Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს


მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის” თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესი ტემპს არ კარგავს. ცვლილებათა კანონპროექტი 30 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შევიდა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვების პროცესი - კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფარგლებში. ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომელიც ეფუძნება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრთა უმრავლესობას შორის შეთანხმებულ საკითხებს. ასევე მაისის რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის კანონპროექტიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 30 ნოემბერს დაამტკიცა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი ”საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის თაობაზე”, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნების 2010 წლის 1 ივნისამდე ჩატარებას და, ასევე, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევას. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ცვლილებები აისახება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, მაგრამ დაკანონებამდე პროექტს მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს.

”უკვე ვამზადებთ წერილს პრეზიდენტის სახელზე. გადავუგზავნით მას ჩვენს გადაწყვეტილებას, შესაბამის ტექსტს და პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, შეიტანოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით ეს კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტში. შემდეგ პარლამენტი მიიღებს მას და ამოქმედდება. უკვე რეალური ნორმა გახდება ეს და შეეხება მხოლოდ ამ ვადამდელ არჩევნებს”, - განუმარტა რადიო თავისუფლებას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ერთი სიტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა ლეგალური ნიადაგი უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები პრეზიდენტის მიერ წინასწარ დასახელებულ დღეს - 2010 წლის 30 მაისს - ჩატარდეს.

პარალელურად, კვლავაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 30 ნოემბერს ინიცირების შემდეგ, კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენების გზას დაადგა და, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ის პირველი მოსმენით უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილება. პროექტი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივის სახით შევიდა. დამტკიცებამდე, რაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, პროექტში შესაძლოა არაერთი ცვლილება შევიდეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტის ძირითად აქცენტებს აყალიბებს:

”ეს არის: მერის პირდაპირი არჩევნები (სადაც მოხდა შეთანხმება 30%-ზე), საკრებულოს არჩევის პრინციპი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება (პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან მათთვის მისაღები უნდა აირჩიონ ოპოზიციურმა პარტიებმა). ასევე აქ არის საკითხი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, სადაც აკრძალვები ჩაიდება (რომ არ შეიძლება ისეთი პროექტების დაწყება, რომელიც წინასწარ ბიუჯეტით არ იყო განსაზღვრული).”
ლაშა თორდიას ჩამონათვალში არ უხსენებია საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარეთა პოსტებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაიკავებენ, ხოლო მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინებიან. მდივნის როლის მნიშვნელობას სპეციალურად გაუსვა ხაზი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე:

”ეს არის ადამიანი, რომელიც ხელს აწერს საბოლოო ოქმს. მდივნის ფუნქციის და თანამდებობის ოპოზიციისთვის გადაცემით პრაქტიკულად იქმნება იმის პირობა, რომ უბანზე მთლიანად იქნება გამჭვირვალე ვითარება და ყველა დოკუმენტი, ყველა ხმა, ყველა ოქმი, რომელიც შედგება უბანზე, გაივლის უბანზე და ხელი მოეწერება სწორედ ოპოზიციის მიერ არჩეული მდივნის მხრიდან.”

საუბნო კომისიებში მდივნის როლის ასეთი მაღალი შეფასების მიუხედავად, ხელისუფლებამ არ მიიღო ალასანიას „ალიანსის“ მიერ წამოყენებული წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარეებისა და მდივნების პოსტები (საუბნო თუ საოლქო კომისიების დონეზე) თანაბრად გადანაწილებულიყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

30 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებულ კანონპროექტში არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მერის არჩევისთვის დასაწესებელ 30%-იან ბარიერს გულისხმობს. ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსზე NDI-ის ფორმატში მუშაობის ჩაშლის მთავარ მიზეზად დაასახელა. შეგახსენებთ, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ ჯერ 50%-იან, ხოლო შემდეგ 45%-იან ბარიერს ითხოვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა მიღწეული კონსენსუსი, რომელიც NDI-ის ფორმატში მუშაობის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა. ხელისუფლებამ ეს პრინციპი ერთგვარ დამაბრკოლებელ პრინციპად ჩათვალა და პროცესის პარლამენტში გადანაცვლება, ნაწილობრივ, სწორედ ამიტომ არჩია.
”ალიანსი საქართველოსთვის” ახლა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესს გარედან აკვირდება და ამაოდ მოუწოდებს ხელისუფლებას დაბრუნდეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის ძველ ფორმატში. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილებას „ალიანსი“ იმის მიხედვით მიიღებს, თუ რა სახის იქნება მის გარეშე შეცვლილი კანონმდებლობა და რამდენად დაიხვეწება საარჩევნო გარემო.
XS
SM
MD
LG