Accessibility links

logo-print

ლეიბორისტები არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების ინიციატივით გამოდიან


ლეიბორისტული პარტია საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამ იდეის განხორციელებისა და გაეროში გასაგზავნი სპეციალური დოკუმენტის ტექსტზე მუშაობის დაწყებისაკენ 30 ნოემბერს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა

ლეიბორისტული პარტიის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვაში, რომელიც შრომის პარტიამ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც გააცნო, ვკითხულობთ:

”საქართველოში მოქმედი ყველა გავლენიანი ოპოზიციური ძალის სახელით უფლებამოსილები ვართ მოგმართოთ თხოვნით, რომ საქართველოში დიქტატორული ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე გარდამავალ პერიოდში ყველა სახის არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ გაეროს ეგიდით.“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 30 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გაეროსთვის საკმარისი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ თავისი ეგიდით ჩაატაროს საქართველოში არჩევნებიო, კერძოდ, ამის საფუძველს იძლევა უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნებიო:
” პოლიტიკურ სპექტრში ოფიციალურად დაიწყო საქართველოში გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარებაზე ოფიციალური მიმართვის განხილვა. ყველა არჩევნებს, რომელიც ჩატარდება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, სჭირდება მკაცრი ხელი, გაეროს სახით, ისევე როგორც ეს აუცილებელი გახდა კამბოჯაში, ხორვატიაში, კონგოში, ავღანეთში. ჩვენ ამ ქვეყნებზე უარესი მდგომარეობა გვაქვს დღეს, რადგან ისინი ტერიტორიულად არ ყოფილან დასჯილნი.”

ნათელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს უნდობლობა საერთაშორისო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ აქვთ და არა თავად ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ საკითხის პრობაცია გაეროს დონეზე დაწყებულია. თავად ნათელაშვილმა, მისივე სიტყვებით, პირველი კონსულტაციები ამ თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან უკვე გამართა ნიუ-იორკში ვიზიტის დროს.

საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევნებში მეტი დოზით ჩართულობის იდეის მომხრეა ლეიბორისტების ოფისში მისული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის - დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან:

”დასავლეთის შესაბამისი სტრუქტურები რაც უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული, - იქნება ეს ეუთო, გაერო თუ სხვა, - მით უკეთესია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.”

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერების განცხადებით, გაეროს მიერ საქართველოში არჩევნების ჩატარების იდეა რთულად განსახორციელებელია, თუმცა არა შეუძლებელი:

”ალბათ, უფრო რეალური იქნება, თუკი იმას მივაღწევთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნებში იყოს წარმოდგენილი.“

კითხვები შეხვედრაზე მისულ „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიასაც ჰქონდა:

”გაერო კენჭისყრას ჩაატარებს თუ არჩევნებს? არჩევნების ჩატარება იმას ნიშნავს, რომ გაერომ ან ევროკავშირმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა აკონტროლოს მედია, ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები, სპეცსამსახურები და ა.შ. ეს სულ სხვაა და კენჭისყრის დღის გაძღოლა და ხმების დათვლა სულ სხვა საკითხია, რადგან არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს.”

რას ნიშნავს გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარება, რა კონკრეტულ პროცედურაზეა საუბარი? - ვკითხეთ კონსერვატიული პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს, რომელმაც ასევე მოიწონა ლეიბორისტების ინიციატივა:

”საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დამკვირვებლები კი არ იქნებიან, არამედ მონაწილე მხარე.”
მოკლედ, იდეა ყველასთვის მისაღებია, თუმცა საერთო დოკუმენტზე მუშაობა ახლა იწყება. ჯერჯერობით, როგორც ახლების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, არაერთ კითხვაზეა პასუხი გასაცემი:

”რას გულისხმობს ეს ჩართულობა, ტექნიკურად როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი - მხოლოდ პროცედურული ნაწილი თუ პასუხისმგებლობის მომენტი, ანუ ეს ყველაფერი საჭიროებს გაშალაშინებას და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას.”

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარება არ გულისხმობს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას, ეს ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას:

”ორგანიზება, ჩატარების პროცესი, ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღება, რასაც დღეს საარჩევნო კომისიები იღებენ... ამ გადაწყვეტილებებს უკვე იღებს ორგანიზატორი.”

რაც დღეისათვისაა ცნობილი, ერთი თვის განმავლობაში ოპოზიცია საერთო დოკუმენტზე იმუშავებს, რასაც, სავარუდოდ, დიპკორპუსთან შეხვედრები მოჰყვება. გაეროში გასაგზავნი დოკუმენტის ბოლო ვერსიას ოპოზიცია საახალწლოდ გააცნობს საზოგადოებას. ამავე დოკუმენტის წარდგენის საშუალება წლის დასაწყისში ევროპის საბჭოს მორიგ პლენარულ სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ექნებათ.
XS
SM
MD
LG