Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალან ჩოჩიევის გზა


გერმანიიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ცნობილ პოლიტიკოსს, ალან ჩოჩიევს, რომლის მტკიცებითაც, სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ვინ არის ალან ჩოჩიევი და რა თვისებრივი განსხვავებაა მის და მისი პოლიტიკური ოპონენტების შეხედულებებს შორის?

გასული წლის აგვისტოში ალან ჩოჩიევმა ვლადიკავკაზი საკუთარ ოჯახთან ერთად დატოვა, მანამდე კი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში 10 წელი იცხოვრა. ჩოჩიევის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის მთავრობის ყოფილმა წევრმა, ლეონიდ კოჩიევმა, იგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. რუსეთის დატოვებამდე ჩოჩიევი და მისი ოჯახი მთას აფარებდა თავს, გერმანიაში ჩასული კი ბერლინის პოლიციას ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის თქმით, ალან ჩოჩიევი სახალხო ფრონტის - „ადამონ ნიხასის“ - შექმნის სათავეებთან იდგა. მისივე დაწერილია სამხრეთი ოსეთის ნაციონალური მოძრაობის კონცეფცია, თუმცა მოგვიანებით ჩოჩიევმა შეხედულებები შეიცვალა:
“მოხდა სერიოზული ტრანსფორმაცია, ანუ ამ კაცში გაჩნდა სხვა განწყობები, შეშფოთება იმის გამო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთი... გაუჩნდა უთანხმოება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ბოლო წლებში ცდილობდა კონტაქტში შემოსულიყო ქართულ მხარესთან, ცდილობდა იმ საშუალების გამოძებნას, რაც ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენას შეუწყობდა ხელს.”

გოგი ხუციშვილის თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის საწყის ეტაპზე ალან ჩოჩიევი სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარი იდეოლოგი იყო. ჩრდილოეთ ოსეთში მას რადიკალურ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, თუმცა ვლადიკავკაზელი პოლიტიკოსები მასთან საჯარო კამათში ჩაბმას გაურბიან. განათლებით ისტორიკოსი ჩოჩიევი, რომელსაც დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია და რამდენიმე წიგნის ავტორია, როგორც წესი, იოლად უსწორდება მოწინააღმდეგეებს.

როგორც უკვე ვთქვით, გასული საუკუნის 90-იან წლებში ის ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა და ხელი მიჰყო საზოგადოებრივ-სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ მალე აქაც ადგილობრივი ხელისუფალის, ალექსანდრე ძასოხოვის, რისხვა დაიმსახურა. ალან ჩოჩიევმა საერთო ენა ვერც თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითისთან, გამონახა. ოსეთის ხელისუფლებასთან ჩოჩიევის უთანხმოების მიზეზებზე ვლადიკავკაზელი ადვოკატი და საზოგადე მოღვაწე ჯაბრაილ გაბიჩაევი საუბრობს:

“ჩვენ ალან ჩოჩიევთან ერთად დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიან და სამართლებრივ ბრძოლას ვუჭერდით მხარს, კოკოითი კი ძალადობრივი მოქმედებების მომხრე იყო, ის გარკვეული ძალების შეკვეთას ასრულებდა, რათა დაწყებულიყო ომი. ამაშია განსხვავება. ომი არ დაწყებულა მხოლოდ სააკაშვილის მიზეზით. კოკოითი, საერთაშორისო კანონმდებლობით, სეპარატისტია და თუ დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მოლაპარაკება უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე როგორც ამას პალესტინა და ისრაელი აკეთებენ. მაგრამ კოკოითის არ უნდოდა ეს მოლაპარაკებები და გამუდმებით აწყობდა სხვადასხვა სახის პროვოკაციას. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, რადგანაც გამოიყენა არაადეკვატური ძალა, მაგრამ მარტო ერთი მხარე არაა დამნაშავე – ორივეს ბრალია. მე და ალანს გვინდოდა ამ ომის თავიდან აცილება - ამის გამო ჩავედი თბილისში - და მჯერა, შესაძლებელი იყო საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა.”

გაბიჩაევის ვარაუდით, სამხრეთ ოსეთიდან სიშორის მიუხედავად, ჩოჩიევი თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ შეწყვეტს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG