Accessibility links

logo-print

გორდონ ბრაუნი ავღანეთის შესახებ მიზნებზე საუბრობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მისი ქვეყნის ძალების წვრთნისა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში კონკრეტულ მიზნებს დაუსახავენ. ბრაუნი ამ განცხადებით დღეს გამოვიდა. მან ასევე თქვა, რომ 28 იანვარს ლონდონში ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ტრინიდადსა და ტობაგოში მყოფმა ბრაუნმა განმარტა, რომ მოლაპარაკების მთავარი მიზანი ისეთი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება, რომელიც საერთაშორისო ძალებს ავღანეთიდან გასვლის საშუალებას მისცემს: „ვფიქრობ, შევძლებთ მკაფიო გეგმის განსაზღვრას 2010 წლისთვის და მის შემდეგაც. სამი თვის პერსპექტივაში ჩვენი მიზანია ავღანეთის მთავრობამ დამატებითი ჯარი მიავლინოს ჰელმანდის პროვინციაში წვრთნის გავლის მიზნით. ეს არის ნაწილი ჩვენი გეგმისა - რომ ავღანეთის ჯარს მომავალი წლის განმავლობაში დაახლოებით 50,000-მდე გავზრდითო,“ თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა - რომელიც ბრაუნთან ერთად გამოვიდა განცხადებით - თქვა, რომ ლონდონში გამართული უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა საკუთრივ ქაბულში გაიმართება.
XS
SM
MD
LG