Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას ასი დღე


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
მომდევნო კვირაში ზუსტად ასი დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყველაზე არარეიტინგული თანამებრძოლი ბაჩო ახალაია დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ასდღიანი მოღვაწეობის შედეგით ძირითადად ქვეყნის პრეზიდენტებს აფასებენ, ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, თუ რა ამოცანები დაისახა სამი თვის წინ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და როგორ შესრულდა ისინი განვლილ პერიოდში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი 26 აგვისტოს მოაწერა. 27 აგვისტოს კი ახალმა თავდაცვის მინისტრმა პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და საზოგადოებას სამოქმედო გეგმის „უწყვეტი და ნათელი“ პრიორიტეტები გააცნო.

მშვიდობა ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვცდილობთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
იმხანად საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა ახალი დევიზი „საქართველო იგებს მშვიდობას“. მანამდე უფრო პოპულარული იყო ლოზუნგი, საქართველომ რუსეთს მოუგო ომი, თუმცა წააგო ბრძოლა. ბაჩო ახალაიამ ეს ორი სლოგანი შეაერთა და კომპილაციის გზით გამოყვანა ახალი პრიორიტეტი შეიარაღებული ძალებისათვის.
ჩვენ ვიგებთ მშვიდობას

”მშვიდობა ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვცდილობთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. რადგანაც ჩვენ ვიგებთ მშვიდობას, შესაბამისად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ეს მშვიდობა,” – აღნიშნა თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბაჩო ახალაიამ.

იქ მყოფმა ჟურნალისტებმა თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება ისე მოისმინეს, როგორც ათი მცნების უცოდინარი მრევლი უსმენს ხოლმე თავის მოძღვარს. არ დასმულა შეკითხვა, თუ რას ნიშნავს მშვიდობის მოგება, როცა დაკარგული გაქვს ტერიტორიების ერთი მეოთხედი და არსებობს ახალი სამხედრო აგერსიის განმეორების საფრთხე?

ვიღაცეებმა ბოროტად იხუმრეს - სჩანს, მშვიდობის მოსაგებად საჭირო იყო ახალგორის რაიონის, ზემო აფხაზეთის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლების დაკარგვა და სოფელ პერევის გადატიხვრა რუსული ბლინდაჟებითო.

მაგრამ, მოდი, ნუ გამოვეკიდებით სიტყვებს. ვნახოთ რა ხდება რეალობაში. თუ, ვენდობით იმ ცვლილებებს, რაც სამხედრო უწყებაში ბაჩო ახალაიას დანიშვნის სამი თვის განმავლობაში განხორციელდა, ცხადი გახდება, რომ ქვეყანა ცხოვრობს რადიკალურად საპირისპირო დევიზით, რაც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის დროს ჩამოაყალიბა რომაელმა ისტორიკოსმა კორნელიუს ნეპოტმა.

„გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის“

სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარები დედაქალაქიდან 40 კილომეტრის, ხოლო ტრანკსავკასიური მგისტრალიდან ათი კილომეტრის დაშორებით იდგება, - მშვიდობის მოგებაზე საუბარი კაპიტულაციის ტოლფასია. მართალია ბაჩო ახალაია იძულებული გახდა გაემოერებინა მთავარსარდლის ეს აბსტრაქტული სლოგანი. მაგრამ იქვე ჩამოაყალიბა მეორე პრიორიტეტი, - „მოდერნიზაცია“-რაც, როგორც განვლილმა ასმა დღემ აჩვენა, აღმოჩნდა კიდეც მთავრი და ძირეული სამხედრო უწყებისათვის.

“მოდერნიზაცია ნიშნავს, საქართველოს მთელი არმიის კიდევ უფრო კარგად აღჭურვას, განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გვყავდეს უფრო მეტი განათლებული, უფრო მეტად მოტივირებული და უფრო კარგად აღჭურვილი ოფიცრები და პირადი შემადგენლობაო,” - განაცხადა 27 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თავდაპირველად, ესეც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის გათვლილ სვლას წააგავდა. თუმცა, როგორც ირკვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მართლაც განხორციელდა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზება. სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ თანახმად, საქართველოს შეიარაღებაში გამოჩნდა თურქული და ისრაელის წარმოშობის რამდენიმე ერთეული თანამედროვე ჯავშანმანქანები. მათ შორის ამერიკული „ჰამერები“.

სულ მალე კი უკრაინა საქართველოს მიჰყიდის შეიარაღების ახალ პარტიას. ეს სენსაციური ინფორმაცია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „რადის“ დეპუტატმა ვალერი კონოვალიუკმა გაავრცელა 10 ოქტომბერს. ლაპარაკია მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ტქენიკის საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალზე - ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე, საზენიტო-სარაკეტო დანადგარებზე, ხელის ყუმბარსატყორცნებსა და მართვად რაკეტებზე. ვიქტორ კონოვალიუკის განცხადებაში სენსაციური ისაა, რომ თურმე ქართული არმია უკრაინისაგან 12 ცალ უახლეს უკრაინულ ტანკ Т-84 Отлот-ს ყიდულობს და ქართულმა მხარემ უკვე გადარიცხა უკრაინაში 45 მლნ უკრაინული გრივნის შესაბამისი თანხა.

საქართველოს ხელისუფლებას არ მოუხდენია რეაგირება უკრაინელი დეპუტატის ამ განცხადებაზე, რაც, შესაძლოა, თანხმობის ნიშანი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსეთის მუქარისა და ემბარგოს გადალახვა და თავდაცვითი საბრძოლო პოტენციალის აღდგენა.

„სამხედროთა სამჭედლო“ ფრონტის ხაზზე

მაგრამ პროფესიონალი სამხედრო კადრების გარეშე შეიარაღება და ტექნიკა ჯართია. კადრები კი საქართველოს ძალიან უჭირს - ორი ბრიგადისა და ორი ბატალიონის მეთაური ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე პასუხსიგებაშია მიცემული. წინა წლებში განხორციელებულ "საკადრო წმენდას" შეეწირა რამდენიმე ათეული პროფესიონალი ოფიცრის კარიერა, რომელთა უმრავლესობა საქართველოდან წავიდა და ავღანეთსა და ერაყში უსაფრთხოების ფირმებში მუშაობენ.

ამ საკადრო დეფიცტის აღმოფხვრა მხოლოდ სასწავლო მივლინებებით შეუძლებელია და საკამოდ ძვირია. საჭიროა ძლიერი საგანმანათლებლო კერის ჩამოყალიბება, რაც საქართველოში ვერა და ვერ მოხერხდა ძირითადად სუბიექტური მიზეზების გამო.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, როგროც ჩანს, დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი, რომ აღედგინა 4 წლიანი მომზადების კურსები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და ასევე აღედგინა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც სამი წლის წინ საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დროს გაუქმდა.

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი-ეროვნული აკადემია გორში გადაეტანა, ყოფილი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პლუსი. მსხვილი საბიუჯეტო სასწავლებლის გადატანა სოციალური სტიმულირების საშუალებაა რაიონისათვის, თანაც გორში განლაგებულ სამხედრო ნაწილს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა. მაგრამ რაკი გორი მაინც ფრონტისპირა ქალაქია, სჯობდა, რომ ოფიცერთა სამჭედლო არ ყოფილიყო მაინცდამაინ მოწინააღმდეგის უშუალო შეხების სიხალოვეს. ასევე არასწორია გორში მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის არსებობა, რომელიც თავისი დანიშნულებით ლოგისტიკური სტრუქტურაა და სჯობს სადმე კახეთში იყოს, ან სულაც თბილისში, სადაც რატომღაც თავმოყრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელი საბრძოლო პოტენციალი. მათ შორის სატანკო ნაწილიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გორიდან თბილისთან ახლოს დააბანაკა.

მაგრამ საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებას, სჩანს, აქვს რაღაც სხვა გათვლა, რაც კლასიკურ სქემაში არ ჯდება. http://www.tavisupleba.org/content/article/1884873.html

ნატოში ინტეგრაცია

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე პრიორიტეტად ბაჩო ახალაიამ ნატო-ში გაწვერიანება გამოაცხადა, რაც ასევე დამკვიდრებული კლიშეა არა მხოლოდ სამხედრო უწყებაში, არამედ მთელი ქართული სახელმწიფო აპარატში.

მაგრამ ახალაიას თავდაცვის მინისტრად მუშაობის 100 დღის განმავლობაში გამოჩნდა ტენდენცია, რომ სამხედრო უწყება ცდილობს გახდეს უფრო გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე და მიაწოდოს მას მეტი ინფორმაცია შეიარღებული ძალების მშენებლობის შესახებ. მაგრამ მთელი ეს მუშაობა გადადის ძირითადად მინისტზე და შემოიფრაგლება მხოლოდ თითო-ოროლა ინტერვიუთი და მცირე მოცულობის ბრიფინგებით. მაშინ როცა, საზოგადოებისთავის პრაქტიკულად მიუწვდომებლია გენერალური შტაბი, საჯარისო სახეობების სარდლობა და ბრიგადის მეთაურები. ეს ორი მიზეზის გამო ხდება: პირველია საომარი მდგომარეობის მკაცრი მოთხოვნები. მეორე და მთავრი კი ისაა, რომ ქართველი ოფიცრებისათვის არავის უსწავლებია მედიასთან ურთიერთობა, რის გამოც სამხედრო მეთაურთა უდიდესი უმრავლესობისათვის ტელეკამერის ობიექტივი უფრო საშიშია, ვიდრე მოწინააღმდეგის არტილერია.

პროფესიონალმა სამხედრო მეთაურმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რა თქვას, არამედ ის, თუ როდის თქვას
თუმცა, ნატოს ხელშეწყობით ნოემბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროში ამოქმედდა „პროფესიული განვითარების პროგრამა“ , სადაც ლატვიიდან და ლიტვიდან მოწვეულმა ექსპერტებმა პირდაპირ მიუთითეს მასპინძლებს, რომ ინტერვიუს მიცემა და პრესკონფერენციის ჩატარება უნდა შეეძლოს ყველა დონის სამხედრო მეთაურს, თუკი ქვეყანას მართლა სურს, რომ ჰყავდეს დემოკრატიული ტიპის არმია.

პოლკოვნიკ ჯანჯღავას დაბრუნება

„პროფესიონალმა სამხედრო მეთაურმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რა თქვას, არამედ ის, თუ როდის თქვას“, - აღინიშნა 26 ნოემბერს ნატოს „პროფესიული განვითარების პროგრამის“ პრეზენტაციაზე. და, რატომღაც, ყველას გაახსენდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი მამუკა ყურაშვილი, რომელმაც 7 აგვისტოს ღამით გააკეთა განცხადება სამხრეთ ოსეთში საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის დაწყების შესახებ, რაც არ შედიოდა მის კომპეტენციაში და არ იყო შეთანხმებული, როგორც ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებასთან.

სხვათა შორის, პოლკოვნიკი მამუკა ყურაშვილი, რომელიც ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოსტზეც კი დააწინაურა, - ერთი თვის წინ საქართველოს სამხედრო ძალებიდან დიპლომატიური მივლინებით გაუშვეს და უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ დანიშნეს. მისი ბედი გაიზიარა შეიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც ამერიკაში მიდის საქართველოს ელჩის თანაშემწედ. გენშტაბის უფროსის ასეთი დაქვეითება დემოკრატიულ ქვეყნებში უპრეცედენტოა, თუმცა - არა საქართველოში. http://www.tavisupleba.org/content/article/1562168.html

და კიდევ ერთი, და შეიძლება ითქვას, მთავარი საკადრო ცვლილება, რაც ბაჩო ახალაიას 100 დღიანი მინისტრობისას განხორციელდა. ბაჩო ახალაიას ინიციატივით საქართველოს სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა. დედით აფხაზი სამხედრო მეთაური, პირველი ქართველი „რეინჯერი“, საკმაოდ არაოდრინარული ბიოგრაფიის მქონე მეთაური. ნიკა ჯანჯღავა 2001 წელს დაუმორჩილებლობის გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დააბრუნეს არმიაში, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო მალევე მოუწია დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა, საიდანაც სამხედრო სამსახურში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დააბრუნეს. დიახ, პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ერთსა და იმავე მდინარეში შესვლის გამოცდილება აქვს, თუმცა არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაძლებს იგი სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტზე მისი პრინციპული და ჯიუტი ხასიათის გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG