Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარს ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების იმედი აქვს


27 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამარბერგი. ვიზიტის მთავარ მიზანია ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დაკავებული 4 ქართველი მოზარდის გათავისუფლება. ტირძნისელი ბავშვების უკანონო პატიმრობა გასულ კვირაშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოში ერთ კვირას დაყოფს. მის ვიზიტს წინ უძღოდა ქართველი პარლამენტარების კრიტიკა: ევროსაბჭოს კომისარი არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის გასათავისუფლებლად და, საერთოდ, ფრთხილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებაო. „ თუ ვინმეს ეჭვები აწუხებს ჩემს ობიექტურობასთან დაკავშირებით, ვურჩევ წაიკითხოს ჩრდილო კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ ჩემი მოხსენებები, რომლებიც ასევე რუსეთს უკავშირდება“,- განუცხადა თომას ჰამარბერგმა ქართველ ჟურნალისტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგში ბევრს მუშაობდა გატაცებული ბავშვების საკითხზე და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იქნება. ამავე საკითხზე გაიმართება მოლაპარაკებები ცხინვალშიც, სადაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი 1 დეკემბერს ჩავა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის დავით სანაკოევის ცნობით, ცხინვალი ჰამარბერგთან უკანონოდ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეთა გათავისუფლების შესახებაც აპირებს საუბარს. ცხინვალში ჩასვლამდე კი ევროკომისარი ამბობს:

„ბავშვები უნდა გათავისუფლდნენ და იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ჩავალ ცხინვალში და მცდელობას არ დავიშურებ ამისთვის. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების იმ პრინციპებზე, რომელთა ფორმულირებაც ომის შემდეგ მოხდა. ესაა ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ეტაპზე სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე დარჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფა და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სასაზღვრო ზოლზე ინციდენტებს გამორიცხავს.“

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. გასულ კვირაში ცხინვალის პროკურატურამ მათი საქმის გამოძიება დაასრულა. საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საზოგადოდ, და, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელ დიპლომატებსა და პარტნიორებთან გამართული არაერთი შეხვედრის მთავარი თემა იყო. კვირის ბოლოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.

„შევკრიბეთ ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან აქვს ინტერესი, რომ მოღვაწეობდეს. ჩვენ მათგან ვისმენთ ძალიან კონკრეტულ შეთავაზებებს, თუ რა ჯობია, როგორ ჯობია, რა პრიორიტეტები ჯობია, რომ გვქონდეს ჩვენ ამ სტრატეგიის როგორც შემუშავებაში, ისე მის განხორციელებაში. ვკამათობთ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტი უნდა სახელმწიფო ინტერესებს მიეცეს და არა სხვადასხვა ჯგუფებს“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა.

მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გასატარებელ სტრატეგიაზე მსჯელობენ, ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყების მე-20 წლისთავის საზეიმო სხდომაზე, ცხინვალს გმირი ქალაქის სტატუსს ანიჭებს, თვითაღიარებულ აფხაზეთში კი წინასაარჩევნო კამპანია კომპრომატებით ბრძოლის ფაზაში გადადის. გასულ კვირაში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აგვისტოს ომამდე კოდორის ხეობასთან დაკავშირებით აფხაზეთის ინტერესების საწინააღმდეგო კომპრომისში დაადანაშაულა. გასულ კვირაშივე ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი მოსკოვში სწორედ აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის ედუარდ ღურწკაია გახდა. 23 ნოემბერს მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მილიციელმა სცემა. ცემის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

„ეს არის უკვე, რა ვიცი, მერამდენე შემთხვევა - მეშვიდე, მერვე შემთხვევაა და იმედს გამოვთქვამ, რომ აღარ მოხდება ასეთი რაღაცები. რუსეთში ქართველებს ძალიან ავიწროებენ. ეს არის გამოვლინება იმისა, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან ქართველები იქ“, - ამბობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

გასული კვირის მთავარ შიდაპოლიტიკურ მოვლენებს შორის განსაკუთრებული ვნებათაღელვის საგანი გახდა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის შედეგები. 24 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფორმატში 9 თვის განმავლობაში მომუშავე პარტიებს მოუწოდა შეთანხმებული საკითხები ხელმოწერით დაედასტურებინათ. მის მოწოდებას ინტერპარტიული ჯგუფის 11 წევრიდან 8-მ დაუჭირა მხარი. ეგრეთ წოდებული NDI-ის ფორმატის დაშლის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მომუშავე ჯგუფს „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრები გამოეთიშნენ. 26 ნოემბრიდან საარჩევნო კოდექსზე დისკუსიამ პარლამენტში გადაინაცვლა, 27 ნოემბერს კი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით ოფიციალურად გაფორმდა და ინიცირებისათვის საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაეგზავნა.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ მსჯელობა აბსოლუტურად გაუგებარ ბარიერთან და საკანონმდებლო რეგულირებებთან დაკავშირებით და ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დგას თბილისელების, ტყიბულელების, ყველა მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა წინაშე და ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. კომიტეტში ინტერფრაქციული ჯგუფის სახელით მომზადებული ცვლილებების პროექტი თბილისის მერის არჩევნებში 30 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ხელისუფლებასთან ჭიდილში ამ ბარიერის ოპოზიციის სასარგებლოდ დაძლევას ითვალისწინებს პარლამენტსგარეთა ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ მოწონებული პრაიმერის იდეაც, რომელიც თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენას გულისხმობს. პრაიმერის სამუშაო ჯგუფმა 27 ნოემბერს საჯარო განხილვისთვის გამოიტანა პრაიმერის დებულების პროექტი. კონსერვატორი კახა კუკავა განმარტავს:

„პროექტის გამოქვეყნება გულისხმობს, ბუნებრივია, მისი განხილვის - საჯარო განხილვის - პროცედურის დაწყებას. ჩვენ მივიღებთ ყველა შენიშვნას, რომელიც დაინტერესებული პარტიებისა და ორგანიზაციების მიერ იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც უკვე, სავარაუდოდ, 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან დაინტერესებულნი პრაიმერში მონაწილეობითა და ერთიანი კანდიდატის შერჩევით, ხელს მოვაწერთ დებულების პროექტს და დავიწყებთ უკვე პრაიმერის პროცედურების განხორციელებას.

შეთავაზებულ წესებს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის, კენჭისყრის დღის პროცედურების, ხმის დათვლის, დავების განხილვისა და სხვა საკითხების შესახებ პრაიმერში მონაწილეობის მსურველმა ოპოზიციურმა ძალებმა 1 დეკემბრამდე უნდა მოაწერონ ხელი, თავად პრაიმერი კი 31 მარტს ჩატარდება. თბილისის პრაიმერში ამომრჩევლები მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას დააგროვებს. პრაიმერს მასში მონაწილე პარტიები დააფინანსებენ. პრაიმერის ხარჯები ჯერჯერობით არ წარმოადგენს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული აუდიტის შედეგებზე. აუდიტის თანახმად, 2005-2009 წლებში ფეხბურთის ფედერაციამ 56 მილიონ ლარამდე დახარჯა, ვალმა კი 10 მილიონ ლარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG