიესების გმირები:

”მე მგონი, ისედაც მეტისმეტი ვილაპარაკე ჩემს ცხოვრებაში...თითქმის ყველაფერი ვთქვი... ვთქვი ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა... ვთქვი, რომ სათქმელი აღარ არსებობს... ათასი რაღაც დავწერე იმისათვის, რომ ამეხსნა მკითხველისთვის- აღარაფერია სათქმელი... ამიტომ ხანდახან უკვე აუტანელი ხდება განმეორება იმისა, რომ აღარაფერია სათქმელი. ციურიხში იმიტომ ჩამოვედი, რომ ცოტა დამესვენა და ძალა მომეკრიფა.”

1970 წელს იონესკო საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა. გარდაცვალებამდე, ე.ი. 1994 წლამდე, მწერალი საბავშვო ლიტერატურამაც გაიტაცა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: რატომღაც მიიჩნევენ, რომ ჩემი ნაწარმოებები არაერალისტურია, არადა, ბავშვები, მაგალითად, ჩემს წიგნებში ყველაფერს ბუნებრივად აღიქვამენ და ზედმეტ კითხვებს არ სვამენო.

დიახ, იონესკოს ინტერვიუები, მწერლის ქცევა, ძალიან ჰგავს მის პიესებს. მისი ექსცენტრიკა ერთდროულად მხიარულია და სევდიანი, მაგრამ ყოველთვის მოულოდნელი და მრავალფეროვანი. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ეჟენ იონესკუს პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც. 2008 წელს, მაგალითად, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში იონესკოს ერთ-ერთი პირველი პიესა, ”მელოტი მომღერალი ქალი”, დაიდგა. აბსურდის დრამის სტილი ქართველმა მაყურებელმა საკმაოდ ადვილად აღიქვა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG