Accessibility links

ჰამარბერგი ცხინვალს მოზარდების გათავისუფლებას სთხოვს


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, იგი ედუარდ კოკოითის და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების საკითხია. გარდა ამისა, ოსური მხარე ევროკომისრის წინაშე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოძიების საკითხს დააყენებს. როგორც ცოტა ხნის წინ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, ოსური მხარე ჟენევის ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, ვიდრე ქართული მხარე მათ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის. გუშინ გორში ვიზიტისას ჰამარბერგმა ჟენევის კონსულტაციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დღესვე ბორის ჩოჩიევი ოსური მხარის ინიციატივას ადამიანის უფლებათა კომისარს შესთავაზებს, რომელიც დაკავებულების გაცვლას პრინციპით ყველა–ყველაზე ითვალისწინებს. ეს ინიციატივა ჩოჩიევმა პირველად რადიო თავისუფლებასთან საუბარში გააჟღერა.

ქართველი მოზარდების სასამართლო პროცესი 2 დეკემბრისთვის დაინიშნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 6 ლამისყანელის სასამართლო პროცესი 3 დეკემბრისთვის არის დანიშნული. სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვა და საბრძოლო მასალის გადატანა ედებათ ბრალად. კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის 6 მცხოვრები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ხე-ტყის უკანონოდ ჭრისთვის დააკავეს. მათ ახალგორის რაიონიდან ძვირფასი ხის მასალების კონტრაბანდულად გატანა ედებოდათ ბრალად, თუმცა მოგვიანებით ხე–ტყის კონტრაბანდის ბრალდება მოუხსნეს.

ცხინვალის ციხეში დაკავებული არასრულწლოვანები ერთ–ერთი ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლირა ცხოვრებოვამ მოინახულა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მოზარდებს ან სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ, ან ქართულ მხარეს დაკავებულ სხვა პირებში გაუცვლიან.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტი ცხინვალში დღესვე დასრულდება. ახლა ტირძნისშიც და გორშიც მოზარდების გათავისუფლების იმედს მხოლოდ მის ვიზიტზე ამყარებენ.
XS
SM
MD
LG