Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი ცხინვალს მოზარდების გათავისუფლებას სთხოვს


თომას ჰამარბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
თომას ჰამარბერგი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ცხინვალშია. ჰამარბერგი ედუარდ კოკოითის და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. ამავე სააგენტოს თანახმად, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში კოკოითის წარმომადგნელის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის განცხადებით, დღის წესრიგშია სხვადასხვა საკითხი და მათ შორის, სავარაუდოდ, ქართველი მოზარდების საკითხიც.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი გუშუნ დილიდან შიდა ქართლში იმყოფებოდა. ოსურ მხარესთან შეხვედრის მიზნით, ის ერგნეთში გაემგზავრა. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ერგნეთის საგუშაგოსთან მას დე ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენი დავით სანაკოევი შეხვდა. შემდეგ თომას ჰამარბერგმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში არ შეუშვეს. მისი თქმით, მას ცხინვალში შესვლა არ უცდია და ამ ქალაქს მოგვიანებით ეწვევა. ჰამარბერგის განცხადებით, ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ის მუშაობას ამ შედეგის მიღწევამდე გააგრძელებს. მოგვიანებით დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამარბერგი ცხინვალს დღეს, 30 ნოემბერს ეწვევა. ერგნეთიდან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გორში გაემგზავრა და შიდა ქართლის მხარის გუბერნატორ ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდა.

ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი 27 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. მის ჩამოსვლამდე ქართველმა პარლამენტარებმა ევროსაბჭოს კომისარი უმოქმედობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ”რამდენად მიზანშეწონილია თომას ჰამარბერგი იყოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაშინ როდესაც ის არაფერს აკეთებს ტირძნისიდან გატაცებული ოთხი მოზარდის გათავისუფლების პრობლემის გადასაჭრელად და საკმაოდ დუნე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს?” - განაცხადა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა.

„თუ ვინმეს ეჭვები აწუხებს ჩემს ობიექტურობასთან დაკავშირებით, ვურჩევ წაიკითხოს ჩრდილო კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ ჩემი მოხსენებები, რომლებიც ასევე რუსეთს უკავშირდება“,- განუცხადა თომას ჰამარბერგმა ქართველ ჟურნალისტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგში ბევრს მუშაობდა გატაცებული ბავშვების საკითხზე და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იქნება. ამავე საკითხზე გაიმართება მოლაპარაკებები ცხინვალშიც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის დავით სანაკოევის ცნობით, ცხინვალი ჰამარბერგთან უკანონოდ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეთა გათავისუფლების შესახებაც აპირებს საუბარს. ცხინვალში ჩასვლამდე კი ევროკომისარმა განაცხადა:

„ბავშვები უნდა გათავისუფლდნენ და იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ჩავალ ცხინვალში და მცდელობას არ დავიშურებ ამისთვის. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების იმ პრინციპებზე, რომელთა ფორმულირებაც ომის შემდეგ მოხდა. ესაა ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ეტაპზე სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე დარჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფა და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სასაზღვრო ზოლზე ინციდენტებს გამორიცხავს.“

სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს.მოზარდები 27-ე დღეა ცხინვალის იზოლატორში არიან. დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. გასულ კვირაში ცხინვალის პროკურატურამ მათი საქმის გამოძიება დაასრულა. საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
XS
SM
MD
LG